NASA: ინდოეთის მიერ განადგურებული თანამგზავრი ISS-ს საფრთხეს უქმნის
რამდენიმე დღის წინ ინდოეთმა ორბიტაზე საკუთარი თანამგზავრი გაანადგურა.
ეს ინდოეთის ანტითანამგზავრული სისტემის გამოცდა იყო, რომელიც NASA-ს ხელმძღვანელმა საშინელ აქტად შეაფასა. მისი თქმით, შეჯახებამ ორბიტაზე 400 სხვადასხვა ფრაგმენტი წარმოქმნა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და იქ მყოფ ასტრონავტებს საფრთხეს უქმნის.
ინდოეთის პრემიერ მინისტრმა სისტემის წარმატებული გამოცდის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა ინდოეთი სერიოზულ კოსმოსურ ძალას წარმოადგენდა.
ნასას ხელმძღვანელის, ჯიმ ბრიდენსტის თქმით, თანამგზავრის განადგურებამ უამრავი ისეთი პატარა ფრაგმენტი წარმოქმნა, რომელთა ტრაექტორიების მონიტორინგსაც ნასა ვერ ახერხებს.
"ჩვენ ამჟამად 10 სანტიმეტრზე დიდი 60 ობიექტის ტრაექტორიას ვაკვირდებით", - აცხადებს ის.
ინდური თანამგზავრის განადგურება შედარებით დაბალი სიმაღლის ორბიტაზე, დედამიწის ზედაპირიდან 300 კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა. საერთაშორისო კოსმოსური სადგური და თანამგზავრების უმეტესობა ბევრად უფრო მაღალი სიმაღლის ორბიტებზეა განთავსებული.
თუმცა ბრიდენსტინის თქმით, შეჯახების შედეგად გამოსროლილი 24 ფრაგმენტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სიმაღლეს აღწევს.
"წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც შენი ქმედებების გამო ორბიტაზე წარმოიქმნება ფრაგმენტები, რომელთა ორბიტალური აპოგეაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე უფრო მაღლაა. ასეთი აქტივობები ადამიანების კოსმოსში ყოფნას ხელს უშლის. ეს მიუღებელია", - აცხადებს ის.
აშშ ორბიტაზე არსებული ფრაგმენტების ტრაექტორიებს მუდმივად აკვირდება, რათა მათი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან ან სხვა თანამგზავრებთან შეჯახება თავიდან იქნეს აცილებული. ამჟამად ის 10 სანტიმეტრზე დიდი ზომის 23 000 ობიექტს ადევნებს თვალყურს. მათ შორისაა კოსმოსური ნაგვის 10 000 ფრაგმენტი, რომლიდანაც 3 000-ის წყარო 2007 წელს ჩინეთის მიერ ანტითანამგზავრული სისტემის გამოსაცდელად განადგურებული თანამგზავრია.
ინდოეთის მიერ ჩატარებული ცდის შედეგად კოსმოსური ფრაგმენტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეჯახების რისკი 10 დღეში 44 პროცენტით გაიზარდა. თუმცა ეს რისკი დროთა განმავლობაში დაიკლებს, რადგან აღნიშნული ფრაგმენტები ნელ-ნელა ატმოსფეროში შემოვლენ და დაიწვებიან.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თანამგზავრი განადგურებისას დაბალ ორბიტაზე იმყოფებოდა, რათა ორბიტაზე წარმოქმნილი ფრაგმენტების სხვა თანამგზავრებსა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეჯახების რისკი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ კოსმოსში პაწაწინა ფრაგმენტის შეჯახებასაც კი კატასტროფული შედეგების გამოწვევა შეუძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ ორბიტაზე ობიექტების მინიმალური სიჩქარე წამში დაახლოებით 7,8 კილომეტრია.
კომენტარები