Telegram-ის ახალი ფუნქციით თქვენს მიმოწერას ადრესატის მობილურიდანაც წაშლით
გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქცია საკომუნიკაციო აპლიკაციებში უკვე ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ტელეგრამმა ამ ფუნქციის შემდეგ დონეზე გადაყვანა გადაწყვიტა.
განახლების შემდეგ უკვე შეგეძლებათ ჩატში არა მხოლოდ თქვენი, არამედ სხვის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებებიც წაშალოთ. უფრო მეტიც, სულ რაღაც ორი დაწკაპუნებით თქვენ შეგიძლიათ ჩატის მთლიანი ისტორია გააქროთ, თანაც არა მხოლოდ თქვენს, არამედ სხვის მობილურშიც.
აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე საერთო ჩატებს არ ეხება.
კომპანიის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ძველი შეტყობინებების ბოროტად გამოყენების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება. ნებისმიერი რამ, რაც თქვენ დღეს თქვით, შესაძლოა ხვალ თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ახალი ფუნქცია კი შეტყობინებებზე სრულ კონტროლს გაძლევთ.
TechCrunch აცხადებს, რომ ეს ფუნქცია შესაძლოა იმდენადვე იყოს ზიანის მომტანი, რამდენადაც სასარგებლო. აღსანიშნავია, რომ მესიჯების წაშლის შემდეგ აპლიკაციაში არ რჩება არანაირი შეტყობინება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებელმა მესიჯი წაშალა. ეს ადამიანებმა შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ და ერთეული შეტყობინებების წაშლით ყალბი ჩატ ისტორია შექმნან. ასევე შესაძლებელია, რომ ეს ფუნქცია დამნაშავეებმა საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენონ და დანაშაულის კვალი მარტივად გააქრონ.
დუროვის თქმით, კომპანიას ეს საფრთხეები გააზრებული აქვს, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ საბოლოო ჯამში ეს ფუნქცია უფრო მეტად სასარგებლო იქნება, ვიდრე საზიანო.
კომენტარები