ეფლის ახალ AirPod-ებს უსადენო დატენვის ფუნქცია და Hey Siri-ს მხარდაჭერა აქვს
Apple-მა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყურსასმენების, AirPod-ების ახალი მოდელი გამოუშვა.
ახალი თაობის ეარპოდებში რამდენიმე სიახლეა, ახლა მათ უსადენო დატენვისა და Hey Siri-ს მხარდაჭერა აქვთ, ანუ ეფლის ხმოვანი ასისტენტის გამოყენება ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე შეგეძლებათ. ეარპოდები ასევე აღჭურვილია ახალი H1 ჩიპით, რომელიც ელემენტის ხანგრძლივობას აუმჯობესებს.
ახალი ეარპოდების უსადენოდ დატენვა Qi-ს სტანდარტის, აუ პრაქტიკულად ყველა უსადენო დამტენით იქნება შესაძლებელი. სხვა მხრივ, ახალი ეარპოდების ბუდე წინამორბედის თითქმის იდენტურია, გარდა პატარა მანათობელი ინდიკატორისა, რომელიც ელემენტის სიცოცხლისუნარიანობაზე მიუთითებს.
ეფლის თქმით, ახალ H1 ჩიპს, ძველ W1 ჩიპთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს. კერძოდ, ახალ ეარპოდებში სასაუბრო დრო ერთი საათითაა გაზრდილი, ასევე გაუმჯობესებულია მიკროფონის მიერ ჩაწერილი ხმის ხარისხი, მოწყობილობებთან დაკავშირება კი ახლა კიდევ უფრო სწრაფად ხდება.
ეფლი ახალ ეარპოდებს უსადენო და სტანდარტული ბუდით გაყიდის, მათი ფასი, შესაბამისად, $199 და $159 იქნება. კომპანია ასევე გაყიდის უსადენო დატენვის ფუნქციის მქონე ბუდესაც და ადამიანებს, რომლებსაც პირველი თაობის ეარპოდები აქვთ, უსადენო დატენვის ფუნქციის შეძენა თავად ეარპოდების განახლების გარეშე შეეძლებათ.
კომენტარები