იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლებში ვეღარ ივლიან
იტალიაში ამოქმედდა ახალი კანონი, რის შემდეგადაც აუცრელ ბავშვებს სკოლაში სიარული ეკრძალებათ.
კანონის მიხედვით პოლიომიელიტის, წითელას, ჩუტყვავილასა და ყბაყურას აცრა ქვეყანაში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა უნდა გაიკეთოს. მშობლებს ბავშვების ასაცრელად ვადა 10 მარტამდე ჰქონდათ
BBC-ს თქმით, სკოლები იმ ბავშვებს, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობას ვერ წარადგენენ, სახლებში აბრუნებს.
აუცრელ ბავშვებს სიარული არც ბაღებში შეეძლებათ. 6-დან 16 წლამდე მყოფ ბავშვებს სკოლებში სიარული ტექნიკურად მაინც შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში მშობლები 560 დოლარით დაჯარიმდებიან.
აღნიშნულ საკითხზე იტალიაში კამათი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ კანონის საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით გააქტიურდა ანტივაქცინაციური მოძრაობა, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რომ ვაქცინები დაავადებების თავიდან არიდების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გზაა.
იანვარში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ანტივაქცინაციური მოძრაობა კაცობრიობისათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა.
სექტემბერში დაახლოებით 1 000 იტალიელი ბავშვი, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო მიზეზის გამო იმუნური სისტემა შესუსტებული ჰქონდათ, იძულებულნი იყვნენ, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და სკოლა გაეცდინათ, რადგან მათ არ იცოდნენ, ჰქონდათ თუ არა მათ კლასელებს საჭირო აცრები გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, Youtube-მა ანტივაქცინაციური მოძრაობის არხებზე რეკლამების განთავსება აკრძალა.
კვლევებით ირკვევა, რომ იტალიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში წითელას აცრების სიხშირე დაახლოებით 85 პროცენტს ჩამოსცდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია კი 95 პროცენტია.
როდესაც ვაქცინაციის სიხშირე 95 პროცენტს აჭარბებს, მოსახლეობა კოლექტიური იმუნიტეტის ქვეშ ექცევა, ამ დროს დაავადებების გავრცელების შანსი იმდენად იკლებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აცრას ვერ იკეთებენ, ამ დაავადებებისგან დაცულნი არიან.
ვაქცინაცია კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია, რომლის გარეშეც ყოველწლიურად დამატებით მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა.
კომენტარები