NASA მარსიდან ნიმუშების ჩამოტანის მისიაზე მუშაობას იწყებს
1996 წლის შემდეგ ნასამ წითელ პლანეტაზე ოთხი წარმატებული მისია გაუშვა, ახლა კი, ნასას მარსიდან ნიმუშების ჩამოტანა სურს, რომლისთვისაც სპეციალური მისია შესაძლოა 2026 წელს განხორციელდეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ორგზიანი მისიის დაგეგმვას, რომლითაც დედამიწაზე მარსიდან ნიმუშებს ჩამოვიტანთ", - აცხადებს ნასას ხელმძღვანელი ჯიმ ბრიდენსტინი.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნასას მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმა საჯაროდ გაავრცელა, რომელიც ჯამში $21 მილიარდს აღწევს.
მარსიდან ნიმუშის ჩამოტანის მისიისათვის დაფინანსება კი ბიუჯეტის იმ სექციაში იყო მოთხოვნილი, რომელიც ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისებას ეხება.
დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად, შემდეგი რობოტი, რომელსაც წითელ პლანეტაზე ნასა დასვამს, Rosalind Franklin-ია, მისი გაშვება 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
NASA აცხადებს, რომ მარსიდან ნიმუშების ჩამოტანის მისია შესაძლოა სულ რაღაც 6-7 წელიწადში განხორციელდეს. თუმცა, ეს ძალიან ამბიციური თარიღია და მსგავსი მისიის გასანხორციელებლად უამრავი დაბრკოლების დაძლევა იქნება საჭირო.
"ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში მსგავსი მისიის განხორციელებას 2029 წლისთვის შევძლებთ, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. უფრო რეალური პასუხი, ალბათ 2031 წელია, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დავიწყებთ მსგავს მისიაზე აქტიურ მუშაობას", - აცხადებს NASA-ს მარსის კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელი და უფროსი მეცნიერი მაიკლ მეიერი.
მიუხედავად ამისა, ნასას მომდევნო წლის ბიუჯეტში მთავარი აქცენტი მაინც მთვარეზეა გაკეთებული, რომლისთვისაც 2020 წელს ნასა $500 მილიონს დახარჯავს. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია მთვარეზე დასაჯდომი ახალი მოდულების შექმნა, რომელთა საშუალებით მთვარეზე ტვირთი, საბოლოოდ კი ადამიანიც გაიგზავნება.
ბიუჯეტში ასევე ნახსენებია მთვარის ბაზაც, რომელიც შესაძლოა ადამიანებმა მზის სისტემაში უფრო შორეული მოგზაურობების დასაწყებად გამოიყენონ.
კომენტარები