ახალი ზელანდიელი ფერმერები ცხვრებს "მყეფარე დრონებით" მწყემსავენ
Radio New Zealand (RNZ) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ფერმერებს ძროხებისა და ცხვრების გასაკონტროლებლად ახალი საშუალება აქვთ - დინამიკებით აღჭურვილი დრონები, რომლებიც ცხოველებთან მიფრინავენ და მათ ძაღლების ყეფის ხმით აშინებენ.
"შემჩნეული მაქვს, რომ ხანში შესულ ძროხებს ძაღლები ზოგჯერ ვეღარ აფრთხობენ, დრონით კი მსგავსი შემთხვევა არ გვქონია", - აცხადებს მეცხვარე კორი ლამბეტი RNZ-სთან ინტერვიუში.
ლამბეტის დამსაქმებელი, ბენ ქროსლი აცხადებს, რომ მის ფერმაში ცხვრებისა და ძროხების სამართავად დრონები ნამდვილად გამოიყენება.
Washington Post აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, მაგალითად, ნათესების შესამოწმებლად დრონებს აქტიურად იყენებენ.
ფერმერმა ჯეისონ რენტოლმა RNZ-სთვის შარშან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორსაათიანი საქმე, რომელსაც ორი მეცხვარე და ძაღლების ორი გუნდი სჭირდებოდა, ერთი დრონით შესაძლებელია 45 წუთში შესრულდეს.
ახალი ზელანდიელი ფერმერები იმასაც აცხადებენ, რომ ძაღლები დრონებთან მუშაობას სწავლობენ.
"ძაღლებმა უკვე ისწავლეს, რომ თუ ერთ მხარეს დრონები დაფრინავენ, ისინი ცხვრებს საპირისპირო მხარიდან უნდა მიუდგნენ", - აცხადებს ჯეისონი.
ფერმერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დრონები ძალიან გამოსადეგია, ისინი ძაღლებს, რომლებსაც ცუდ ამინდში მუშაობა შეუძლიათ და ყოველ რამდენიმე საათში დამუხტვა არ სჭირდებათ, ჯერ ვერ ჩაანაცვლებენ.
"ფერმაში ძაღლებისათის ადგილი ყოველთვის იქნება, დრონების მთავარი მინუსი ის არის, რომ მათ ხშირი დამუხტვა და ელექტროენერგია სჭირდებათ", - აცხადებს ლამბეტი.
კომენტარები