ათწლიანმა კვლევამ აუტიზმსა და წითელას კომბინირებულ ვაქცინას შორის კავშირი ვერ იპოვა
ახლახან გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) კომბინირებულ ვაქცინას აუტიზმთან კავშირი არ აქვს.
კვლევა, რომელიც მეცნიერებმა დანიაში ჩაატარეს ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1999-დან 2010 წლამდე დანიაში დაბადებული 657 461 ბავშვი შეისწავლეს.
"კვლევა ძლიერად უჭერს მხარს მოსაზრებას, რომ წწყ ვაქცინები ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკს არ ზრდის, წწყ ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანაა კავშირში. აღნიშნული შედეგი თანხვედრაშია წინამორბედ კვლევებთან", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
მომდევნო ათწლეულში კვლევაში მონაწილე ბავშვებიდან 6 517-ს აუტიზმი დაუდგინეს. თუმცა, მეცნიერებმა იმ ბავშვებში, რომლებსაც წწყ ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული, აუტიზმის მომატებული რისკი ვერ აღმოაჩინეს.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებში, მაგალითად, მათში, რომლებსაც ჰყავდათ აუტიზმის მქონე და ან ძმა, ვაქცინის მიღების შემდეგ აუტიზმის გამოვლენის მაჩვენებელი არ გაზრდილა.
კვლევა დანიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ ნოვო ნორდისკის მიერ იყო დაფინანსებული, რომელიც იმ ფარმაცევტულ კომპანიასთანაა ასოცირებული, რომელიც წწყ ვაქცინას არ აწარმოებს.
ცრურწმენა, რომ წწყ ვაქცინები აუტიზმს იწვევს 1998 წელს გამოქვეყნებული, ახლა უკვე უარყოფილი კვლევის საფუძველზე გავრცელდა. კვლევა ექიმმა გაყალბებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა, თანაც მასში სულ 12 პაციენტი მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ყალბი იყო, მან საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა, სწორედ ამ კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბდა ანტივაქცინაციის მოძრაობა, რომელმაც ბოლო წლებში წითელას არაერთი აფეთქება გამოიწვია.
18 თებერვალს კოსტა რიკაში 2014 წლის შემდეგ წითელას პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ამის მიზეზი ქვეყანაში დასასვენებლად ჩასული მშობლები არიან, რომლებმაც დასასვენებლად საკუთარი შვილიც წაიყვანეს, რომელსაც წითელას აცრა გაკეთებული არ ჰქონდა.
ერთი თვის წინ კი წითელას აფეთქების გამო ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2019 წლის ათ ყველაზე დიდ საფრთხეს შორის ანტივაქცინაციური მოძრაობა დაასახელა.
"მოსაზრება, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს კვლავ არსებობს, მიუხედავად ჩვენი და სხვა უამრავ კვლევისა. მშობლები კვლავ ისმენენ პოლიტიკოსებისგან, ცნობილი ადამიანებისგან და საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ ვაქცინები შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ანდერს ვიდი.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს გამოიყენება. წითელა კი ადვილად გადამდები დაავადებაა, რომელსაც წითელას ვირუსი იწვევს.
უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს წითელას მკურნალობის რაიმე სპეციფიკური მეთოდი. წითელას გართულებები კი შესაძლოა პნევმონიით, თავის ტვინის ანთებით, ზოგჯერ კი სიკვდილითაც დასრულდეს.
დაავადებისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
კომენტარები