ამ 18 000-მილიამპერიან ელემენტში სმარტფონია ჩამონტაჟებული
თუ ნერვები გეშლებათ, როდესაც თქვენი ტელეფონის ელემენტი ყოველ წუთს ჯდება, ეს სიახლე თქვენთვისაა. კომპანია Energizer-მა 2019 წლის მსოფლიო მობილურ კონგრესზე ახალი ელემენტი, უფრო სწორად, სმარტფონი წარადგინა.
ახალ ტელეფონს 18 000-მილიამპერიანი ელემენტი აქვს, მისი სახელია Power Max P18K Pop.
კომპანიის მიერ გავრცელებული მონაცემებით ახალი ტელეფონი სისქეში სულ რაღაც 18 მილიმეტრია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დაახლოებით 3,5 აიფონის სისქისაა.
მსგავსი გაბარიტების მქონე ტელეფონის ჯიბეში ტარება მარტივი რამ არ არის, სამაგიეროდ კომპანია გვპირდება, რომ სმარტფონი დატენვის გარეშე ერთი კვირა გაძლებს. სმარტფონს 6,2-ინჩიანი LCD ეკრანი აქვს, წინა კამერა კი მექანიზირებულია, ის სმარტფონის ზედა ნაწილიდან მხოლოდ იმ მომენტში ამოდის, როდესაც ფოტოს გადაღება გვსურს. თუმცა, აღნიშნლი მექანიზმის გაუმართაობაზე ცნობები უკვე ვრცელდება.
სმარტფონს უკან კიდევ სამი კამერა აქვს, რაც შეეხება მის სხვა მახასიათებლებს, Power Max P18K Pop-ის ოპერატიული მეხსიერება 6 GB-ს შეადგენს, მოცულობა კი 128 GB-ს. მას სწრაფი დატენვის რეჟიმიც გააჩნია, რაც ასეთი სიდიდის ელემენტისათვის აუცილებელი ფუნქციაა. როგორც ცნობილია, მის სრულად დატენვას დაახლოებით რვა საათი სჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სმარტფონი სისწრაფითა და მოხერხებულობით არ ბრწყინავს, თუმცა თუ მოინდომებთ, ამ უზარმაზარ ტელეფონს გამოყენებას აუცილებლად უპოვნით. მაგალითად, ბუნებაში რამდენიმე დღით გასვლისას გარე ელემენტის ნაცვლად ახლა უკვე პირდაპირ 18 000-მილიამპერიან სმარტფონს წაიღებთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ დაგიჯდებათ, თანაც საჭიროების შემთხვევაში მისი საშუალებით ტყეში კაკალსაც დაამტვრევთ.
Power Max P18K Pop-ის შეძენა შესაძლებელი გაზაფხულიდან იქნება, გამოშვების შემდეგ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელემენტის მქონე სმარტფონი გახდება.
კომენტარები