მოწყენილმა პილოტმა ცაში პენისები დახატა
სამშაბათ დილას ავსტრალიაში ერთ-ერთმა პილოტმა საკუთარი საცდელი ფრენის განსახორციელებლად განსაკუთრებულად არტისტული მარშრუტი აირჩია.
ABC News ავრცელებს ინფორმაციას, რომ დილის 8:53-დან 11:57-მდე პილოტმა საცდელი ფრენისას ცაში საკუთარი მარშრუტით ორი პენისი დახატა, შემდეგ კი ფრაზა "I'M BORED" დაწერა. ამ ყველაფრის დანახვა კი მის მიერ განვლილი მარშრუტის "კვალზე" დაკვირვებით შეგვიძლია.
აღნიშნული ფრენის მარშრუტი Gizmodo-ს თვითმფრინავების სამეთვალყურეო კომპანია Flightaware-მა გაუზიარა.
"პილოტები ცაში საკმაოდ დიდი კრეატიულობით გამოირჩევიან ხოლმე და ისინი სხვადასხვა ფორმებისა და სიტყვების დაწერას ხშირად ცდილობენ", - განაცხადა Flightaware-ის წარმომადგენელმა.
წარმომადგენელმა პილოტების დახატული ფორმების შინაარსის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. თუმცა, მან პილოტების მიერ შესრულებული შედევრების კიდევ რამდენიმე მაგალითი გაგვიზიარა. ერთ-ერთი კი ქვემოთ მოცემული ტეხასური ხარია, რომელიც მათ სისტემაში ტეხასის უნივერსიტეტის ერთ-ერთი საფეხბურო მატჩის შემდეგ გამოჩნდა.
ავსტრალიის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წარმომადგენელმა პიტერ გიბსონმა განაცხადა, რომ მარშრუტებით სხვადასხვა ფორმების დახატვა იშვიათია, თუმცა მსგავსი შემთხვევები ზოგჯერ ნამდვილად ხდება.
"პილოტები საკუთარ მარშრუტს თვითონ გეგმავენ. ხოლო როგორ ჩანს ეს მარშრუტი რუკაზე, უკვე სხვა საკითხია", - აცხადებს გიბსონი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მარშრუტის უკან ადელაიდის საავიაციო სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პილოტი დგას, რომელიც ცენტრის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ თვითმფრინავში ახალ ძრავს ცდიდა.
ადელაიდის საავიაციო სასწავლო ცენტრის დირექტორი პაინ პინარი აცხადებს, რომ აღნიშნული მარშრუტი ზუსტად ამ ფორმით წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, ის ვარაუდობს, რომ პილოტმა ფრენისას უბრალოდ მოიწყინა.
"ისინი ახალგაზრდა ინსტრუქტორები არიან, რა გინდა რომ ქნა?", - განაცხადა პინარმა.
კომენტარები