კანადაში ხორცისმჭამელი, კანიბალი კურდღლები დააფიქსირეს - მოულოდნელი აღმოჩენა
ხშირად, როცა ადამიანი ბოსტნეულს ჭამს, ეუბნებიან, რა კურდღელივით იკვებებიო, თუმცა მეცნიერების მიერ მოპოვებული ფოტოებით ირკვევა, რომ კურდღლები სინამდვილეში ხორცისმჭამელები არიან.
კანადის ჩრდილო-დასავლეთში, იუკონში გავრცელებული კურდღლები ცივ ზამთარში საკუთარ რაციონში ხორცსაც ამატებენ. ზაფხულში ისინი მხოლოდ მცენარეებით კმაყოფილდებიან, თუმცა, როდესაც ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბლა ეცემა, კურდღლები მიტოვებული ლეშისა და ზოგიერთი სახეობის ფრინველის ჭამას იწყებენ.
"ირონიულია, რომ კურდღლები მკვდარ კანადურ ფოცხვერსაც ჭამენ, რომელიც კურდღლების მთავარი მტერია. თავდაპირველად ეს შოკისმომგვრელი აღმოჩენა იყო, მე წარმოდგენა არ მქონდა, რომ კურდღლებს შეიძლება ხორცი ეჭამათ. ჩემი აზრით, ხორცის ჭამა ზამთარში ცილების საკმარისი რაოდენობით მიღების მიზნით არის განპირობებული", - აცხადებს ალბერტას უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი და კვლევის ავტორი მაიკლ პიერსი.
პიერსმა ხორცისმჭამელი კურდღლები შემთხვევით მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მან ალასკის საზღვართან არსებულ ბილიკებზე დატოვებულ კურდღლების კარკასებთან სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა.
პიერსი ელოდა, რომ მტაცებლები ხორცის უფასო ულუფას სწრაფად შეჭამდნენ, თუმცა, 2,5 წლის განმავლობაში შეგროვებული კადრებით გაირკვა, რომ კურდღლების კარკასებს ისევ კურდღლებივე მიირთმევდნენ. ანუ, ყველაფერთან ერთად, ისინი კანიბალებიც აღმოჩნდნენ.
ცნობები კურდღლების მიერ ხორცის ჭამის შესახებ ჯერ კიდევ 1921 წლიდან არსებობს, თუმცა ამ დრომდე ეს შემთხვევითი, დაუსაბუთებელი მოსაზრებები იყო. ახლა კი კურდღლების მიერ ხორცის ჭამის ფაქტი კამერაზე აღიბეჭდა.
2010 წელს ბიოლოგი კევან ქაუჩილი ონტარიოს პროვინციაში ძუძუმწოვართა პოპულაციებს სწავლობდა, რის ფარგლებშიც მან ტყეში თევზის ნახევრად გახსნილი კონსერვები დატოვა. მისმა კამერებმა კი მგლებისა და სხვა მტაცებლების ნაცვლად, ხორცის კონსერვებთან კურდღლები დააფიქსირა.
"ისინი ორ ფეხზე დგებოდნენ და კონსერვებიდან სარდინებს ექაჩებოდნენ. ერთი კურდღელი ცხოველის კარკასთანაც დავაფიქსირე, თუმცა ჩავთვალე, რომ ის უბრალოდ ძვლებს ღეჭავდა. მე კურდღლების კბილების ანაბეჭდები მრავალ ძვალზე მინახავს. როგორც ჩანს, ისინი არა უბრალოდ ძვლებს ღრღნიდნენ, არამედ ხორცსაც ჭამდნენ", - აცხადებს ქაუჩილი.
კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ის არის, რომ კურდღლები ფრინველების კარკასებიდან ბუმბულებსაც მიირთმევდნენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებს მათი კუჭი ბუმბულების გადამუშავებას. ცხოველთა სამყაროში ბუმბულების საკვებად გამოყენება ძალიან, ძალიან იშვიათია.
ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული კვლევების დიდ ნაწილში ბალახისმჭამელებსა და ხორცისმჭამელებს შორის მკაცრი ზღვარის გავლება რთულდება.
მაგალითად, ვისკონსინში აღწერილია ძროხები, რომლებიც ფრინველების კვერცხებსა და ბარტყებს ჭამენ, ალასკაში კი თახვები მკვდარ ორაგულებს მიირთმევენ.
"ეს ძალიან საინტერესოა. ბალახისმჭამელი ცხოველების ნაწილი მკაცრად ბალახისმჭამელი სულაც არ არის. ზამთარში მათი უმეტესობა ცილების საკმარის რაოდენობას ვერ იღებს, ამიტომ, როგორც ჩანს, ხორცზეც არ ამბობს უარს", - აცხადებს კვლევის თანაავტორი რუდი ბონსტრა.
ბონსტრა ერთ საინტერესო შეკითხვასაც სვამს: ნადირობენ თუ არა კურდღლები პატარა ცხოველებზე?
ამის დამადასტურებელი ფაქტები ჯერჯერობით არ არსებობს, პიერსი კი აცხადებს, რომ ის აღნიშნულ საკითხზე კვლევის გაგრძელებას გეგმავს.
კომენტარები