მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გაეროს მარიხუანის სტატუსის შემსუბუქებას ურჩევს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) პირველად განაცხადა, რომ ის საერთაშორისო სამართალში მარიხუანისათვის სტატუსის შეცვლასა და რეგულაციების გადახედვას უჭერს მხარს, ამის ძირითადი მიზეზი ახალი მტკიცებულებების გაჩენაა, რომლითაც მარიხუანის სამკურნალო თვისებები დასტურდება.
მარიხუანა ამჟამად გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით მედიკამენტების მეოთხე კლასშია მოთავსებული, ამავე კლასში გხვდება ჰეროინიც, ეს ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი ნივთიერებების კატეგორიაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნარკოდამოკიდებულების საექსპერტო კომიტეტის (ECDD) აზრით, მარიხუანა და მარიხუანასთან დაკავშირებული პროდუქტების გადატანა ნივთიერებათა პირველ კლასში უნდა მოხდეს, ხოლო მარიხუანაზე დაფუძნებულ იმ პროდუქტებზე (CBD), რომლებიც ფსიქოაქტიურ ტეტრაჰიდროკანაბინოლს არ შეიცავს, საერთაშორისო კონტროლი საერთოდ უნდა მოიხსნას.
2018 წლის ნოემბერში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნარკოდამოკიდებულების საექსპერტო კომიტეტმა მარიხუანასა და მარიხუანაზე დაფუძნებული პროდუქტების სტატუსის გადახედვის საკითხი 1961 წლის შემდეგ პირველად დააყენა. ახლა კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კომიტეტის ეს რჩევები გაიზიარა, რის შემდეგაც რეკომენდაციების წერილი გაეროს გენერალურ მდივანს გადაეგზავნა.
WHO ნივთიერებების კლასიფიკაციას ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში ახდენს, პირველ კატეგორიაში ის ნივთიერებებია, რომლებიც შეიძლება სარისკო მიზნებისათვის იყოს გამოყენებული და დამოკიდებულება გამოიწვიოს, მეოთხე კატეგორიაში კი პირველ კატეგორიაში არსებული ის ნივთიერებები ხვდება, რომლებსაც, გარდა დამოკიდებულებისა და არასწორად გამოყენების რისკისა, არანაირი სამკურნალო თვისება არ გააჩნია. მარიხუანა ამჟამად ორივე კატეგორიაშია მოხვედრილი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გაეროს ურჩევს, რომ მარიხუანა და ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) მეოთხე კატეგორიიდან ამოიღოს და მხოლოდ პირველში დატოვოს.
"კომიტეტი აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლებსაც ეს ნივთიერებები შეიცავენ, ისევე როგორც იმ პოტენციურ სამკურნალო თვისებებს, რაც მათ გააჩნიათ. ამის გამო ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა ამ ნივთიერებების უფრო რაციონალური კლასიფიკაცია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ ნივთიერებებით მიერ გამოწვეული ზიანი და ამავე დროს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სამედიცინო მიზნებისათვის", - ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ კანაფის მცენარეში არსებული არაფსიქოაქტიური ნივთიერების, კანაბიდიოლისგან (CBD) დამზადებული პროდუქტები საერთაშორისო კონტროლიდან სრულად უნდა მოიხსნას.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული განხადება დაგვიანებულიც კია, 1961 წელს კანაფის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად შესწავლილი არ იყო. ახლა კი ახალი კვლევების საფუძველზე მარიხუანას მიმართ დამოკიდებულება იცვლება, საკურნალო მიზნით მისი გამოყენება უკვე 30 სხადასხვა ქვეყანაშია დაშვებული, მათ შორის არის კანადა, გერმანია, დანია, ფინეთი, ავსტრალია, მექსიკა, ისრაელი, არგენტინა და აშშ-ს ზოგიერთი შტატი, ეს სია კი მუდმივად იზრდება.
მარიხუანას სამკურნალო თვისებები გამოვლენილია ქრონიკული ტკივილის, ეპილეფსიის, დეპრესიისა და ფსიქოზის შემთხვევებისას. მარიხუანა კიბოს მქონე პაციენტებს ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შემსუბუქებაშიც ეხმარება.
ახალი კლასიფიკაცია კი ტეტრაჰიდროკანაბინოლისა და კანაბიდიოლის სამკურნალო თვისებების შესწავლას უფრო გააადვილებს.
"ეს რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია, მათი გათვალისწინების შემთხვევაში მოიხსნება უამრავი ბარიერი, რაც მეცნიერებს უფრო ღრმა კვლევების ჩატარების საშუალებას მისცემს, ხოლო პაციენტებისათვის კი მარიხუანაზე დაფუძნებული სამკურნალო პროდუქტები უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება. ეს ასევე ხელს შეუწყობს და გაადვილებს კანაფისგან დამზადებული პროდუქტებით ვაჭრობას მსოფლიოს მასშტაბით", - აცხადებს კანაფისა და კანაბინოიდების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი ეთან რუსო.
გაეროს ნარკოსაშუალებების კომისია აღნიშნულ რეკომენდაციებზე მარტში იმსჯელებს.
კომენტარები