მარსის შემსწავლელი გასაბერი თვითმფრინავის იაფი და ეფექტიანი კონცეფცია
მარსის შესწავლა ადვილი ამოცანა არ არის. თანამგზავრიდან გადაღებული სურათები საკმარისად დეტალური არაა, მარსმავალები კი ძალიან ნელა გადაადგილდებიან.
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი კონცეფცია, რომელიც ამჟამინდელ ტექნოლოგიებთან შედარებით ბევრად უფრო იაფი და ეფექტიანი იქნება. ეს გასაბერი თვითმფრინავია, რომლის წონაც სულ რაღაც ხუთი კილოგრამი იქნება, მისი ფრთების სიგანე კი თითქმის ექვსი მეტრი. ის მარსის ატმოსფეროში იფრენს და პლანეტის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის.
აღნიშნული დიზაინის მქონე თვითმფრინავს მარსზე პატარა ჩემოდნის ხელა CubeSat მიიტანს. ატმოსფეროში შესვლის შემდეგ კი თვითმფრინავი გაიშლება და ის აზოტით გაიბერება. CubeSat-ების უპირატესობა ის არის, რომ მათი გაშვება უფრო დიდი მისიების ხარჯზე შეიძლება, რადგან CubeSat-ები ხშირად რაკეტაში დარჩენილ იმ სივრცეს იყენებენ, რომელიც მთავარი მისიის მიერ აუთვისებელი რჩება.
თვითმფრინავის ფრთები ულტრაიისფერი სინათლის მიმართ მგრძნობიარე მასალით იქნება დაფარული, რომელიც მზის სინათლეზე გამაგრდება, რის შედეგადაც თვითმფრინავის სტრუქტურა მყარი გახდება.
ძრავად კი ის შეკუმშული ცივი გაზის სისტემას გამოიყენებს, რომლის საშუალებითაც ის დაახლოებით ორი კილომეტრის სიმაღლეზე იფრენს.
თვითმფრინავს სხვა ხომალდებისათვის ინფორმაციის შეგროვება და მომავალი მისიებისათვის დასაჯდომი ტერიტორიების შერჩევა შეეძლება.
გასაბერი თვითმფრინავის კონცეფცია მარსის შესწავლის ახალ მეთოდს გვთავაზობს. მისი საშუალებით მარსის ზედაპირის ძალიან დიდი გარჩევადობის ფოტოების მოპოვებას შევძლებთ, რომლებიც თანამგზავრულ სურათებთან შედარებით ბევრად უფრო დეტალური იქნება.
კომენტარები