ფოტო: InSight-ის პირველი სელფი მარსიდან
სამშაბათს აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ InSight-ის პირველი სელფი გამოაქვეყნა, რომელიც 11 სურათის შეერთებით არის მიღებული.
ფოტოში ვხედავთ რობოტის მზის ელემენტებს, ამინდის სენსორსა და სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტებს.
InSight მარსზე 26 ნოემბერს შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ დაეშვა. მისია InSight, რომელიც ჯამში 830 მილიონი დოლარი დაჯდა, მარსზე ექვსი წლის წინ გაგზავნილი რობოტის, Curiosity-ს შემდეგ პირველი ხომალდია, რომელიც წითელ პლანეტაზე დაეშვა.
Curiosity-სგან განსხვავებით, ხომალდი InSight მარსის ზედაპირზე სტაციონარულად იქნება განთავსებული. მისი მიზანი მარსის გეოლოგიის შესწავლაა. ის სეისმომეტრითა და სპეციალური თერმომეტრით არის აღჭურვილი, რომელიც მიწის ქვეშ დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე განთავსდება.
რობოტი მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით არის განთავსებული. ამ რეგიონში მზის სხივები ყველა სეზონზე აღწევს, ეს კი რობოტის მზის ელემენტებს ენერგიით მუდმივად მოამარაგებს.
კომენტარები