ვიდეო: მეცნიერებმა იმუნური სისტემის უჯრედებზე აქამდე უცნობი სტრუქტურები აღმოაჩინეს
ჩვენ ყოველდღიურად უამრავ თვალით უხილავ პათოგენთან გვიწევს შეხვედრა, თუმცა ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენს გვერდით იმუნური სისტემის მრავალფეროვანი უჯრედები დგანან, რომლებიც ჩვენს გადასარჩენად მუდმივად იბრძვიან.
ადამიანის იმუნური სისტემა ძალიან რთულ საქმეს ასრულებს, ამიტომაც მეცნიერებმა მისი მუშაობის შესახებ კვლავ ბევრი რამ არ იციან. ახლახან მეცნიერებმა იმუნური სისტემის ერთ-ერთი ტიპის უჯრედებზე ახალი სტრუქტურები დააფიქსირეს, რომლის არსებობაც აქამდე ცნობილი არ იყო.
ვიდეოში იმუნური სისტემის უჯრედები ჩანს, რომლებზეც ახლად აღმოჩენილი სტრუქტურები მწვანე ფერით არის მონიშნული.
ეს სტრუქტურები სისხლის თეთრ უჯრედებზე, მაკროფაგებზეა განლაგებული, რომელთა მოვალეობაც ორგანიზმში მიკრობების, სიმსივნის უჯრედების, უცხო სხეულებისა და სხვა ნარჩენების აღმოჩენა და შთანთქმაა. აღმოჩენილი სტრუქტურები მაკროფაგებს ეხმარება, "ჩაყლაპონ" მათ გარშემო არსებული სითხე და დარწმუნდნენ, რომ მასში არანაირი საფრთხის შემცველი ნივთიერება ან ბაქტერია არ არის.
ამ სტრუქტურების უნიკალური ფორმა მაკროფაგებს საშუალებას აძლევს, რომ მოხერხებულად მოგროვონ და შთანთქონ მათ გარშემო არსებული სითხე - პროცესი, რომელსაც მაკროპინოციტოზი ეწოდება.
ამ სტრუქტურების აღმოჩენა რამდენიმე წლის წინ შექმნილი ახალი ტიპის მიკროსკოპით მოხდა, რომელსაც რამდენიმე წამში მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიანი სურათების მიღება შეუძლია.
ეს და სხვა მსგავსი ტიპის ვიდეოები საშუალებას მოგვცემს, რომ უკეთ შევისწავლოთ ისეთი რთული პროცესი, როგორიც მაკროპინოციტოზია, რომელსაც მაკროფაგების გარდა სიმსივნის უჯრედებიც იყენებენ. კიბოს გადაგვარებული უჯრედები ამ პროცესის საშუალებით მის გარშემო არსებულ საკვებ ნივთიერებებს შთანთქავენ, რომელთაც შემდეგ გამრავლებისა და გაზრდისთვის იყენებენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ისინი ამ სტრუქტურების მუშაობის შეფერხებას შეძლებენ, ეს სიმსივნის უჯრედებს გამრავლების საშუალებას აღარ მისცემს.
კომენტარები