კვლევა: არ არსებობს ალკოჰოლის რაოდენობა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და დეტალური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ამის შესახებ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტიდან ვიგებთ, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა დაავადებების მიზეზებსა და შედეგებს შეისწავლის.
კვლევის მიხედვით, 2016 წელს ალკოჰოლმა 2.8 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ის ასევე 15-დან 49 წლამდე ადამიანებში ნაადრევი სიკვდილის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.
კვლევაში ნათქვამია, რომ თუ ალკოჰოლის მოხმარება ასეთივე ტემპებით გაგრძელდება, ეს საზოგადოებას მომავალში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ გაცემულ რეკომენდაციებში ხშირად შევხვდებით მოსაზრებას, რომ დღეში ერთი ჭიქა ღვინის ან ლუდის დალევა სასარგებლოც კი არის.
"ჩვენი შედეგები კი მიუთითებს, რომ ყველაზე უსაფრთხო არა დღეში ერთი ჭიქა, არამედ ალკოჰოლზე სრულად უარის თქმაა", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა ჯანმრთელობის მონაცემების შემსწავლელმა ინსტიტუტმა ჩაატარა. მათ 694 სხვადასხვა სტატია განიხილეს, რომელშიც 1990-დან 2016 წლამდე 195 ქვეყნის მონაცემები იყო თავმოყრილი.
წლების განმავლობაში საზოგადოებაში მიღებული იყო მოსაზრება, რომ ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება ჯანმრთელობისთვის კარგია. მაგალითად, გავრცელებული აზრი იყო, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულზე დადებითად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ალკოჰოლის მცირე დოზით მოხმარების გარკვეულ დადებით გავლენას არ უარყოფენ, ისინი ამბობენ, რომ მცირე დოზით მოხმარების დროსაც კი მისი უარყოფითი ეფექტები დადებითს რამდენჯერმე აჭარბებს.
ალკოჰოლი 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, განსაკუთრებით კი - ქალებში. კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში კიბოთი გარდაცვლილი ქალების 27.1 პროცენტში დაავადების გამომწვევი სწორედ ალკოჰოლი იყო, კაცებში კი 18.9 პროცენტი.
ახალგაზრდა ადამიანებში ალკოჰოლის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა ძირითადად ტუბერკულოზით, საგზაო შემთხვევებით და საკუთარი თავის დაზიანებით არის გამოწვეული.
მართალია, ადამიანები, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა ალკოჰოლს სვამენ დიდი რისკის ქვეშ არ არიან, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლის რაოდენობის ოდნავ ზრდასთანაც ერთად რისკი სწრაფადვე იმატებს. დედამიწაზე მცხოვრები 7.5 მილიარდი ადამიანიდან ალკოჰოლს 2.4 მილიარდი მოიხმარს. ალკოჰოლს ქალების მეოთხედი და კაცების 39 პროცენტი სვამს.
"ალკოჰოლი უდიდესი გლობალური პრობლემაა და მისი მცირე მოხმარებით მიღებული სარგებელი ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რომელსაც სასმელი იწვევს", - ამბობენ მეცნიერები.
კვლევაში ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებიც არის განხილული. მათი აზრით, საჭიროა შეზღუდვების დაწესება ალკოჰოლის რეკლამირებაზე და იმ ადგილებზე, სადაც ის იყიდება, თუმცა კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი დევიდ სპიგელჰალტერი აცხადებს, რომ კვლევა ალკოჰოლის ზომიერად მოხმარების შემთხვევაში საკმაოდ დაბალ რისკებს აჩვენებს.
"თუ ალკოჰოლის ზომიერად მოხმარებისას მიღებულ სიამოვნებას გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვით, რომ მასზე სრულად უარის თქმა ერთადერთი დასაშვები ვარიანტია. ასევე არ არსებობს მანქანის მართვის სრულად უსაფრთხო მეთოდი, თუმცა რატომღაც არც ერთი ორგანიზაცია ან მთავრობა მანქანის მართვისგან თავის შეკავებას არ გვირჩევს. ალბათ ისიც მართალი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სრულად უსაფრთხოდ და რისკის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ამის გამო მასზე უარის თქმას არავინ აპირებს," - ამობს დევიდ სპიგელჰალტერი.
კომენტარები