National Geographic-ის სტატია "სახის ისტორია" უპრეცედენტო ტრანსპლანტაციაზე, იდენტობასა და იმედზე გვიყვება
სტატია, რომელიც ჟურნალ National Geographic-ის სექტემბრის გამოცემაში დაიბეჭდება, ამერიკის ისტორიაში სახის ტრანსპლანტაციის ყველაზე ახალგაზრდა რეციპიენტის, ქეითი სტაბლფილდის ამბავს მოგიყვებათ. ეს ერთგვარი ემოციური კარუსელია, რომელიც ადამიანის შინაგანი სამყაროს სიღრმეებიდან იწყება და სამეცნიერო მიღწევების მწვერვალებზე მთავრდება. სტატიაზე National Geographic-ის ჟურნალისტების გუნდი, მათ შორის ფოტოგრაფები და ვიდეოოპერატორები ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.
რატომ არის სახის ტრანსპლანტაციის ეს ოპერაცია ასეთი გამორჩეული?
18 წლის ქეითის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც მან თვითმკვლელობის იმპულსური გადაწყვეტილება მიიღო, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ მას ცხვირი, ყბები, პირი, მხედველობის ორგანოები, შუბლისა და სახის ნაწილი წაართვა. სამი წლის შემდეგ კი ქეითისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, ადრეა ბენინგტონი 31 წლის ასაკში ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარების გამო დაიღუპა.
ეს ორი ტრაგედია ერთმანეთს სამუდამოდ მაშინ დაუკავშირდა, როდესაც 2017 წელს ქეითის ადრეას სახე გადაუნერგეს.
ქეითის მშობლებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ამბავი მსოფლიოსთვის გაეზიარებინათ. ქეითი მსოფლიოში მე-40 ადამიანია, რომელსაც სახის ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა. ქეითის შემთხვევა მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო და მასზე პროფესიონალი ექიმების გუნდი წლების განმავლობაში ერთობლივად მუშაობდა.
ქეითის ოპერაციები აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის მიერ დაფინანსდა, რომელიც სამხედრო პირების სახის ბალისტიკურ ტრამვებზე მუშაობს.
რატომ არის ეს სტატია ასეთი გამორჩეული?
ეს ისტორია მოიცავს უახლეს სამეცნიერო კვლევებსა და სამედიცინო მიღწევებს, რომლებიც ურთულესი ტრავმების საპასუხოდ აღმოცენდა.
სტატიის ავტორმა ჯოანა კონორსმა და ფოტოგრაფებმა მარტინ შელერმა და მეგი სტებერმა ასობით საათი გაატარეს ქეითთან, მის მშობლებთან და ექიმებთან ერთად და მისი ამბავი კლინიკაში მოყვანის მომენტიდან აღწერეს. ოპერაციებისა და რეაბილიტაციის აღწერის გარდა, აქ ნახავთ ამ ორი ოჯახის მიერ განვლილ ურთულეს გზას და დაფიქრდებით იმაზე, რეალურად სად იწყება ან სრულდება ადამიანის იდენტობა.
"სახის ისტორია" მხოლოდ სამედიცინო პროცედურაზე არ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია იმედის, გამძლეობის, გარეგნული იერისა და შინაგანი სამყაროს მიმართების, იდენტობის, ოჯახური სიყვარულის ძალისა და ახალი დასაწყისის შესახებ.
სრული სტატიის წაკითხვა ქართულ ენაზე National Geographic საქართველოს ახალ ნომერში შეგიძლიათ.
კომენტარები