მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორ წლამდე ასაკში შაქრის ძალიან მცირე რაოდენობით მიღება, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ თავის ტვინს იცავდეს. კვლევამ შეისწავლა, როგორ იმოქმედა გაერთიანებულ სამეფოში შაქრის რაციონირების დასრულებამ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გაერთიანებულ სამეფოში, სურსათზე, მათ შორის შაქარზე, მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და თითოეულ ადამიანს კვირაში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის შაქრის ყიდვის უფლება ჰქონდა. ამ სისტემას შაქრის რაციონირება ეწოდება. კვლევამ შეისწავლა, რა გავლენა იქონია ამ შეზღუდვის მოხსნამ, რომლის შემდეგაც ადამიანების რაციონში შაქრის რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ვინც შაქრის რაციონირების პერიოდში ბავშვი იყო, დემენციის განვითარების 23%-ით ნაკლები რისკი ჰქონდა.

კვლევა ამას გადაჭრით ვერ ამტკიცებს, თუმცა ექსპერტების თქმით, ჯანსაღი კვება თავის ტვინისთვის ყოველთვის სასარგებლოა. ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ სიცოცხლის პირველი 1000 დღე ჩვენი მომავალი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია.

ქალები თავიანთი სასურსათო ბარათებით ომის წლების ლონდონში, პეტიკოუთ ლეინის ბაზარში.

ფოტო: Getty Images

ამ "ბუნებრივ ექსპერიმენტს" არაერთი კვლევა სწავლობს — 1953 წლის სექტემბერში შაქრის რაციონირება დასრულდა და საშუალო მოხმარება მაშინვე გაიზარდა: დღეში დაახლოებით 41 გრამიდან (10 ნატეხი შაქარი) 80 გრამამდე (20 ნატეხი შაქარი).

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ წლების შემდეგ ამან მე-2 ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის შემთხვევები გაზარდა.

ახალი ანალიზი ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ჩაატარა. მკვლევრები იმ ბავშვებს აკვირდებოდნენ, რომლებიც შაქრის რაციონირების პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ იზრდებოდნენ. მათი მტკიცებით, ორ წლამდე ასაკში შაქრის რაციონირებამ დემენციის რისკი 23%-ით შეამცირა, ხოლო დაავადება საშუალოდ ორ-ნახევარი წლით გვიან ვლინდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სასუსნავი: ბოსტნეული ჩხირზე

ფოტო: Getty Images

"ჩვენი მიგნებები მიუთითებს, რომ სიცოცხლის ყველაზე ადრეულ ეტაპზე შაქრის შეზღუდვას, შესაძლოა, თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი დადებითი ეფექტი ჰქონდეს", — აღნიშნა მკვლევარმა ჯიაჟენ ჟენგმა. თუმცა, ჟენგის თქმით, იმის დასადგენად, ნამდვილად შაქარია თუ არა ამის მიზეზი, "დამატებითი კვლევებია საჭირო".

"შესაძლოა, ეს მართლაც საინტერესო მიგნების კვალია", — ამბობს რეიჩელ რიჩარდსონი, Cochrane-ის (დამოუკიდებელი არაკომერციული ქსელი, რომელიც სამედიცინო კვლევებს აგროვებს და აჯამებს) მეთოდოლოგიური მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ეს არ არის "უდავო მტკიცებულება" იმისა, რომ ადრეულ ასაკში შაქრის მიღება დემენციას უკავშირდება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, კვლევაში მონაწილე თითოეული ადამიანი რეალურად რამდენ შაქარს მოიხმარდა. ცნობილია მხოლოდ ის, როდის დაიბადნენ ისინი შაქრის რაციონირების პერიოდთან შედარებით.

"ეს მტკიცებულება 1940-იან და 1950-იან წლებში დაბადებულ ადამიანებს ეხება, ამიტომ დღევანდელ ბავშვებზე მისი გავრცელება რთულია. მაგალითად, იმ დროს ბავშვები დამატებით კვებაზე უფრო ადრე გადადიოდნენ, რასაც ჩვილებისა და ბავშვების ადრეულ კვებაზე დიდი გავლენა ჰქონდა", — თქვა რიჩარდსონმა.

"ეს საინტერესო იდეაა, რომელიც დისკუსიას აჩენს, მაგრამ ჩემი აზრით, მეტი მტკიცებულებაა საჭირო", — აღნიშნა ასტონის უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაციის პროფესორმა იან მეიდმენტმა.

მისივე თქმით, 80 წლის წინანდელ მოვლენას თუ დღევანდელ ჯანმრთელობასთან დავაკავშირებთ, "უამრავი" სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც, შესაძლოა, ამ ყველაფერში თავისი როლი ჰქონდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.