Ford ადამიან ინჟინრებს უბრუნდება, რადგან AI-მ ხარისხის კონტროლი ვერ უზრუნველყო
ავტომწარმოებელმა Ford-მა ხარისხის კონტროლის ავტომატიზებული სისტემების ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანიაში გამოცდილი ინჟინრები დააბრუნა, რამაც რეიტინგში ლიდერობა მოუტანა.
ფოტო: Getty Images
საავტომობილო გიგანტმა Ford-მა ხარისხის კონტროლში ხელოვნური ინტელექტის ხარვეზების გამო გამოცდილი ინსპექტორები დააბრუნა. ამ გადაწყვეტილების შედეგად კომპანია JD Power-ის ხარისხის რეიტინგში 2010 წლის შემდეგ პირველად ლიდერობს.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, კომპანიამ ბოლო წლებში ხარისხის 300-ზე მეტი გამოცდილი ინსპექტორი ხელახლა დაასაქმა, რათა ავტომატიზებული სისტემების ხარვეზები გამოესწორებინა. ამ ნაბიჯის შედეგად Ford ამერიკულ წამყვან ავტომწარმოებლებს შორის პირველ ადგილზე დაბრუნდა JD Power-ის საწყისი ხარისხის კვლევაში (Initial Quality Study), რომელშიც ლიდერის პოზიცია მას 2010 წლის შემდეგ აღარ ჰქონია.
მანამდე, ხარისხის პრობლემების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად და მიწოდების შეფერხებების შესამცირებლად, Ford-მა თავის ქარხნებში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი 900 კამერა დაამონტაჟა. ოქტომბერში კომპანიის საოპერაციო დირექტორმა კუმარ გალჰოტრამ განაცხადა, რომ ტექნოლოგია მთელ სამრეწველო სისტემაში დაინერგებოდა. თუმცა აღნიშნულმა სისტემებმა კომპანიის მოლოდინი ვერ გაამართლა.
Ford-ის ავტომობილების ტექნიკური უზრუნველყოფის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ პუნმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ ტექნოლოგიამ ხარვეზები გამოავლინა. მისი თქმით, კომპანიამ არასწორი გათვლა გააკეთა.
"შეცდომით ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და ჩვენი დიზაინის მოთხოვნების ათვისება მაღალი ხარისხის პროდუქტს შექმნიდა", — განაცხადა პუნმა.
ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ წინა წლებში კომპანიამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ყველაზე მცოდნე ინჟინრების გამოცდილებას, რომლებიც პროდუქტის მრავალი ციკლის განმავლობაში მათთან ერთად მუშაობდნენ.
"ხელოვნური ინტელექტი ფანტასტიკური ინსტრუმენტია, მაგრამ ის მხოლოდ იმდენადაა კარგი, რამდენად კარგიცაა ინფორმაცია, რომელსაც მის გასაწვრთნელად იყენებ", — აღნიშნა მან.
პუნის თქმით, ავტომატიზებულ ინსტრუმენტებს გამოცდილი ტექნიკოსების მომზადება და ცოდნა აკლდა; ბევრმა მათგანმა კომპანია იქამდე დატოვა, სანამ მათ ცოდნას ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენებდნენ. მან აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლები მას შემდეგ ხელახლა დააბრუნეს, რათა სისტემები გაეწვრთნათ და ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის მენტორობა გაეწიათ.
"გავაცნობიერეთ, რომ ავტომატიზაციის, მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი ინსტრუმენტის გასაუმჯობესებლად, უნდა უზრუნველგვეყო, რომ ისინი ყველაზე გამოცდილმა ადამიანებმა გაწვრთნან", — თქვა Ford-ის ვიცე პრეციდენტმა.
Ford AI-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მოგების ზღვრის გაზრდის მოლოდინის ფონზე აჰყვა. 2025 წლის ივნისში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ მწერალ უოლტერ აიზაქსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ხელოვნური ინტელექტი ოფისის ბევრ თანამშრომელს უკან მოიტოვებს". თუმცა პრაქტიკამ საპირისპირო აჩვენა.
ამ სიახლის აღმნიშვნელ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ "უმაღლესი ხარისხის მისაღწევად კადრების მნიშვნელოვანი განახლება იყო საჭირო". მისი თქმით, ეს ინჟინერიის, მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების მიმართულებით მაღალი რგოლის ხელმძღვანელების ჩანაცვლებას მოიცავდა, აგრეთვე დაახლოებით 300 გამოცდილი ინჟინრის დასაქმებას, "რომლებსაც ავტომობილების პროექტირებაში ათწლეულების გამოცდილება აქვთ დაგროვილი".
კომენტარები