აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
ფოტო: NASA/Daniel Rutter
ასტრონომებმა ჩვენგან 1000-ზე მეტი სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტები აღმოაჩინეს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიმკვრივის ციური სხეულებია. ისინი საერთო ვარსკვლავის გარშემო დააფიქსირეს და ისიც დაადგინეს, რომ ეს ობიექტები განსაკუთრებულად ცხელიც არაა, რაც ახალ მიგნებას გამოარჩევს.
დედამიწის საშუალო სიმკვრივე ყოველ კუბურ სანტიმეტრზე 5.51 გრამია და ამ მაჩვენებლით მზის სისტემაში პირველობას ინარჩუნებს. მეორე ადგილზე მერკურია, ხოლო გიგანტური პლანეტები ნაკლებად მკვრივია, რადგან ძირითადად აირებისგან შედგება. მაგალითად, სატურნის სიმკვრივე წყლისას ჩამოუვარდება.
ღრმა კოსმოსში კიდევ უფრო საინტერესო ობიექტებია. ერთ-ერთი ასეთია 2022 წელს აღმოჩენილი TOI-3757b, რომელსაც სატურნის ნახევარი სიმკვრივე აქვს — 0.27 გრამი თითო კუბურ სანტიმეტრზე. ასეთ ეგზოპლანეტებს ის აქვთ საერთო, რომ თითოეული მათგანი საკუთარ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობს და იმდენად ცხელია, რომ "იბერება". შედეგად ვიღებთ სხეულებს, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინის მსგავსია (0.05 გ/სმ3).
სწორედ ამიტომ იყო მოულოდნელი ზემოხსენებული ორი ეგზოპლანეტის — TOI-791b-ისა და TOI-791c-ის — მაჩვენებლები. პირველის სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე სულ რაღაც 0.038 გრამია, ხოლო მეორისა 0.047-ს უტოლდება. საქმე ისაა, რომ ისინი ვარსკვლავთან ახლოსაა, მაგრამ სხვებივით ძალიან არ ცხელდება. ასევე, ორივე მათგანის მასა ისეთია, როგორსაც დედამიწაზე 2-3-ჯერ განიერი მყარი ობიექტებისგან უნდა ველოდოთ და არა აირის გიგანტებისგან.
ეგზოპლანეტის სიმკვრივის დასადგენად მისი მასა და ზედაპირის ფართობი უნდა ვიცოდეთ. აღნიშნულ მონაცემებს იმ გავლენაზე დაკვირვების გზით ვიღებთ, რაც ციურ სხეულს საკუთარ ვარსკვლავზე აქვს. ზოგჯერ მხოლოდ ერთი მახასიათებელი ვლინდება, მაგრამ TOI-791-ის სისტემის შემთხვევაში გაგვიმართლა.
იქ მდებარე ეგზოპლანეტები ტელესკოპ TESS-ით მაშინ დააფიქსირეს, როცა ისინი ჩვენი პერსპექტივიდან ვარსკვლავის დისკოს წინ მოძრაობდა და მის სინათლეს ბლოკავდა. შემდეგ ობიექტებისკენ ანტარქტიდაზე მდებარე ტელესკოპი ASTEP მიმართეს და მათი 11-საათიანი გადაადგილება (ტრანზიტი) მთლიანად აღბეჭდეს. სწორედ ასე განსაზღვრეს სიმკვრივეები.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი ეგზოპლანეტები ვარსკვლავისგან მოშორებით წარმოიქმნება, სადაც წყალბადი და ჰელიუმი უფრო ჭარბადაა, ვიდრე შედარებით მძიმე ელემენტები. შემდეგ ისინი მნათობთან ახლოს ინაცვლებს და მაღალი ტემპერატურის გავლენით "იბერება". დიდი ალბათობით, ასტრონომების მიერ დაფიქსირებულმა ამ ორმა ეგზოპლანეტამ ეს გზა ერთად გაიარა, რაზეც მათი ორბიტალური პერიოდების 5:3-იანი თანაფარდობაც მიანიშნებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

კომენტარები