AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეულმა მეხსიერების ბარათების გლობალურმა დეფიციტმა სამომხმარებლო ტექნიკის მკვეთრი გაძვირება და ბაზარზე მიწოდების შეფერხება გამოიწვია. რას უნდა ველოდოთ მომავალში?
ფოტო: The Logic
თუ ბოლო პერიოდში ახალი ლეპტოპის შეძენა ან სათამაშო კონსოლის განახლება გადაწყვიტეთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ მოწყობილობები უჩვეულოდ გაძვირდა. ეს პრობლემა შემთხვევითი არ არის და ის გლობალურ ბაზარზე არსებულ მწვავე კრიზისს უკავშირდება.
ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მონაცემთა გიგანტური ცენტრების მშენებლობამ მეხსიერების ჩიპებზე უპრეცედენტო მოთხოვნა გააჩინა, რამაც ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პროდუქტები მკვეთრად გააძვირა.
რა ხდება ტექნოლოგიურ ბაზარზე?
გლობალური მეხსიერების ჩიპების ბაზარს, კერძოდ DRAM და NAND ტექნოლოგიებს, ძირითადად სამი გიგანტი აკონტროლებს. კომპანიები Samsung, SK Hynix და Micron ერთობლივად მსოფლიო მეხსიერების ჩიპების 90%-ზე მეტს აწარმოებენ.
Forbes-ის ანალიტიკური მონაცემებით, უახლესი სტანდარტების შესაბამისი DRAM საწარმოს მშენებლობა, მხოლოდ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და აღჭურვილობის ხარჯების გარეშე, 15-დან 20 მლრდ აშშ დოლარამდე ჯდება. ამგვარი კოლოსალური ინვესტიციის საჭიროების გამო, მწარმოებლებს არ შეუძლიათ სწრაფად გაზარდონ მიწოდება, ხოლო არსებულ რესურსებს ხელოვნური ინტელექტის სერვერები ითვისებენ. ეს, მთლიანობაში, სამომხმარებლო მოწყობილობების წარმოებისთვის განკუთვნილი ჩიპების დეფიციტს იწვევს.
როგორ მივედით ამ კრიზისამდე?
პრობლემა ახლა არ დაწყებულა. ბაზარზე ნახევარგამტარების კრიზისზე ჯერ კიდევ 2022 წელს ვწერდით, თუმცა ხელოვნურ ინტელექტზე მზარდ მოთხოვნაზე საპასუხოდ საჭირო მონაცემთა ცენტრების რაოდენობამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
ასევე იხილეთ: რატომ ძვირდება ტექნიკა ყოველდღიურად — ნახევარგამტარების დეფიციტის სათავეებთან
კრიზისმა პიკს 2026 წლის დასაწყისში მიაღწია, როდესაც სისტემური მეხსიერების (RAM) ფასებმა გერმანიის საცალო ბაზარზე კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით 440%-იან ზრდას მიაღწია. გერმანული კვლევითი ორგანიზაცია 3D Center-ის მონაცემებით, მიუხედავად მცირედი დასტაბილურებისა, ფასები კვლავაც 400%-ით გაძვირებული რჩება. ამავდროულად, დრამატულად გაიზარდა მყარი დისკების ღირებულებაც: თუ 2026 წლის იანვარში წლიური ფასების მატება მხოლოდ 14%-ს შეადგენდა, მაისში ამ მაჩვენებელმა 34%-ს მიაღწია, ხოლო ივნისში ინფლაციამ უკვე 58%-ს გადააჭარბა.
სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა საცალო SSD ბაზარზე, რომელიც პრაქტიკულად გაქრობის პირასაა. SSD კონტროლერების უმსხვილესი მწარმოებლის, კომპანია Silicon Motion-ის ვიცე-პრეზიდენტი ნელსონ დუანი (Nelson Duann) აღნიშნავს, რომ "საცალო SSD ბაზარი თითქმის გაქრა". სილიკონ მოუშენის წარმომადგენლის განმარტებით, მიზეზი NAND ჩიპების დეფიციტია, რის გამოც მწარმოებლები იძულებულები არიან კონტროლერები და მოდულები პირდაპირ მსხვილ კომპიუტერულ ბრენდებს (OEM) მიაწოდონ, რათა მათ წარმოების შეჩერება აიცილონ თავიდან.
რა გავლენა მოახდინა დეფიციტმა მომხმარებლებზე?
კომპონენტების გაძვირებამ უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტები აიძულა, რადიკალური ზომებისთვის მიემართათ. კომპანიამ Microsoft თავის შედარებით ბიუჯეტურ Surface Pro (849 აშშ დოლარი) და Surface Laptop (949 აშშ დოლარი) მოწყობილობებში ოპერატიული მეხსიერება 16 გიგაბაიტიდან 8 გიგაბაიტამდე შეამცირა, რათა საწყისი ფასი შეენარჩუნებინა. ამასთანავე, მაიკროსოფტმა 100 აშშ დოლარით ან მეტით გააძვირა თავისი სათამაშო კონსოლები. კერძოდ, Xbox Series S კონსოლის საწყისი ფასი 499,99 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ „კონსოლის შენახვისა და მეხსიერების ფასები 2,5-ჯერ მეტად გაიზარდა და 2027 წლის შემოდგომისთვის კიდევ ერთ გაორმაგებას ველოდებით“.
ასევე იხილეთ: ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ
ფასების ზრდას ვერც Apple გადაურჩა. ეფლის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მეხსიერების კომპონენტების გაძვირება აიძულებს კომპანიას, ფასები გაზარდოს სამომხმარებლო პროდუქტებზე, მათ შორის MacBooks, iPads და განსაკუთრებით iPhones ხაზზე. მაგალითად, ბიუჯეტური ლეპტოპის, MacBook Neo-ს საწყისი ფასი 599 აშშ დოლარიდან 699 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეფლის წარმომადგენლებმა Bloomberg-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი მასშტაბის წნეხი კომპანიის ისტორიაში "არასოდეს უნახავთ".
ამავე მიზეზით, კომპანია Valve-ის მიერ ახლახან წარდგენილი Steam Machine კონსოლის საწყისი ფასი 1 049 აშშ დოლარი გახდა, რაც თავდაპირველ გეგმებთან შედარებით დაახლოებით 250-300 აშშ დოლარით ძვირია. ამას ემატება 79 აშშ დოლარიანი კონტროლერი და დამატებით 300 აშშ დოლარი მეხსიერების 2 ტერაბაიტამდე გასაზრდელად. ველვის ტექნიკურმა ინჟინერმა იაზან ალდეჰაიათმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მითითებისა, მოწყობილობა "უფრო იაფი გაეხადათ", არსებული კომპონენტების კრიზისის ფონზე ეს უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა.
ეს კრიზისი გლობალურ სმარტფონების ბაზარზეც მძიმედ აისახება. საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია International Data Corporation-ის (IDC) პროგნოზით, მეხსიერების დეფიციტის გამო 2026 წელს სმარტფონების გლობალური მიწოდება 13%-ით შემცირდება. განსაკუთრებით მძიმე დარტყმას აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონები მიიღებენ, სადაც მიწოდების 20%-ზე მეტი ვარდნაა მოსალოდნელი.
რა მოხდება შემდეგ?
სამომავლოდ ვითარების სწრაფი გაუმჯობესების მოლოდინი ნაკლებად არსებობს. Microsoft-ის პროგნოზით, კომპონენტების ფასების ზრდა 2027 წლამდე გაგრძელდება. ვიდრე მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები ახალ საწარმოო სიმძლავრეებს არ აამუშავებენ, მომხმარებლებს მოუწევთ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ პერსონალური კომპიუტერები, სმარტფონები და სათამაშო მოწყობილობები უფრო ძვირი ეღირება, ან მათში უფრო ნაკლები მოცულობის მეხსიერება იქნება ინტეგრირებული.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კომპონენტების კრიზისი და მეხსიერების ბარათების დეფიციტი უკლებლივ ყველა სფეროსა თუ ადამიანზე აისახება, რომელიც დღეს პროფესიულ საქმიანობასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამე ტიპის ტექნიკას იყენებს.
კომენტარები