რა მოხდება, თუ ცნობიერება მხოლოდ ჩვენნაირი ტვინებით არ შემოიფარგლება? ფილოსოფოსები, ერიკ შვიცგებელი და ჯერემი პობერი ამტკიცებენ, რომ ცნობიერება სიცოცხლის მრავალ განსხვავებულ ფორმაში შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის ისეთ არსებებში, რომლებიც დედამიწაზე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული მასალებისგან არიან აგებული. სამყაროს უსაზღვროებასა და უამრავი უცხოპლანეტური ცივილიზაციის სავარაუდო არსებობაზე დაყრდნობით, ისინი მიიჩნევენ, რომ ფრიად გეოცენტრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ცნობიერი გამოცდილების წარმოშობა მხოლოდ დედამიწისმაგვარ ბიოლოგიას შეუძლია.

შესაძლოა, ცნობიერებას ბიოლოგია არ სჭირდებოდეს და მხოლოდ ჩვენისთანა ტვინებს არ ეკუთვნოდეს: ის შეიძლება გაჩნდეს უცხოპლანეტურ გონებებში, ხელოვნურ სისტემებსა და სიცოცხლის ისეთ ფორმებში, რომელთა წარმოდგენაც ჩვენთვის ძნელია.

საჭიროა თუ არა ცნობიერების არსებობისთვის სისხლი და ხორცი?

ალბათ, არა, ამბობს ერიკ შვიცგებელი, კალიფორნიის უნივერსიტეტის, რივერსაიდის, ფილოსოფიის გამორჩეული პროფესორი.

ახალ სამუშაო ნაშრომში შვიცგებელი და ჯერემი პობერი, რივერსაიდის ყოფილი ასპირანტი და ამჟამად ლისაბონის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი, ამტკიცებენ, რომ ცნობიერი გონებების არსებობა შესაძლებელია, თუნდაც ისინი დედამიწაზე არსებული სიცოცხლისგან საკმაოდ განსხვავებული მასალებისგან იყვნენ აგებული. ერთ-ერთ მაგალითად ისინი ახსენებენ ბოლოდროინდელ კინოჰიტს Project Hail Mary-ს, სადაც კლდისმაგვარი გარეგანი საფარის მქონე ხუთფეხა უცხოპლანეტელი ფიგურირებს.

იმის ნაცვლად, რომ თავად ცნობიერება განსაზღვრონ, მკვლევრები იწყებენ ვარაუდით, რომ ცნობიერება რეალური და ცნობილი ფენომენია. მათი ყურადღების ცენტრში უფრო ვიწრო კითხვაა — ცნობიერება აუცილებლად დედამიწური ტიპის ბიოლოგიაზეა დამოკიდებული?

ნაშრომი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ცნობიერებაზე დებატები სულ უფრო ხშირდება. ავტორები მოკლედ ეხებიან ხელოვნურ ინტელექტსაც, თუმცა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ცნობიერება ამჟამინდელ სისტემებს, საერთო პოზიციას არ აყალიბებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ერთმანეთსაც კი არ ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, მათი ზოგადი არგუმენტი ღია სივრცეს ტოვებს, რომ ცნობიერება ოდესმე ხელოვნურ ინტელექტშიც გაჩნდეს.

გრეისი და როკი ფილმში Project Hail Mary

ფოტო: Amazon MGM Studios

"სუბსტრატის მოქნილობის" იდეა

ნაშრომის ცენტრალური ცნება ისაა, რასაც ფილოსოფოსები "სუბსტრატის მოქნილობას" უწოდებენ.

იდეა მარტივია: ზოგიერთი თვისება მრავალ სხვადასხვა მასალაში შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ფინჯანი შეიძლება მინის, პლასტმასის, ლითონის ან სხვა მასალისგან იყოს დამზადებული. წიგნი შეიძლება არსებობდეს როგორც დაბეჭდილი ფურცლები ან როგორც ციფრული ფაილი. ანალოგიურად, ჩანაწერები ვინილზეც ინახება და დისკზეც. შვიცგებელი და პობერი ამტკიცებენ, რომ ცნობიერებაც სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მათი მოსაზრებით, ცნობიერება სავალდებულოდ არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ფიზიკურ მატერიას.

"სამყარო, შესაძლოა, ისეთ გონებებს მალავდეს, რომელთა წარმოდგენაც ჩვენთვის ძნელია", — განაცხადა შვიცგებელმა.

უცხოპლანეტურმა სიცოცხლემ, შესაძლოა, მრავალი ფორმა მიიღოს

ასტრონომების შეფასებით, დაკვირვებად სამყაროში დაახლოებით 1 ტრილიონი გალაქტიკაა. პლანეტები, როგორც ჩანს, უხვად გვხვდება, და მათი დიდი ნაწილის გარემო, სავარაუდოდ, დედამიწისგან მკვეთრად განსხვავდება.

თავიანთი არგუმენტისთვის შვიცგებელი და პობერი ვარაუდობენ, რომ სამყაროში, სულ მცირე, დახვეწილი ქცევის მქონე 1000-მა უცხოპლანეტურმა ცივილიზაციამ იარსება, რასაც ისინი კონსერვატიულ შეფასებად მიიჩნევენ. აქვე მიუთითებენ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, მეცნიერული შეფასებების მედიანა ბევრად მაღალია: თითოეულ გალაქტიკაში, მისი არსებობის რომელიმე ეტაპზე, საშუალოდ ერთზე მეტი ცივილიზაცია ჩნდება.

ამასობაში, ასტრობიოლოგები სწავლობენ შესაძლებლობას, რომ სხვაგან არსებულ სიცოცხლეს დედამიწაზე არსებულისგან განსხვავებული მასალები ედოს საფუძვლად. მკვლევრები ალტერნატიულ ამინომჟავებს, ალტერნატიულ გამხსნელებსა და თუნდაც სრულიად განსხვავებულ ქიმიურ სტრუქტურებს განიხილავენ.

ენდი ვაიერის რომანი, Project Hail Mary, ამის ნათელ მხატვრულ მაგალითს გვთავაზობს. წიგნში მკითხველი ხვდება უცხოპლანეტურ სახეობას, რომელსაც ჟანგვადი მინერალებისგან შემდგარი გარსი, ვერცხლისწყლის სისხლი, მიმოქცევის ორი სისტემა, ორთქლზე მომუშავე კუნთები და ბროლის ტვინი აქვს. ეს არსება უკიდურესად ცხელი პლანეტიდან მოდის, რომლის ატმოსფეროც ამიაკითაა გაჯერებული.

Rocky ფილმიდან Project Hail Mary

ფოტო: Amazon MGM Studios

ფილოსოფოსები არ ამტკიცებენ, რომ ასეთი ეგზოტიკური სიცოცხლე ნამდვილად არსებობს. ისინი მხოლოდ ამბობენ, რომ თუ სიცოცხლე ქიმიური პირობების ფართო სპექტრში შეიძლება წარმოიშვას, და თუ სამყარო სიცოცხლის განვითარებისთვის უთვალავ შესაძლებლობას იძლევა, გასაკვირი იქნება, ყველა წარმატებულმა ევოლუციურმა გზამ ზუსტად ერთსა და იმავე ბიოლოგიურ ინგრედიენტებამდე მიგვიყვანოს.

ბუნების შემოქმედებითობას დედამიწაც ადასტურებს. რვაფეხები, ფუტკრები და ძაღლები ინფორმაციას სხვადასხვაგვარად ამუშავებენ. ჩვენს საკუთარ პლანეტაზეც კი ევოლუციამ ერთი ერთიანი ნიმუშის ნაცვლად, მრავალფეროვანი ნერვული სისტემები შექმნა. ავტორების მტკიცებით, სამყაროს დანარჩენ ნაწილში მრავალფეროვნება კიდევ უფრო დიდია.

ცნობიერების კოპერნიკული პრინციპი

ნაშრომის ავტორების მთავარი არგუმენტი ასტრონომიის კოპერნიკული ტრადიციით არის შთაგონებული.

დროთა განმავლობაში, ნიკოლოზ კოპერნიკთან და მოგვიანებით მოღვაწე ასტრონომებთან დაკავშირებულმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ დედამიწა მზის სისტემის ცენტრი არ არის, მზის სისტემა — გალაქტიკის ცენტრი, ხოლო ირმის ნახტომი — სამყაროს ცენტრი. კაცობრიობამ უკვე მრავალჯერ შეიტყო, რომ მისი ადგილი კოსმოსში იმაზე ნაკლებად განსაკუთრებულია, ვიდრე ოდესღაც სჯეროდა. შვიცგებელი და პობერი მიიჩნევენ, რომ ცნობიერებაც იმავე მიდგომას იმსახურებს.

თუ სამყაროში დახვეწილი ქცევის მქონე მრავალი სახეობა არსებობს და მათ ძალიან განსხვავებული ბიოლოგიური სტრუქტურები აქვთ, მაშინ ვარაუდი, რომ ცნობიერება მხოლოდ ჩვენისთანა ორგანიზმებს ეკუთვნით, არის ის, რასაც ავტორები "ტერაცენტრიზმს" — დედამიწის სიცოცხლის უსაფუძვლო, განსაკუთრებულ მოპყრობას უწოდებენ. ამ უფრო ფართო იდეას მათ "ცნობიერების კოპერნიკული პრინციპი" დაარქვეს.

მკვლევრები არ ამტკიცებენ, რომ ყველა განვითარებული სახეობა აუცილებლად ცნობიერია. პირიქით, ისინი მიიჩნევენ: თუ ცნობიერება დახვეწილი ქცევის მქონე არსებებში გვხვდება, უცნაური იქნება დასკვნის გამოტანა, რომ ცნობიერების განცდა მხოლოდ ჩვენისთანა ბიოლოგიის მქონე ორგანიზმებს შეუძლიათ.

ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ ადამიანები არც ისე უნიკალურები და ცენტრალურები ვართ, როგორც ოდესღაც გვეგონა. იგივე გაკვეთილი შესაძლოა ცნობიერებასაც ეხებოდეს. ცნობიერება, ერთი კონკრეტული ტიპის ბიოლოგიური ორგანიზმისთვის დამახასიათებელი იშვიათი თვისების ნაცვლად, შესაძლოა ყოველთვის ჩნდებოდეს, როცა ევოლუცია (ან მისი მსგავსი რამ) სირთულის შესაბამის დონეს წარმოქმნის.

რა ხდება ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში?

ნაშრომი ბუნებრივად აჩენს კითხვებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებითაც, თუმცა ავტორები არ აცხადებენ, რომ ამჟამინდელ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ცნობიერება გააჩნია.

პობერის არგუმენტით, ცნობიერების მრავალი სუბსტრატის არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ყველა სუბსტრატს შეუძლია ცნობიერების წარმოქმნა. მისი აზრით, ვარაუდი, რომ დღევანდელი კომპიუტერული აპარატურა ცნობიერ გამოცდილებას წარმოშობს, უსაფუძვლოა. შვიცგებელი ამ შესაძლებლობას გარკვეულწილად მეტი ღიაობით ეკიდება. მისი მტკიცებით, როცა უარვყოფთ იდეას, რომ ცნობიერებას ადამიანის ბიოლოგია სჭირდება, უფრო რთული ხდება სილიკონზე დაფუძნებული სისტემების უარყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სილიკონისგან არის აგებული და არა ორგანული ქსოვილისგან. უფრო ფართო კონტექსტში, შვიცგებელის მტკიცებით, დებატები არასწორ კითხვაზეა ფოკუსირებული.

"ეს დებატები ზედმეტად ფოკუსირებულია იმაზე, შეუძლია თუ არა სილიკონს ადამიანის ტვინის დუბლირება, და არასაკმარისად ისმის უფრო ფართო კითხვა: რა ტიპის სისტემას შეუძლია, ჰქონდეს ცნობიერება?" — ამბობს ის.

ნაშრომი ძალიან კონკრეტულ თვისებებსა და უფრო ფართო კატეგორიებს განასხვავებს. კითხვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ადამიანის ცნობიერების სხვა სუბსტრატში რეპროდუცირება, ძალიან კონკრეტული კითხვაა, რადგან ადამიანის ცნობიერება, შესაძლოა, ადამიანის ბიოლოგიის მრავალ დეტალზე იყოს დამოკიდებული. ცნობიერება, როგორც ზოგადი ფენომენი, კიდევ უფრო ფართო ცნებაა.

ავტორები ამ განსხვავებას ფრენას ადარებენ. კითხვა, "შეუძლია თუ არა სხვა არსებას არწივის ფრენის სტილის ზუსტად გამეორება?" განსხვავდება კითხვისგან "შეიძლება თუ არა ფრენა სხვა ფორმითაც არსებობდეს?". კოლიბრი, ღამურა და მწერებიც დაფრინავენ, თუმცა ამას სხვადასხვაგვარად აკეთებენ.

ანალოგიურად, ცნობიერებას, შესაძლოა, ადამიანის ცნობიერებასთან მსგავსების გარეშეც, მრავალი ფორმა ჰქონდეს.

საჭიროა თუ არა ცნობიერების არსებობისთვის სისხლი და ხორცი?

პასუხი თითქმის ცალსახად უარყოფითია, ამბობს ერიკ შვიცგებელი.

ნაშრომის სამუშაო ვერსია ხელმისაწვდომია კალიფორნიის უნივერსიტეტის, რივერსაიდის, ვებგვერდზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.