კოსმოსური ობსერვატორია Swift უკვე 20 წელზე მეტია, გამა-ანთებებს, სამყაროში ყველაზე მძლავრ აფეთქებებს, აკვირდება. ახლა მისი ორბიტა იცვლება, რის გამოც ტელესკოპი თანდათან დედამიწისკენ ეშვება. ამის მიუხედავად, NASA-ს მის გადასარჩენად გეგმები აქვს.

სააგენტომ ამერიკული სტარტაპი Katalyst Space Technologies დაიქირავა; კომპანიამ მცირე ზომის რობოტული აპარატი, LINK, შექმნა, რომელიც Swift-ს უნდა "მიუერთდეს" და უფრო მაღალ, უსაფრთხო ორბიტაზე გადააადგილოს. გაშვება ივნისის ბოლოსთვისაა ჩანიშნული და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სახელმწიფო თანამგზავრს გადაარჩენს კომერციული მოწყობილობა, რომელიც მსგავსი ოპერაციებისთვის არ დაუმზადებიათ.

ობსერვატორია 2004 წელს გაუშვეს, რათა კოსმოსური ენერგიული მოვლენები სწრაფად შეენიშნათ. მაგალითად, როცა ვარსკვლავი კოლაფსს განიცდის (საკუთარი გრავიტაციის გავლენით იკუმშება) ან გამა-ანთება ხდება, Swift მას მაშინვე აფიქსირებს და სხვა ტელესკოპებს შესაბამისი მიმართულებით მიმართავს (ამ მხრივ ის ერთგვარი დისპეტჩერის ფუნქციას ასრულებს).

დაბალ ორბიტაზე მოძრავი სხვა თანამგზავრების მსგავსად, ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების გამო Swift-იც სიმაღლეს თანდათან კარგავს. ეს პროცესი ბოლო წლებში განსაკუთრებით დაჩქარდა, რადგან მზის აქტიურობის ზრდამ ატმოსფეროს ზედა ფენები გააფართოვა და წინააღმდეგობაც გაზარდა.

ობსერვატორიამ საწყისი სიმაღლის უკვე დაახლოებით მესამედი დაკარგა და 600 კილომეტრიდან 400 კილომეტრამდე ჩამოვიდა. ამის გამო მეცნიერებმა წელს დაკვირვებების დიდი ნაწილი დროებით შეაჩერეს და აპარატი ისეთ პოზიციაში დააყოვნეს, რომ ატმოსფეროს გავლენა მაქსიმალურად შეემცირებინათ. ეს ვარდნას ანელებს, თუმცა მთლიანად ვერ აჩერებს.

NASA-მ Katalyst-ს პროექტისთვის 30 მილიონი დოლარი გამოუყო; მნიშვნელოვანია, რომ LINK მხოლოდ შვიდ თვეში შექმნეს, რაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისიებისთვის უჩვეულოდ მოკლე ვადად მიიჩნევა. LINK-ს ორბიტაზე Northrop Grumman-ის რაკეტა Pegasus XL გაიტანს, რომელიც საჰაერო გაშვების სისტემაა და თვითმფრინავ Stargazer-ს მიუმაგრდება. შემდეგ რობოტული აპარატი Swift-ს უნდა მიუახლოვდეს, მის მოძრაობას მოერგოს და "ჩაიჭიროს". სწორედ ეს ეტაპია ყველაზე რთული, რადგან ობსერვატორიას მსგავსი მიერთებისთვის სპეციალური სისტემა არ გააჩნია.

NASA აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული ტელესკოპის გადარჩენის მცდელობა არაა. პროექტი იმის გამოცდაა, შესაძლებელია თუ არა ძველი თანამგზავრების მისიების გახანგრძლივება შედარებით სწრაფად და მცირე ხარჯებით.

წარმატების შემთხვევაში Swift მუშაობას განაგრძობს. თუ მიზანს ვერ მიაღწევენ, ყველაზე სავარაუდო შედეგი სწორედ ის იქნება, რის თავიდან აცილებასაც ცდილობენ — ობსერვატორია დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ შემოვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.