ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ბოტებისა და AI აგენტების ტრაფიკმა ადამიანისას გადააჭარბა
Cloudflare-ის თქმით, მისი ქსელის საიტებზე მოთხოვნების 57.4% ახლა ავტომატური ბოტ-მოთხოვნებია, 42.6% კი ადამიანებისგან წამოსული
AI აგენტებისა და ბოტების ვებ-ტრაფიკმა პირველად გადააჭარბა ადამიანების მიერ გენერირებულ ტრაფიკს, ამის შესახებ Cloudflare იუწყება. ეს მოვლენა მოსალოდნელზე ადრე დადგა და AI-ის სწრაფ განვითარებასა და გავლენაზე მეტყველებს.
"იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ვვარაუდობდი", — დაწერა მეთიუ პრინსმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-ჰოსტინგის კომპანიის, Cloudflare-ის თანადამფუძნებელმა და CEO-მ, X-ზე.
"თავიდან ამას 2027 წლის ბოლოსთვის ველოდი, მოგვიანებით კი ვფიქრობდი 2027 წლის დასაწყისიკენ მოხდებოდა", — განაგრძო მან — "მაგრამ აგენტების ტრაფიკი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ინტერნეტის ისტორიაში პირველად, ადამიანებისას გადააჭარბა".
ზრდა AI აგენტების სწრაფ გავრცელებას უკავშირდება, ეს ძირითადად ავტონომიური პროგრამებია, რომლებიც ინსტრუმენტების, მაღალი დონის პროგრამებისა და მონაცემების გამოყენებით მუშაობს და ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.
Cloudflare-ს, რომელსაც ბოტის და ადამიანური ძებნის მოთხოვნებს აჩვენებს, ამბობს, რომ მოთხოვნების 57.4% ახლა ბოტებისგან მოდის, 42.6% კი ადამიანებისგან.
ზუსტი დღე, როდის გადააჭარბა AI აგენტებმა და ბოტებმა ადამიანების აქტივობას, გაურკვეველი რჩება. X-ზე კომენტარის საპასუხოდ პრინსმა დაწერა, რომ მონაცემები "ოდნავ არეულია (შესაბამისად, გრაფიკებიც). თუმცა ნათელია, რომ ახალ რეალობაში უკვე გადავედით".
NBC News-თან ინტერვიუში პრინსმა განაცხადა, რომ არა-ადამიანური ტრაფიკის ზრდის ტემპი "აოცებს" და ახსნა, რომ ბოტ-ტრაფიკის მზარდ მაჩვენებელს მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
"2015 წლიდან 2025 წლამდე ვები შემცირდა", — თქვა მან. ამ ფაქტს Pew Research Center-ის ანგარიშიც ადასტურებს, მასში ნათქვამია, რომ 2013 წელს არსებული ვებგვერდების 38% ათი წლის შემდეგ წაშლილი საიტებისა და არააქტიური ლინკების გამო მიუწვდომელი გახდა.
გარდამტეხი მომენტი ბოლო ექვს თვეში დადგა, თქვა მან, "და ახლა ჩვენ ვხედავთ ვების მხოლოდ სწრაფ ზრდას და ნამდვილად საინტერესო, კრეატიულ მოვლენებს, რასაც კვლავ AI აძლიერებს".
ამ სიახლეზე რეაგირებისას ზოგიერთმა კომენტატორმა მკვდარი ინტერნეტის თეორია (Dead Internet Theory) გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, AI-ის ზრდის გამო, ერთ დღესაც ინტერნეტი დიდწილად ერთმანეთთან მოლაპარაკე ბოტებისგან შედგება, ადამიანები და მათი შექმნილი კონტენტი კი სულ უფრო უმნიშვნელო გახდება. პრინსი თვლის, რომ AI-ის მზარდი შესაძლებლობები ამ თეორიას უფრო უარყოფს.
"ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გაახსენდა მკვდარი ინტერნეტის თეორია, თუმცა ჩემი აზრით, ეს მცდარია. ახლა აღარ გჭირდება ვებ-დიზაინერი იყო ან კოდის წერა იცოდე, კონტენტის შექმნა გაცილებით გამარტივებულია და მეტ ადამიანს შეუძლია", — აღნიშნა პრინსმა.
ბოტ-ტრაფიკის ზრდა კითხვებს ბადებს ინტერნეტის სამომავლო ბიზნეს-მოდელის შესახებ, რადგან "ბოტები რეკლამებს არ აჭერენ".
პრინსმა თქვა, რომ ინტერნეტის ბიზნეს-მოდელის განახლების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ბოტებისთვის ციფრულ კონტენტზე წვდომისთვის გადასახადის დაწესება. თუ ეს ეფექტიანად და სწორად განხორციელდა, "შესაძლოა ინტერნეტის ოქროს ხანის ზღვარზე ვიდგეთ".
ეს მოდელი ინტერნეტს ადამიანებისთვის კვლავ უფასოს გახდიდა. "ვფიქრობ, ეს, ფაქტობრივად, იდეალისტური შედეგია და ვცდილობთ გავარკვიოთ, შეგვიძლია თუ არა ამის მიღწევა", — განაცხადა მან.
- ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
- "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
- Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
კომენტარები