NASA და ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო (CNSA) მარსზე ასტრონავტების გაგზავნას მომდევნო ათწლეულის დასაწყისში გეგმავენ.

ეს ამბიციური მიზანი დაგეგმარებას, კვლევას და ყველა პოტენციური გამოწვევის წინასწარ განსაზღვრას მოითხოვს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ასტრონავტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ხანგრძლივი მგზავრობის დროსთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა, არსებობს თავად მარსის საკითხიც. რადიაციის დონის ზემოქმედების გარდა, მარსის გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ 38%-ია.

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფი სწავლობს, თუ როგორ იმოქმედებს მარსის გრავიტაცია ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან ასპექტზე — კუნთებზე.

კუნთი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ქსოვილია (სხეულის მთლიანი მასის 40-პროცენტზე მეტს შეადგენს), აუცილებელია მოძრაობისა და მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის. მეტიც, ეს ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მცირე გრავიტაციამ შეიძლება მისი მასა მნიშვნელოვნად შეამციროს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა ეფექტი ექნება მარსის გრავიტაციას კუნთის მასაზე.

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებდა დაბალი გრავიტაცია კუნთების ქსოვილზე 24 თაგვის შემთხვევაში, რომლებიც JAXA-ს Kibo ექსპერიმენტულ მოდულში გაგზავნეს.

მკვლევრებმა თაგვები JAXA-ს მიერ შემუშავებულ ცენტრიფუგის მოწყობილობაში მოათავსეს, რომელსაც მრავალჯერადი ხელოვნური გრავიტაციის კვლევითი სისტემა ჰქვია. თაგვები იქ 28-დღიანი პერიოდის განმავლობაში გრავიტაციის ოთხ სხვადასხვა დონეს: 0.33G-ს, 0.67G-სა და 1G-ს დაექვემდებარნენ.

ფოტო: JAXA

მკვლევრების თქმით, ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება ბევრად რთული და ძვირადღირებულია. ამიტომ, კვლევისთვის თაგვები შეირჩა.

ექსპერიმენტის შემდეგ მკვლევრებმა გააანალიზეს თაგვების წონა, ძალა და მოძრაობის უნარი. ანალიზმა აჩვენა, რომ 0.33G-ზე კუნთის გარკვეული ატროფია მოხდა, როდესაც 0.67G-ზე ეს ფაქტობრივად არ დაფიქსირდა.

მკვლევრებმა ასევე გაზომეს თაგვების წინა კიდურების მოჭიდების ძალა, რამაც აჩვენა, რომ 0.67G საკმარისი იყო კუნთების მუშაობის შესანარჩუნებლად. მკვლევრები ამბობენ, რომ 0.67G კრიტიკული ზღვარია ხანგრძლივი კოსმოსური ფრენით გამოწვეული კუნთების ატროფიის შესამსუბუქებლად.

მომავალში ჩვენ შეიძლება მარსის კოლონიზაცია დავიწყოთ. შესაძლოა, წითელ პლანეტაზე ჩვენი ბაზები გამოჩნდეს და ამ შემთხვევაში ასტრონავტების კუნთის ატროფიის განსასაზღვრად ასეთი კვლევები მნიშვნელოვანია.

კვლევის შედეგები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.