სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი შეგხვდებოდათ, როცა მომხმარებლები ChatGPT-ს თავიანთი კარიკატურების შექმნას სთხოვენ. ჩატბოტმა ამისათვის ის ინფორმაცია უნდა გამოიყენოს, რომელიც მომხმარებელზე აქვს. ზოგ შემთხვევაში ბოტის შექმნილი კარიკატურები კარგად გამოხატავს მომხმარებელს, ზოგჯერ — არც ისე; სურათებში ჩანს ხოლმე როგორც ადამიანის ხასიათი, ასევე პროფესია და ჰობიც.

პრომპტები — ბრძანებები, რომლებსაც მომხმარებლები ჩატბოტს აძლევენ — მსგავსად ჟღერს: "ყველა ინფორმაცია გამოიყენე, რაც ჩემზე იცი, და ჩემი, როგორც პროფესიონალის, კარიკატურა შექმენი".

შექმნილი კარიკატურის სიზუსტე ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ინფორმაცია აქვს ბოტს ჩვენზე — მაგალითად, მასთან გვიხსენებია თუ არა, რა პროფესიისა ვართ. თუ გინდათ, რომ ChatGPT-ს თქვენზე ნაკლები მონაცემი ჰქონდეს, Mashable-ს ავტორი ტიმოთი ბეკ ვერტი თავის სტატიაში რჩევებს გვთავაზობს.

წაშალეთ ChatGPT-დან ჩატების ისტორია

ChatGPT ჩვენი ჩატების ისტორიას ინახავს, რაც ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება დაგვეხმაროს კიდეც. მეორე მხრივ, თუ გინდათ, რომ OpenAI-ს თქვენზე ნაკლები მონაცემი ჰქონდეს, შეგიძლიათ ეს ჩატები წაშალოთ. ცალკეული საუბრის წაშლა ჩატების ჩამონათვალიდან შეგიძლიათ, რომელიც ინტერფეისის მარცხენა მხარესაა გამოსახული.

შეგიძლიათ თქვენი ყველა ჩატიც წაშალოთ. ამისათვის პროფილის ხატულას უნდა დააჭიროთ და პარამეტრებში ("Settings") გადახვიდეთ, შემდეგ კი მონაცემთა მართვის საშუალებებში ("Data controls") შეხვიდეთ. აქედან შეგიძლიათ, ყველა ჩატის წაშლა ("Delete all chats") აირჩიოთ; ასევე შეგიძლიათ, "მოდელის ყველასთვის გაუმჯობესება" ("Improve the model for everyone") გამორთოთ — ასე OpenAI თქვენს მონაცემებს აღარ გამოიყენებს საკუთარი მოდელების საწვრთნელად.

ფოტო: OpenAI

OpenAI-ს მოსთხოვეთ, რომ თქვენი მონაცემები წაშალოს

OpenAI-ს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პორტალი აქვს, სადაც მომხმარებლებს შეგვიძლია, საკუთარი მონაცემების წაშლა მოვითხოვოთ. ამ პორტალიდან შემდეგ საკითხებზე შეგიძლიათ მოთხოვნების გაგზავნა:

  • საკუთარი მონაცემების გადმოწერა;
  • OpenAI-სთვის იმის მოთხოვნა, რომ საკუთარი პროდუქტები თქვენს ინფორმაციაზე არ გაწვრთნას;
  • ChatGPT-ს ანგარიშის წაშლა;
  • თქვენივე აწყობილი (custom) GPT-ების წაშლა;
  • ChatGPT-ს პასუხებიდან პირადი მონაცემების მოშორება.

არსებობს ის ფუნქციაც, რომ მოთხოვნები სხვა ადამიანის ნაცვლად გაგზავნოთ. სხვა საჭიროებებით, შეკითხვებითა და კომენტარებით შეგიძლიათ პირდაპირ OpenAI-ს მიმართოთ მეილზე — [email protected].

AI ჩატბოტებთან ურთიერთობაზე კარგად დაფიქრდით

ადამიანები ChatGPT-სა და სხვა AI ჩატბოტებს არაერთი მიზნით იყენებენ, დროთა განმავლობაში კი ეს პროგრამები შეიძლება ასისტენტზე მეტიც გახდეს. ჩატბოტს ზოგი ძალიან პირადული სამედიცინო შეკითხვებით მიმართავს, ზოგს მისგან რჩევები უნდა ურთიერთობისთვის, ზოგისთვის "ქოუჩის" როლს ასრულებს, ზოგისთვის კი — ახლო მეგობრის. AI არაერთი ადამიანის კომპანიონი ხდება.

თუკი შენიშნავთ, რომ მსგავს ჩატბოტთან პარასოციალური ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ, შეიძლება რეფლექსიის დრო იყოს. მაგალითად, თუ ამჩნევთ, რომ ChatGPT-ს მიმართ ემოციურად დამოკიდებული ხდებით ან თანდათან იჯერებთ, რომ იგი "ცოცხალია" და თქვენთან რეალურად ურთიერთობს, ალბათ, დროა შეისვენოთ ინტერაქციისგან.

ცნობისთვის: პარასოციალურია ურთიერთობა, რომელსაც ვინმესთან (ცნობილ ადამიანთან, პერსონაჟთან ან თუნდაც ჩატბოტთან) რეალური ინტერაქციის გარეშე ვაყალიბებთ.

ჯერჯერობით არ ვიცით, ხანგრძლივ პერსპექტივაში რა შეიძლება გამოიწვიოს ჩატბოტებზე ემოციურმა დამოკიდებულებამ. მეორე მხრივ, ექსპერტები ხშირად გვაფრთხილებენ, რომ ამ ტიპის ქცევა შეიძლება საზიანო იყოს, თუ დროსა და ენერგიას აღარ გვიტოვებს სხვა ურთიერთობებისთვის, სოციალური ცხოვრებისთვის ან ჰობისთვის.

ზოგიერთი ორგანიზაცია, მათ შორის Common Sense Media, ასევე გვაფრთხილებს, რომ AI კომპანიონები 18 წელს მიუღწეველთათვის სახიფათოა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.