გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ
ფოტო: Danielle Futselaar/Breakthrough Listen
მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან წამოსული სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც შეიძლება პულსარს ეკუთვნის. პულსარი სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავია, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. ეს იშვიათი აღმოჩენა შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის (ფზთ) გამოსაცდელად გამოიყენონ.
პულსარებს ხშირად "კოსმოსურ შუქურებს" უწოდებენ, რადგან თითოეულ ბრუნთან ერთად რადიოსიგნალებს ასხივებენ. ზოგი მათგანი დედამიწასაც ხვდება. პულსარი, რომელსაც ახალი კვლევის ავტორები განიხილავენ, საკუთარი ღერძის გარშემო ყოველ 8,19 მილიწამში ბრუნავს და მშვილდოსან A*-თან ახლოს მდებარეობს. ეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელია, რომლის მასაც მზისას 4 მილიონჯერ აღემატება.
როგორც ვახსენეთ, კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენას აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის გამოსაცდელად გამოიყენებენ. ფზთ-ს თანახმად, მიზიდულობა არა ბუნებაში არსებული ძალა, არამედ სივრცე-დროის გამრუდებისას წარმოქმნილი თვისებაა.
შავ ხვრელთან ახლოს მდებარე პულსარი მეცნიერებს იმის შესწავლაში დაეხმარება, თუ როგორ მრუდდება სივრცე-დრო ზემასიური შავი ხვრელის გარშემო. საქმე ისაა, რომ სწრაფად ბრუნვიდან გამომდინარე ახლომდებარე მასიური ობიექტების გრავიტაცია პულსარებზე შესამჩნევად ზემოქმედებს.
თეორიულად შესაძლებელია, რომ პულსარების ბრუნვამ დედამიწამდე მოსულ სინათლეში გარკვეული "ანომალიები" წარმოშვას. გარდა ამისა, როცა ეს სინათლე ძალიან მასიურ ობიექტთან ახლოს გაივლის, შეიძლება სხივები აირეკლოს და სივრცე-დროის გამრუდების გამო შეყოვნდეს. ყოველ შემთხვევაში, ფზთ ამას პროგნოზირებს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადასტურებლად, სიგნალი მართლა პულსარისგანაა თუ სხვა რომელიმე რადიოწყაროსგან. ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები