რელიგია, სულიერება და "სხვა სამყაროსთან" დაკავშირებული რწმენები ადამიანის კულტურის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და თითქმის ყველა ცივილიზაციის საფუძველია. სიწმინდეებისა და მათზე მიჯაჭვულობის მტკიცებულებები პალეოლითის ხანაშიც გვხვდება. ცნობისთვის, ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სახეობა ნეანდერტალელებთან თანაარსებობდა. ბოლო კვლევების თანახმად, ადამიანის ეს გადაშენებული სახეობა ბევრ რამეში გვგავდა.

შესაბამისად ჩნდება კითხვა, ჰქონდათ თუ არა მათ რელიგია?

ნეანდერტალელების რიტუალები

არქეოლოგების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა უძველესი პრაქტიკების, ტრადიციებისა და გამოცდილებების აღდგენასთან არის დაკავშირებული. მათი უმეტესობა ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამიტომ, პრეისტორიული ადამიანების აზრებისა და ქცევების ინტერპრეტირება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ნეანდერტალელებისა და სხვა ჰომინინების შემთხვევაში.

მეორე მხრივ, ბოლო აღმოჩენები გარკვეულ სურათს გვიხატავს იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი პლეისტოცენის დროინდელი ნათესავები. მაგალითად, 1990-იან წლებში მკვლევრებმა საფრანგეთში ნეანდერტალელების მღვიმის სიღრმეში უცნაური სტრუქტურა აღმოაჩინეს — სტალაგმიტისგან ხელნაკეთი ორი რგოლი. ზუსტად უცნობია, რისთვის იყენებდნენ მათ, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ სტალაგმიტების რგოლებში ცეცხლს რეგულარულად ანთებდნენ.

ანთროპოლოგები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ აღმოჩენის ინტერპრეტირებას — რომელიც დაახლოებით 176 000 წლის წინ შეიქმნა — თუმცა ერთ-ერთი წამყვანი თეორიის მიხედვით, ეს რიტუალისთვის განკუთვნილი ადგილი იყო, რაც მიუთითებს შესაძლო სიმბოლურ ან რელიგიურ რწმენებზე. აღსანიშნავია, რომ ეს განლაგება შეიძლება სრულიად პრაქტიკული ფუნქციის მქონეც ყოფილიყო, და ჯერჯერობით შეჯამება ვერ ხდება იმაზე, რას გვეუბნება ეს აღმოჩენა ნეანდერტალელების ცნობიერებასა და ქცევაზე.

ნეანდერტალელების სამარხები

დაღუპულების დაკრძალვა მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ პრაქტიკებსა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენებთან. ეს ფაქტი განსაკუთრებითაა გასათვალისწინებელი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნეანდერტალელები თავიანთ მკვდრებს მარხავდნენ. კვლევების თანახმად, ნეანდერტალელებმა მკვდრების დაკრძალვა დაახლოებით 120 000 წლის წინ ლევანტში დაიწყეს. ამავე ადგილებში არსებობს ჩვენი სახეობის ნამარხებიც.

ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები მკვდრებს ტერიტორიების მოსანიშნად კრძალავდნენ. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი დაკრძალვები რელიგიურ ნიშნებს არ ატარებდა.

უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ადრეული ლევანტური სამარხები რეალურად ჰიბრიდული იყო. ფაქტია, ამ რეგიონში ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები ერთმანეთთან იკვეთებოდნენ.

ნეანდერტალელების ყველაზე ცნობილი სამარხი მდებარეობს შანიდარის მღვიმეში, ერაყში, სადაც დაახლოებით 80 000 წლის წინ შვიდი ინდივიდი დაკრძალეს. ერთ-ერთ ჩონჩხზე ყვავილების მტვერი აღმოაჩინეს. ამან გააჩინა იდეა, რომ ნეანდერტალელი ყვავილებით დაკრძალეს. სამწუხაროდ, ეს ვერსია უარყვეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ყვავილების მტვერი სამარხში ფუტკრებისგან მოხვდა.

ასევე: როგორ მარხავდნენ ნეანდერტალელები დაღუპულთა გვამებს — კვლევა

ნეანდერტალელთა კულტი დათვებზე?

მეორე, საკმაოდ სადავო თეორია ეხება მღვიმის დათვების თაყვანისცემას ნეანდერტალელების მიერ. ეს იდეა თავდაპირველად შვეიცარიელმა არქეოლოგმა ემილ ბახლერმა 20-ე საუკუნის დასაწყისში შემოგვთავაზა. მკვლევრებმა შვეიცარიის მღვიმეებში დათვების ძვლების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს და თეორიაც აქედან დაიბადა.

რამდენიმე წლის შემდეგ ეს ჰიპოთეზა უარყვეს, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ძვლები სინამდვილეში ბუნებრივი პროცესების შედეგად დაგროვდა. მეორე მხრივ, ბოლო წლებში გამოჩნდა ახალი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ნეანდერტალელებმა სიმბოლური ნიშნები დატოვეს მღვიმეებში. მკვლევრებმა პოლონეთის ტერიტორიაზე მღვიმეებში ნეანდერტალელების მიერ დათვის ქალებზე დატოვებული სიმბოლური ნიშნები აღმოაჩინეს.

საინტერესო ნიმუშებია აღმოჩენილი ესპანეთშიც. აქაც დიდი ძუძუმწოვრების (რქოსანი) თავის ქალებს აგროვებდნენ. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ რქოსანი ცხოველის რქებისა და თავების შენახვა რელიგიურ სიმბოლიკას ატარებდა.

ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა გაკეთდება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნეანდერტალელებს რელიგიური მახასიათებლები გააჩნდათ, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა (ჯერ) რთულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.