რეკლამებმა ChatGPT-შიც მოგვაგნო? — ჩატბოტში ახალი მიდგომის ტესტირება იწყება
რეკლამების ტესტირება აშშ-ში იწყება.
OpenAI, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია, აშშ-ში რეკლამების ტესტირებას იწყებს. ეს ეხებათ მომხმარებლების, რომლებიც ჩატბოტის უფასო და Go პაკეტებით სარგებლობენ. კომპანიამ წამოწყება იანვარში დააანონსა, ტესტირების დაწყების შესახებ კი უკვე 9 თებერვალს გვაცნობა ბლოგპოსტით.
ჩატბოტის Go გეგმა შედარებით დაბალბიუჯეტიანი პაკეტია, რომელიც აშშ-ში თვეში 8 დოლარი ღირს; კომპანიამ გლობალურად იგი იანვრის შუა რიცხვებში წარადგინა.
OpenAI-ს განმარტებით, რეკლამებს ვერ იხილავენ ფასიანი პაკეტების — Plus, Pro, Business, Enterprise და Education — გამომწერები.
სიახლის ფონზე ეჭვნარევი ინტერესი გაჩნდა, თუ როგორ იმოქმედებს რეკლამები ჩატბოტთან ინტერაქციაზე. საკითხს OpenAI ბლოგპოსტშივე გამოეხმაურა და ეჭვების გაქარწყლება სცადა:
"რეკლამები ChatGPT-ს პასუხებზე არ მოქმედებს, სარეკლამო დამკვეთებს კი თქვენს საუბრებზე წვდომა არ ექნებათ. ჩვენი მიზანია, რეკლამების მეშვეობით ChatGPT-ს ძლიერი ფუნქციები უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამავდროულად კი შევინარჩუნოთ ნდობა, რომელსაც მომხმარებლები ChatGPT-ს უცხადებენ მნიშვნელოვანი და პირადული დავალებების შესრულებისას".
ტესტირების პროცესში OpenAI ცდილობს, რეკლამები მომხმარებლებს მოარგოს როგორც საუბრების თემების, ასევე ჩატებისა და რეკლამებთან წინა ინტერაქციების მიხედვით. მაგალითად, თუ მომხმარებელი კულინარიულ რეცეპტებს ეძებს, მას შეიძლება პროდუქტების მიტანის სერვისის რეკლამა აჩვენონ. OpenAI-ის განცხადებით, დამკვეთებს მომხმარებლის პირად მონაცემებზე არ ექნებათ წვდომა; ისინი მხოლოდ ზოგად სტატისტიკას მიიღებენ რეკლამის ეფექტიანობის (ნახვების, რეკლამაზე გადასვლების) შესახებ.
მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ, რეკლამებთან საკუთარი ინტერაქციის ისტორია იხილონ და იგი ნებისმიერ დროს წაშალონ. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება რეკლამების თავიდან მოშორება, პერსონალიზაციის პარამეტრების მართვა და იმის ნახვაც, თუ რატომ გამოუჩნდათ კონკრეტული რეკლამა.
საგულისხმოა, რომ სარეკლამო შიგთავსს 18 წლამდე ასაკის მომხმარებლები არ იხილავენ. ასევე, რეკლამა არ განთავსდება მგრძნობიარე თემების კონტექსტში, იქნება ეს: ჯანმრთელობა, პოლიტიკა თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა.
რეკლამების დამატების იდეით ბევრი არაა მოხიბლული
მომხმარებლები ჯერჯერობით წინააღმდეგობით ხვდებიან ჩატბოტის პასუხებში რეკლამების გამოჩენის იდეას. OpenAI უკვე გააკრიტიკეს გასული წლის ბოლოს, როცა სატესტო რეჟიმში მომხმარებლებს აპლიკაციებს სთავაზობდა (ბევრმა იგი არასასურველ რეკლამად აღიქვა). მეორე მხრივ, კომპანიამ თავისი ჩატბოტისგან შემოსავალი უნდა მიიღოს, რომ ტექნოლოგიური განვითარებისა და ბიზნესის ზრდის თანმდევი ხარჯები დაფაროს.
კომპანიის საჭიროებების მიუხედავად, კრიტიკოსები შიშობენ, რომ რეკლამამ შეიძლება ChatGPT-ს პასუხებზე იმოქმედოს. OpenAI ამას უარყოფს და აცხადებს, რომ რეკლამები იმის მიხედვით დაიხვეწება, თუ "რა იქნება მომხმარებლებისთვის ყველაზე სასარგებლო". კომპანიის განმარტებით, რეკლამები შესაბამისად იქნება მონიშნული და ძირითადი შიგთავსისგან მკვეთრად გაიმიჯნება.
სხვათა შორის, ამ წამოწყების საპასუხოდ Anthropic-მა (OpenAI-ს მთავარი კონკურენტი) კომპანიას, შეიძლება ითქვას, სუპერბოულის სარეკლამო რგოლებში დასცინა.
რეკლამები ეთერში 8 თებერვალს გავიდა. Anthropic-მა გვაჩვენა, როგორ შეიძლება გააუარესოს მომხმარებლის გამოცდილება ცუდად ინტეგრირებულმა რეკლამებმა და ამით გააშარჟა ჩატბოტებში რეკლამების დამატების იდეა. ეკრანზე მსახიობები ჩანდნენ არაფრისმთქმელი გამომეტყველებით; ისინი ჩატბოტებს განასახიერებდნენ და რჩევებთან ერთად სრულიად შეუსაბამო რეკლამებს გასცემდნენ.
OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი ამ კრიტიკამ გააღიზიანა. მან რეკლამებს "არაკეთილსინდისიერი" უწოდა, თავად Anthropic კი "ავტორიტარულ კომპანიად" შერაცხა.

კომენტარები