ქართველების გუნდმა ენის "ციფრული მასწავლებელი" შექმნა — გაიცანით Talkpal
ენის შესასწავლად სხვადასხვა ვებსაიტი თუ აპლიკაცია, ალბათ, ენის შემსწავლელთა უმრავლესობას გამოგვიყენებია. წიგნებისგან განსხვავებით, მსგავსი პლატფორმები ხშირად ინტერაქციულია, შედეგად კი ათვისების პროცესშიც უკეთ ვართ ჩართულები.
ცხადია, ასეთ პროგრამებს ნაკლიც აქვს — მაგალითად, ის, რომ ხშირად მხოლოდ საბაზისო წინადადებებსა თუ სიტყვებს გვასწავლის, უფრო კომპლექსური უნარების გასავითარებლად კი მაინცდამაინც ვერ გვეხმარება; ზოგჯერ ასეთი აპლიკაციები არც საკმარისად ინტერაქციულია იმისთვის, რომ წერა, გამოთქმა, კონტექსტების გაგება და სხვა საჭირო უნარები გვასწავლოს.
სტარტაპმა Talkpal-მა, ქართველების გუნდმა, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა. დავით გეგეჭკორმა და დიმიტრი დეკანოზიშვილმა შექმნეს ისეთი პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ინტერაქციაში მასწავლებლის, "რეპეტიტორის", მსგავსად შემოდის. მეტიც, Talkpal გლობალური მასშტაბით ფუნქციონირებს და უკვე 8 მილიონ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ AI კომპანიონთან ერთად 84 ენა შეისწავლონ.
Talkpal-ის დასაწყისი — მისია და ამჟამინდელი მდგომარეობა
Talkpal-ის ისტორია 2023 წელს დაიწყო; დავით გეგეჭკორმა და დიმიტრი დეკანოზიშვილმა აპლიკაცია იდეის გაჩენიდან მხოლოდ 30 დღეში შექმნეს და ჩაუშვეს ბაზარზე. Talkpal აშშ-ში დაარეგისტრირეს. პირველივე წელს შეძლეს და მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიზიდეს გარე ინვესტიციების გარეშე.
Talkpal-ის შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების ფონზე მოაფიქრდათ — AI და დიდი ენობრივი მოდელები (LLM) ბოლო წლებში ელვის სისწრაფით ვითარდება, ამიტომ ენის სწავლის კუთხითაც დიდი პერსპექტივები გაჩნდა; Talkpal-ის თანადამფუძნებლებს სურდათ, ენის შესწავლის სფეროში სრულიად ახალი სტანდარტები დაენერგათ.
რეპეტიტორის მომსახურება ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ Talkpal-ის გუნდს უნდოდა, AI-ს დახმარებით სწავლა ყველას ანალოგიური ხარისხით შესძლებოდა. ამისათვის შექმნეს "ციფრული მასწავლებელი".
"პლატფორმა შეიქმნა იმ ფუნდამენტური პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც ტრადიციული აპლიკაციები ვერ უმკლავდებოდა: ისინი მომხმარებელს ენას მხოლოდ საბაზისო დონეზე ასწავლიდა და ვერ უზრუნველყოფდა რეალური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას", — NEXT.On.ge-სთან საუბრისას განაცხადა დავით გეგეჭკორმა, სტარტაპის თანადამფუძნებელმა.
როგორც Talkpal-იდან გვეუბნებიან, ციფრული მასწავლებლის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ სწავლების მეთოდები ჩვენს საჭიროებებს მაქსიმალურად ზუსტად მოერგოს, პროცესი კი ბევრად საინტერესო და ინტერაქტიური იყოს.
ჩანაფიქრმა გაამართლა — დღეს აპლიკაციას უკვე 8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს გარშემო; Talkpal-ს თავიდან დაახლოებით 50 ენის სწავლება შეეძლო, თუმცა ეს რიცხვი უკვე 84 გახდა. როგორც გვითხრეს, განვითარდა და მუდმივად იხვეწება ფუნქციებიც.
როგორია და რას გვთავაზობს Talkpal
Talkpal ხელმისაწვდომია როგორც ვებზე, ასევე მობილური აპლიკაციის სახითაც. როგორც სტარტაპის გუნდმა გვითხრა, "ფუნქციონალის თვალსაზრისით აპლიკაცია მუდმივად იხვეწება და მომხმარებლებს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს სთავაზობს, რომლებიც დაფუძნებულია რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე".
ციფრული მასწავლებელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს. გენერაციული AI მას საშუალებას აძლევს, სწავლისას რეალურ დროში მოგვცეს უკუკავშირი და შეცდომების დაშვებისთანავე შეგვისწოროს გრამატიკული, წარმოთქმისა თუ სხვა ტიპის შეცდომები.
Talkpal-ში შესვლისას ჯერ რეგისტრაციის მარტივი პროცესია გასავლელი; ამ დროს გვეკითხება აპლიკაცია, რომელი ენის სწავლა გვსურს და რა მიზნით, რა დონეზე ვფლობთ ენას ახლა, რა მეთოდებით გვირჩევნია მოგვიდგეს და ა. შ. საკუთარ თავზე ამ დეტალების მორგების შემდეგ უკვე შეგვიძლია, სხვადასხვა სასწავლო რეჟიმი გამოვცადოთ.
ხელმისაწვდომია როგორც ჩატში ინტერაქციის, ასევე სიტყვების, წინადადებების, დიალოგისა და ზარის რეჟიმები. გარდა ამისა, ციფრულ მასწავლებელთან ინტერაქცია უფრო კომპლექსური გზებითაც შეგვიძლია, რომელთა შორისაა:
- როლური თამაშების (Roleplay) რეჟიმში AI სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციის სიმულირებას ახდენს, მომხმარებელს კი რეალური კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარება უწევს;
- პერსონაჟების (Characters) რეჟიმში მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს ესაუბრება, რომელიც სხვადასხვა, მათ შორის ისტორიული პერსონაჟების, როლს ირგებს;
- დებატები (Debates) არგუმენტირებული მსჯელობის სწავლაში გვეხმარება; ამ რეჟიმში შეგვიძლია, AI-სთან დისკუსიაში შევიდეთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე და საკუთარი პოზიცია დავიცვათ.
ზოგიერთი ეს რეჟიმი Talkpal-ის პრემიუმის შეძენის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.
Talkpal თუ ენის შემსწავლელი სხვა აპლიკაციები?
Talkpal-ის გუნდს NEXT.On.ge-დან ვკითხეთ, კონკურენტ აპლიკაციებთან შედარებით რა უპირატესობას ხედავენ საკუთარ პროდუქტში. მათი აზრით,Talkpal-ს კონკურენტებისგან პირველ რიგში მასშტაბური ლოკალიზაცია და ხელმისაწვდომობა გამოარჩევს.
"ჩვენ მომხმარებლებს 84 ენის შესწავლის შესაძლებლობას ვთავაზობთ, ხოლო თავად პლატფორმის ინტერფეისი 43 ენაზეა ხელმისაწვდომი" — გვითხრა დავით გეგეჭკორმა — "ეს ფაქტორი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტექნიკური უპირატესობა. ეს არის Talkpal-ის გლობალური სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი".
მრავალენიანი ინტერფეისის შექმნა მარტივი არ ყოფილა და არც საკმარისი იყო გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. გარდა ენების ქვეყნებზე მორგებისა, დასჭირდათ ვალუტის ადაპტირებაც — Talkpal-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, პრემიუმის შეძენისას საკუთარი ქვეყნისავე ვალუტით გადაიხადონ.
"ტექნიკური თვალსაზრისით, აუცილებელი იყო არამხოლოდ ენის თარგმნა, არამედ ადგილობრივი ვალუტების, კონკრეტულ რეგიონში პოპულარული გადახდის მეთოდებისა და ბაზრის შესაბამისი საფასო პოლიტიკის ინტეგრაცია როგორც ვებ-პლატფორმაზე, ისე მობილურ აპლიკაციაში", — აგვიხსნა Talkpal-ის თანადამფუძნებელმა დიმიტრი დეკანოზიშვილმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტარტაპი აშშ-შია რეგისტრირებული. ამ გადაწყვეტილებამ, Talkpal-ის გუნდის თქმით, სტარტაპს დიდ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა გაუმარტივა, იქნება ეს Google, Microsoft თუ სხვა.
ვინ ქმნის Talkpal-ს
ცხადია, გლობალური ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შესაქმნელად შესაბამისი ადამიანური რესურსიც იყო საჭირო. Talkpal-ის გუნდში ამ ეტაპზე 33 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან ორი თანადამფუძნებელია. გუნდის წევრთა უმრავლესობა თბილისიდან მუშაობს.
"ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ გუნდი სრულად ქართული ტალანტითაა დაკომპლექტებული", — გვითხრეს Talkpal-იდან.
პროდუქტის შესაქმნელად გუნდში არაერთი პროფესიის ადამიანი მუშაობს: Talkpal-ის შექმნასა და ჩვენთვის მოწოდებაზე დეველოპერები, პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, მარკეტერები და კონტენტ-კრეატორები მუშაობენ. სტარტაპის ზრდის სწრაფ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, შესაბამისი კადრების მოზიდვა და შერჩევა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
"Talkpal-ის სამუშაო კულტურა მთლიანად აგებულია მაღალ პერფორმანსსა და შედეგზე, რაც კომპანიის მუდმივ განვითარებასა და ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს", — გვითხრა დიმიტრი დეკანოზიშვილმა — "Talkpal იდეალური გარემოა მათთვის, ვისაც იზიდავს მრავალფეროვნება და არ აშინებს სიახლეები. ჩვენთან მუშაობა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც გულწრფელად არის დაინტერესებული ტექნოლოგიური სფეროთი და ინოვაციებით".
Talkpal-ის გუნდში ყველაზე მეტად სწრაფად ათვისების უნარსა და მუდმივი განვითარების სურვილს აფასებენ — ლოგიკურიცაა, AI-ს სფეროს განვითარების სისწრაფეს თუ გავითვალისწინებთ.
"ვინაიდან ჩვენი ინდუსტრია და ხელოვნური ინტელექტი ელვის სისწრაფით ვითარდება, ჩვენთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ კანდიდატის არსებული ცოდნა, არამედ სწავლისა და პროფესიული ზრდის მაღალი მოტივაცია", — გვითხრეს სტარტაპიდან — "Talkpal-ის გუნდის მთავარი მამოძრავებელი ღირებულებებია მუდმივი სწავლა, განვითარება და ცნობისმოყვარეობა".
გლობალური სტრატეგიის გათვალისწინებით, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა კარგად გაითავისოს, რათა პროდუქტი და მარკეტინგული სტრატეგია სეგმენტს ეფექტიანად მოარგოს.
Talkpal-ში მიიჩნევენ, რომ თავიანთი წარმატების ერთ-ერთი გასაღები იყო როგორც საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობა, ასევე შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალების შემოკრება. სტარტაპი აქტიურად განაგრძობს ზრდას, ამიტომ გუნდში ამჟამად მოტივირებულ თანამშრომლებს ეძებენ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მარკეტინგი, დეველოპმენტი, გაყიდვები, კონტენტი, SEO თუ დიზაინი.
"ჩვენი მისია მარტივია, თუმცა ამბიციური: გვჯერა, რომ უცხო ენების სწავლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის და რომ პროცესი სახალისო და ეფექტური უნდა იყოს".
Talkpal და მომავალი
Talkpal-ს ამჟამად თუ სამომავლოდ ყველაზე მეტად ის სურს, რომ გლობალური ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს და პარალელურად თავისი პროდუქტიც სრულყოს ტექნიკური თვალსაზრისით. ცხადია, ეს ყველაფერი ძლიერი გუნდის გარეშე შეუძლებელი იქნება, ამიტომ Talkpal კადრების მოზიდვაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
"სწრაფი ზრდის პარალელურად, მუდმივ რეჟიმში ვეძებთ და ვიმატებთ ნიჭიერ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს დეველოპმენტი, მარკეტინგი, კონტენტის შექმნა თუ დიზაინი", — გვითხრეს Talkpal-იდან — "გვჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც მზად არის გლობალური გამოწვევებისთვის და აქვს ამბიცია, შექმნას მსოფლიო დონის პროდუქტი საქართველოდან".
Talkpal-ის გუნდი ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში საკუთარ წვლილს იმის დამტკიცების კუთხით ხედავს, რომ გლობალური მასშტაბის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა ქართული ინტელექტუალური რესურსითაც არის შესაძლებელი.
"ვისურვებდით, Talkpal საქართველოში აღიქვან როგორც არამხოლოდ ენის შესწავლის აპლიკაცია, არამედ — მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ქართულმა სტარტაპმა მიაღწიოს წარმატებას გლობალურ ტექნოლოგიურ არენაზე", — გვითხრა გუნდმა.
Talkpal-ის შესახებ მეტს პლატფორმის ვებსაიტიდან გაიგებთ, აპლიკაციაში რეგისტრაციას კი ამ ბმულიდან შეძლებთ. ანდროიდზე მის გადმოწერას ამ ბმულიდან შეძლებთ, iOS-ზე კი — აქედან.






კომენტარები