ახალ კვლევაში მეცნიერები გვიყვებიან პაციენტზე, რომელიც ფილტვების გარეშე 48 საათი გადარჩა. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მისი ორგანიზმი ტრანსპლანტაციისთვის მოემზადებინათ, საბოლოოდ კი მას დონორის ფილტვები წარმატებით გადაუნერგეს.

სანამ გეტყვით, როგორ იცოცხლა პაციენტმა ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოების გარეშე, მის სამედიცინო ისტორიას გაგაცნობთ. 33 წლის კაცი სრულიად ჯანმრთელი იყო, სანამ გრიპის ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) გამოუვლინდებოდა. 6 კვირაში მას მეორეული ბაქტერიული ინფექციის (Pseudomonas aeruginosa) გამო ნეკროზული პნევმონია განუვითარდა.

ანტიბიოტიკების მიღებისა და ჟანგბადის თერაპიის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც უარესდებოდა. პარალელურად, სუსტდებოდა გულისა და თირკმელების ფუნქციონირებაც, ამიტომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებაც კი მოუწიათ.

"მაშინ, როცა ინფექცია იმდენად მწვავეა, რომ ფილტვები 'დნება', მათი დაზიანება უკვე შეუქცევადია. სწორედ ამ დროს იხოცებიან პაციენტები", — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი, ანკიტ ბარატი, რომელიც ამ სამედიცინო შემთხვევას უძღვებოდა.

კაცის სხეული ზედმეტად დასუსტებული იყო იმისთვის, რომ წყვილი ფილტვის ტრანსპლანტაცია გადაეტანა. ინფექციის კონტროლის ერთადერთ გზად ნეკროზული ფილტვების წინასწარ ამოღება რჩებოდა, მაგრამ როგორ უნდა ეცოცხლა პაციენტს?

ფოტო პაციენტის ფილტვების ამოღებისა და ხელოვნური სისტემის ჩადგმის პროცესს გვიჩვენებს.

ფოტო: Northwestern University

ამისთვის სპეციალისტებმა ისეთი ხელოვნური სისტემა შექმნეს, რომელიც ფილტვების როლს შეითავსებდა, ანუ სისხლს ჟანგბადს მიაწვდიდა და ნახშირორჟანგს გამოდევნიდა. ვინაიდან ფილტვები და გული ერთმანეთთანაა დაკავშირებული, პირველ ორგანოში ამ ჯანსაღი პროცესის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ხელოვნური ფილტვები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეცნიერებმა გულისა და არტერიების ზედმეტად დატვირთვის ასარიდებლად ინოვაციურ გზას მიმართეს. მათ ისეთი შუნტი გამოიყენეს, რომელიც გულში სისხლის მიმოქცევის სიმძლავრეს რეალურ დროში ერგებოდა. ამ მეთოდის მეშვეობით პაციენტმა არათუ ფილტვების გარეშე გაძლო, არამედ მისი სხვა ორგანოების მდგომარეობაც გაუმჯობესდა. 2 დღეში დონორიც გამოჩნდა და ტრანსპლანტაციამაც უსაფრთხოდ ჩაიარა.

მეცნიერებმა ამის შესახებ დეტალური ნაშრომი გამოცემა Med-ში ახლახან გამოაქვეყნეს. მასში წერია, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში კაცის ფილტვები კარგად ფუნქციონირებდა და იგი ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა. ავტორები იმედოვნებენ, რომ ინოვაციურ ტექნიკას სხვებიც წარმატებით გამოიყენებენ, რათა ასეთ მძიმე პაციენტებს დონორის გამოჩენამდე სიცოცხლე შეუნარჩუნონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.