ანტარქტიდას თუ ეწვევით, ძალიან ბევრ პინგვინს ნახავთ, რადგან ეს დათვებისგან თავისუფალი ტერიტორიაა. სამაგიეროდ, პოლარული დათვები დედამიწის მოპირდაპირე მხარეს არიან — არქტიკაში. ეს სიტყვა ბერძნული arktikós-იდან წარმოიშვა, რომელიც "დათვთან დაკავშირებულს/ახლომდებარეს" ნიშნავს, ანტარქტიკა კი — "დათვის საპირისპიროს (ანტი)".

თუ გავითვალისწინებთ, რომ არქტიკაში დათვები მართლაც მრავლად არიან, რასაც ანტარქტიდაზე ვერ ვიტყვით, ზემოხსენებული განმარტება არ გაგვიკვირდება. ამის მიუხედავად, ამ სახელწოდებების ეტიმოლოგია, ანუ წარმომავლობა, სულ სხვა ობიექტს უკავშირდება.

ასე მათ ჯერ კიდევ მაშინ მოიხსენიებდნენ, სანამ ადამიანები ანტარქტიდის მასშტაბურად გამოკვლევას დაიწყებდნენ იქ დათვების ყოფნა-არყოფნაზე დასკვნას გამოიტანდნენ. მაშ, რატომ შეაჩერეს არჩევანი arktikós-ზე? მიზეზი, არც მეტი და არც ნაკლები, ღამის ცაზე შეგიძლიათ დაინახოთ.

საუბარია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განლაგებულ ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე, რომელსაც დიდი დათვი ეწოდება (ლათინურად Ursa Major). ის მართლაც დიდ დათვს მოგვაგონებს, ამიტომ მისი სახელი ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობისაა.

ფოტო: Getty Images

ეს თანავარსკვლავედი მთელი წლის განმავლობაში ჩანს, მაგრამ მის დასანახად საუკეთესო დრო პერიოდი აპრილია. კაცობრიობის ისტორიაში მან სიმბოლური მნიშვნელობა არაერთ კულტურაში შეიძინა. გეოგრაფიული რეგიონისთვის მასთან დაკავშირებული სახელის დარქმევა კი იმან განაპირობა, რომ იგი ცის ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს — არქტიკის "თავზე". იგი ამ რეგიონიდან მუდმივად დამზერადია, რადგან დედამიწის ბრუნვის პარალელურად ჰორიზონტზე არ უჩინარდება.

არსებობს პატარა დათვის თანავარსკვლავედიც, Ursa Minor; ეტიმოლოგიურად სიტყვა "Ursus-იც" მნიშვნელოვანია, რადგან ის ზოოლოგიაში დათვების გვარს აღნიშნავს. აქვე გეტყვით, რომ "Ursus arctos" — მურა დათვი — ბერძნულ-ლათინურის ნაზავია და ორივე სიტყვა ითარგმნება, როგორც "დათვი".

მაშასადამე, არქტიკისა და ანტარქტიკის სახელები კოსმოსური წარმომავლობისაა, მაგრამ საინტერესო დამთხვევაა, რომ ერთგან დათვები არიან, მეორეგან კი — არა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.