საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 15 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის კანონპროექტს 116 ხმით 23-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ამ ცვლილების მიხედვით, ასაკობრივი შეზღუდვა სოცქსელებსა და სხვადასხვა პლატფორმის ამავე ფუნქციონალს შეეხება, რათა ბავშვები მათი პოტენციური უარყოფითი გავლენისგან დაიცვან. ახლა კანონპროექტი სენატს გადაეცემა, საბოლოო კენჭისყრა კი ქვედა პალატაში ჩატარდება.

ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ სოციალური მედია ახალგაზრდებში სისასტიკის ერთ-ერთი მიზეზია. მას სურს, რომ საფრანგეთმა სექტემბრიდან (მომდევნო აკადემიური წლიდან) რეგულაცია შემოიღოს ავსტრალიის მსგავსად, რომელმაც 16 წლამდე პირებისთვის მედიაპლატფორმების (Facebook, Snapchat, TikTok, YouTube და სხვა) გამოყენება პირველმა აკრძალა.

"ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ტვინები არ იყიდება. არ იყიდება არც მათი ემოციები, რომლებზე მანიპულირებაც დაუშვებელია, იქნება ეს ამერიკული პლატფორმები, თუ ჩინური ალგორითმები. 15 წლის ასაკამდე სოციალურ მედიას ვზღუდავთ, ხოლო საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვასაც ვაპირებთ", — განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პარლამენტში ამბობენ, რომ სოცქსელების გამო ახალგაზრდები ნაკლებს კითხულობენ, არასრულფასოვნად სძინავთ და ერთმანეთს უფრო მეტად ედრებიან. მათი თქმით, "ეს თავისუფალი აზროვნებისთვის ბრძოლაა".

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში შემოღებულ რეგულაციას დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ესპანეთსა და საბერძნეთშიც განიხილავენ. ევროპარლამენტმა ევროკავშირს სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის მინიმალური ზღვრის დაწერებისკენ მოუწოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. რაც შეეხება საფრანგეთს, იქ ახალ კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს, მათ შორის უკიდურესი მემარჯვენეებისგანაც.

ამ აკრძალვის გამო სოცმედია პლატფორმებმა ასაკის ვერიფიკაციის მექანიზმების მეშვეობით ბავშვებსა და ახალგაზრდებს წვდომა უნდა შეუზღუდოს. ცხადია, ეს სიახლე ყველასთვის მისაღები არაა — პარიზის ქუჩებში გამოკითხული მოზარდების აზრი ორადაა გაყოფილი: ზოგი სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ რისკებს აცნობიერებს, ზოგისთვის კი ეს აკრძალვა გადაჭარბებულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.