ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ნანგრევებზე აშენებული ფოლადის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. გაეროს ბირთვული ზედამხედველობის სააგენტოს განცხადების თანახმად, ეს ნაგებობა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ბოლომდე ვარგისი აღარ არის.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (აესს) ფოლადის გუმბათის მდგომარეობის შესაფასებლად ადგილზე დამატებითი პერსონალი ახლახან გაგზავნა. ეს არის დამცავი სტრუქტურა, რომელიც 2016 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 რეაქტორის გარშემო რადიოაქტიური მასალის იზოლაციისთვის აშენდა.

ადგილი რადიოაქტიური ნარჩენებისგან დამცავ ნაგებობაზე, რომელიც დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

ფოტო: Chernobyl Nuclear Power Plant

2025 წლის 14 თებერვალს ამ ნაგებობას დრონი დაეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. საბედნიეროდ, გარემოში რადიოაქტიური მასალა არ გავრცელებულა, მაგრამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, დარტყმამ შენობას "მნიშვნელოვანი სტრუქტურული ზიანი" მიაყენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფოლადის გუმბათმა უსაფრთხოების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა.

"სახურავზე დროებითი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ დროული და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქცია შემდგომი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად და გრძელვადიანი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია", — განაცხადა აესს-ის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

ეს ინციდენტი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის დროს მოხდა, რომელიც 2022 წლის თებერვალში აგრესორი ქვეყნის მიერ უკრაინაზე თავდასხმით დაიწყო (ამას წინ 2014 წლის დაპირისპირება უძღოდა). უკრაინის ხელისუფლებამ დრონით შეტევაში რუსეთი დაადანაშაულა, მოსკოვმა კი აღნიშნული ფაქტი უარყო.

ომის ფარგლებში რუს სამხედროებს უკრაინის ელექტროქსელის მუშაობის შეფერხება არაერთხელ უცდიათ. მსგავსი ფაქტები აესს-ისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ის მსოფლიო მასშტაბით ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ფოტო: politico.eu

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სამ მოქმედ ატომურ ელექტროსადგურს მოიცავს: ხმელნიცკის, რივნესა და სამხრეთ უკრაინის. ასევე არსებობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წელს დაიკავა და იგი კვლავ აქტიური სამხედრო კონფლიქტის ზონაშია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მყოფმა აესს-ის პერსონალმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებების ხმები ყოველდღიურად ესმით, ხშირად საკმაოდ ახლოდან. მსგავსი შემთხვევები რეგიონისა და, ზოგადად, მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებაზე კითხვებს აჩენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.