ჩინეთში $192 მილიარდის ღირებულების ოქროს მადანი აღმოაჩინეს
ფოტო: TSViPhoto/Shutterstock.com
ჩინეთში ოქროს ახალი მადანი აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე მოპოვებულთაგან სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ბოლო დროს ამ ძვირფასი ლითონის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, მისი სავარაუდო ღირებულება 192 მილიარდ აშშ დოლარია.
მას ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ლიაონინის პროვინციაში მიაგნეს და დადონგუს მადნად მოიხსენიებენ (ის სწორედ ამ სახელის მქონე მაღაროში იპოვეს). ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი მასა 2586 ტონას უდრის. თითო ტონაში ოქროს შემცველობა 0.56 გრამია, რაც ნიშნავს, რომ საერთო ჯამში მადანში 1444 ტონა ძვირფასი ლითონია.
დადონგუს მაღარო ჩინეთის სახელმწიფო ოქროს ჯგუფის, ლიაონინის მინერალური გეოლოგიის ჯგუფისა და ინგქოუს მუნიციპალური მთავრობის თანამშრომლობით შეიქმნა. მათი მიზანია, რომ 2024-27 წლებს შორის პერიოდში 20 მილიარდი იუანის ($2.82 მილიარდი) ოდენობის ინვესტიცია მიიზიდონ. ამის შედეგად მრავალმხრივი ინდუსტრიული ერთეულის დაფუძნება სურთ, რომელიც მადნის მოპოვებიდან მის წარმოებამდე ყველა საფეხურს მოიცავს.
ჩინეთისთვის მსგავსი მადნების მიკვლევა უცხო არაა. მაგალითად, 2024 წლის მიწურულს ხუნანის პროვინციაში $83 მილიარდი ღირებულების ძვირფას ლითონს მიაგნეს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე მოქცეულია არეალი, სადაც რამდენიმე ტექტონიკური ფილა იკვეთება. ამის შედეგად რეგიონი მაღალი გეოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა და ოქროს ფორმირებისთვის საჭირო პირობების წარმოქმნას უწყობს ხელს.
ჩინეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოქროს ყველაზე დიდი მწარმოებელია, რომლის შემდეგაც მოწინავე ადგილს რუსეთი და ავსტრალია იკავებს. ქვეყანა ბაზარზე დომინანტობის შენარჩუნებას სოლიდური ინვესტიციებით ცდილობს, ახალი მადნის აღმოჩენა კი ამაში უფრო მეტად დაეხმარება.
ეს ემთხვევა პერიოდს, როცა ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა — 2025 წლის ოქტომბერში დაახლოებით 31 გრამი ოქროს ფასმა 4000 დოლარს მიაღწია. პარალელურად იზრდება მასზე მოთხოვნაც, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ფართო ეკონომიკური არასტაბილურობაა. ასეთ დროს კი ბანკებიცა და ადამიანებიც თანხის ჩადებას სწორედ ოქროში ამჯობინებენ, რადგან ეს ნაბიჯი ნაკლებ სარისკოა.

კომენტარები