მაიას ცივილიზაციის უდიდესი მონუმენტი შეიძლება "სამყაროს რუკა" იყოს
ფოტო: Takeshi Inomata
ახალი კვლევის თანახმად, სამხრეთ მექსიკაში მაიას ცივილიზაციის მიერ აშენებული კოლოსალური სტრუქტურა კოსმოგრამაა — სამყაროს სიმბოლური "რუკა". საინტერესოა ისიც, რომ ეს უზარმაზარი მონუმენტი, სახელად Aguada Fénix, ჯერ კიდევ იმ დროსაა აშენებული, როცა იმპერიის იერარქიული წყობა ჩამოყალიბდებოდა. ეს ნიშნავს, რომ მის აგებაზე ადამიანები თავიანთი ნებით მუშაობდნენ.
სტრუქტურის სიგრძე და სიგანე 9 და 7.5 კილომეტრია. წინა კვლევის ფარგლებში ლაზერული სკანირების მეთოდით ერთგვარი ცენტრალური პლატფორმა გამოავლინეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1050-700 წლებს შორის პერიოდით დათარიღდა. მისი სიგრძე 1400 მეტრია, სიგანე კი 400 მეტრს შეადგენს.
დამატებითი გათხრებისთვის იქ 2020-2024 წლებში დაბრუნდნენ. შედეგად დაადგინეს, რომ Aguada Fénix ამ ცენტრალური პლატფორმიდან შორს კიდევ ვრცელდება: დიდი ზომის არხები 35 მეტრი სიგანისაა და მათი სიღრმე 5 მეტრს აღწევს. ისინი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მართული, წყლით მათ მოსამარაგებლად აგებულ კაშხალთან ერთად.
"ეს მას მაიას ისტორიაში უძველეს და უდიდეს ნაგებობად აქცევს", — აცხადებენ მეცნიერები, რომელთა თქმითაც, Aguada Fénix მესოამერიკის ყველაზე ძლევამოსილი ქალაქების მასშტაბებს აჭარბებს ან ედრება.
მკვლევრები ამბობენ, რომ მონუმენტს რაიმე პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია. სწორედ ამის გამო ვარაუდობენ, რომ ის კოსმოსის გამოსახვისთვის აშენდა, თანაც მიმართულებები ჰორიზონტის 4 მხარეს ემთხვევა.
ცენტრალური ნაწილი ჯვრის ფორმისაა და მისი სხვადასხვა მხარე განსხვავებული პიგმენტითაა შეფერილი: ლურჯით ჩრდილოეთი, მწვანით აღმოსავლეთი, ყვითლით კი — სამხრეთი. ეს მესოამერიკაში მიმართულების აღნიშვნისთვის ფერთა ასეთი სიმბოლური გამოყენების ყველაზე ადრეული მტკიცებულებაა.
რაც შეეხება მაიას ცივილიზაციაში სოციალური იერარქიის წარმოშობას, ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წლიდან შეინიშნება. ამის მაგალითი მეფეების ან მმართველების ქანდაკებები და გამოსახულებებია, მაგრამ Aguada Fénix-ში მსგავსი რამ არაა. იქ ჩვეულებრივი ადამიანების გამოცდილებასთან დაკავშირებული სკულპტურებია: ნიანგი, ჩიტი და მშობიარე ქალი.
შესაბამისად, ამ ნაგებობის შექმნაში ადამიანები ძალდატანებით, ვინმე ბრძანებით, არ მონაწილეობდნენ. ამის მიუხედავად, მათ ზედამხედველები უნდა ჰყოლოდათ, რომელთაც ასტრონომიული ცოდნა ექნებოდათ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

კომენტარები