ღრძილების დაავადება და კარიესი ინსულტის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს
ფოტო: claudiodivizia/Canva
საკმაოდ გახშირდა კვლევები, რომლებიც პირის ღრუს პრობლემებს ისეთ მდგომარეობებთან აკავშირებს, როგორიც, მაგალითად, დემენცია და დიაბეტია. ახლა მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამგვარი ასოციაციაა ინსულტთანაცაა, როცა ღრძილების დაავადება და კარიესი შეინიშნება. მათი კომბინაცია, როგორც რიკს-ფაქტორი, ერთად აქამდე იშვიათად განხილულა — უფრო მეტად ყურადღება მათ ცალ-ცალკე ექცეოდა.
"აღმოვაჩინეთ, რომ ერთდროულად ღრძილების დაავადებისა და კარიესის მქონე ადამიანები ინსულტის ორჯერ დიდი რისკის წინაშე იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისი ორალური ჯანმრთელობაც დამაკმაყოფილებელი იყო. ეს მაშინაც კი, როცა გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები კონტროლდებოდა", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ საშუალოდ 63 წლის ასაკის 5 986 ინდივიდი შეისწავლეს, რომელთა მდგომარეობასაც 21 წელი აკვირდებოდნენ. მონაწილეთაგან მანამდე არცერთს ჰქონია გადატანილი იშემიური ინსულტი, გულის კორონალური დაავადება ან მხოლოდ კარიესი, ღრძილების პრობლემის გარეშე.
ისინი სამ ჯგუფად დაჰყვეს: კარგი ორალური ჯანმრთელობის, ღრძილების დაავადებისა და მასთან ერთად კარიესის მქონედ. დადგინდა, რომ ინსულტი პირველთა მხოლოდ 4.1%-ში დაფიქსირდა, მეორეში 6.9%-ში, მესამეში კი — 10%-ში.
შემდეგ მკვლევრებმა ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორიც სხეულის მასის ინდექსი და მწეველობაა. ამის შედეგად საბოლოო გამოთვლებმა აჩვენა, რომ ღრძილების პრობლემის მქონენი ინსულტის 44%-ით მეტი რისკის წინაშე იყვნენ, ვიდრე ჯანმრთელები. თუკი მათ კარიესიც აღენიშნებოდათ, ეს მაჩვენებელი 86%-ზე ადიოდა.
რა იწვევს ასეთ ასოციაციას, ზუსტად დადგენილი არაა. შესაძლოა, მიზეზი ანთებითი პროცესი და პირის ღრუდან ორგანიზმში ბაქტერიების გავრცელება იყოს, რაც არტერიებს აზიანებს. დენტალური პრობლემების კომბინაციის 81%-ით თავიდან აცილება სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტითაა შესაძლებელი, ღრძილების შემთხვევაში კი კვლევამ რისკის 29%-იანი შემცირება აჩვენა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Neurology Open Access გამოქვეყნდა.

კომენტარები