სავარაუდოდ, ჩინურ კოსმოსურ აპარატს რაღაც შეეჯახა — ასტრონავტთა შინ დაბრუნება გადაიდო
ფოტო: Getty Images
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მისია Shenzhou-20-ში მონაწილე ეკიპაჟის დედამიწაზე დაბრუნება გადაიდო. ამის მიზეზი მათ ხომალდთან მცირე ზომის ორბიტალური ნარჩენის შესაძლო შეჯახება გახდა.
"ვვარაუდობთ, რომ Shenzhou-20-ის საეკიპაჟო აპარატს კოსმოსური ნარჩენის მომცრო ფრაგმენტი შეეჯახა. მომხდარის გაანალიზება და რისკის განსაზღვრა ამჟამად მიმდინარეობს", — თქვეს სააგენტოში.
Tiangong-ის სახელით ცნობილ ჩინურ კოსმოსურ სადგურში მყოფი ასტრონავტები სპეციალური კოსმოსური კაფსულით პლანეტაზე 5 ნოემბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამის მიუხედავად, ეკიპაჟს პლანეტის ორბიტაზე დაგეგმილზე დიდხანს მოუწევს დაყოვნება, რადგან სააგენტო მათ უსაფრთხოებაში უნდა დარწმუნდეს.
Shenzhou-20-ის ეკიპაჟი სამი ასტრონავტისგან შედგება, ესენი არიან: ჩენ დუნი, ჩენ ჯუნჟუი და ვანგ ჯი. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი შინ გამომგზავრებას, რადგან ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
მათი შემცვლელი ასტრონავტების ჯგუფმა მისია Shenzhou-21-ის ფარგლებში სადგურამდე გასულ კვირას მიაღწია. ცნობისთვის, ჩინურ კოსმოსურ სადგურზე 3 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი, როგორც წესი, ყოველ 6 თვეში იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ახლა იქ 6 ასტრონავტია.

კომენტარები