5 თანამედროვე შეიარაღება, რომლებიც პირველად სამეცნიერო ფანტასტიკაში გამოჩნდა
ფოტო: Hyper stealth Biotechnology
სამხედრო ტექნოლოგიები, როგორებიცაა ძრავიანი ეგზოჩონჩხები, უხილავი მასალები, ავტონომიური მანქანები და ლაზერული იარაღი, ადრე სამეცნიერო ფანტასტიკის იდეები იყო. დღეს ეს ტექნოლოგია ნაწილობრივ უკვე გამოჩნდა და ჯარისკაცების შესაძლებლობებს აუმჯობესებს.
ძრავიანი ეგზოჩონჩხი
ფოტო: X
ეგზოჩონჩხი ოდესღაც სამეცნიერო ფანტასტიკა იყო. მართალია ისეთი ძრავიანი ეგზოჩონჩხი ჯერ კიდევ არ არსებობს, როგორიც ეს Iron Man-შია, მაგრამ პროტოტიპები უკვე სახეზეა.
ეგზოჩონჩხი არის რობოტული ან ბიომექანიკური მოწყობილობა, რომელიც ადამიანს დამატებით ძალასა და გამძლეობას მატებს. ეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთის აწევის დროს არის გამოსადეგი. ბუნებრივია, მსგავსი ტექნოლოგია საბრძოლო მოქმედებების დროსაც აქტუალური ხდება.
მაგალითად, Lockheed Martin-ის ONYX ჩონჩხები ამცირებს დაღლილობას და შეუძლია წინასწარ პროგნოზირება მოძრაობების, რაც ჯარისკაცებს უფრო სწრაფსა და ძლიერს ხდის.
უხილავი ტექნოლოგია
ფოტო: Futurism
სრული უხილაობა რთულად მისაღწევია, მაგრამ "კვანტური ფარულობის" მასალები სინათლეს ობიექტების გარშემო ხრის. კანადელი მეცნიერების მიერ შემუშავებული ეს ტექნოლოგია ჯარისკაცებსა და ტექნოლოგიას შეუიარაღებელი თვალისთვის თითქმის უხილავს ხდის.
დღეს მსგავსი ტექნოლოგია პროტოტიპის დონეზე არსებობს. კომპანია HyperStealth აცხადებს, რომ შექმნა მასალა, რომელიც სინათლეს ობიექტების გარშემო ხრის. შესაბამისად, ასეთი საგანი ადამიანის თვალისთვის უხილავი ხდება.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს: მსგავსი "უხილაობა" მიღწეულია მხოლოდ ვიწრო ტალღის სიგრძეებზე ან პატარა ობიექტებზე, ლაბორატორიულ პირობებში.
ასევე: შექმნეს "უჩინმაჩინის მოსასხამი" — იგი სტრუქტურულ მასალებში ხვრელებს მალავს
ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
ტაქტიკური მსუბუქი საბრძოლო ჩაცმულობა
ფოტო: Defensemedianetwork
სამხედროებში Iron Man-ის კოსტიუმის სახელით ცნობილი TALOS იცავს ჯარისკაცებს ტყვიებისგან, აკონტროლებს მათ ჯანმრთელობასა და სიბნელეში მხედველობას აუმჯობესებს. ამჟამად მის სხვადასხვა ვერსიას ტესტავენ, რათა საბრძოლო ზონაში უსაფრთხოება გაუმჯობესდეს.
ამ ჩაცმულობის სენსორები აკონტროლებს გულისცემას, ტემპერატურას, სუნთქვასა და კუნთების დატვირთვასაც.
მსგავსი მოდელების უმეტესობა ახლა გამოცდის ფაზაშია. ტესტირებები ძირითადად სამხედრო ბანაკებში ხდება.
მკვლევრებს ტექნოლოგიის ხელოვნური ინტელექტთან ინტეგრაცია უნდათ. მონაცემთა ანალიზით ამ საბრძოლო სისტემას საფრთხეზე წინასწარი რეაგირება შეეძლება.
ავტონომიური სამხედრო მანქანები
ფოტო: X
დრონები და უპილოტო სახმელეთო მანქანები დღეს უკვე გავრცელებულია, მაგრამ ავტონომიური მანქანა, რომელიც კიდევ უფრო დამოუკიდებელია, შეიძლება სულ მალე გამოჩნდეს. მსგავსი პროტოტიპები უკვე არსებობს. ასეთი რობოტები ადამიანების კონტროლის გარეშე ახორციელებენ სახიფათო დავალებებს, რაც უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას აუმჯობესებს.
მსგავსი ავტონომიური სისტემები ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. ასეთ მოწყობილობებს ტვირთის გადატანა, ნაღმების განეიტრალება და ბევრი სხვა ფუნქცია აქვს.
მათთვის სამიზნის თვითნებურად განადგურების უფლების მინიჭებას ჯერ კიდევ ერიდებიან, რადგან ეს ეთიკურ საკითხებს აჩენს. მაგრამ ვინ იცის, შეიძლება მალე რობოტებმა ბრძოლის ველზე გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ.
ლაზერული იარაღი
ფოტო: British Defence Ministry
ლაზერული იარაღი, რომელიც დიდი ხანია სამეცნიერო ფანტასტიკის განუყოფელი ელემენტი იყო, ახლა რეალობად იქცა.
მაგალითად, 2022 წელს შევიტყვეთ, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ლაზერული თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოცადა.
აშშ-ის საზღვაო ძალებში, ახალი ლაზერული თავდაცვის სისტემის (LLD) დახმარებით, წარმატებით ჩამოაგდეს სამიზნეები, მათ შორის მაღალსიჩქარიანი დრონები. ეს სისტემის ტესტირება იყო.
ლაზერი მოწყობილობაა, რომლის დახმარებითაც სინათლის ტალღისა და სიხშირეების გაერთიანებით სინათლის კონცენტრირება ხდება. დღეს თანამედროვე ლაზერულ ტექნოლოგიას სინათლის სხივების ელექტრომაგნიტური სპექტრის თითქმის ნებისმიერ ნაწილში გაძლიერება შეუძლია, გარდა გამა ტალღებისა.
ბუნებრივია, ამ ტექნოლოგიის გამოყენება სამხედრო მიზნებითაც სურთ და ის სულ უფრო რეალური ხდება.

კომენტარები