რატომ ვანიჭებთ ქათმის ხორცს უპირატესობას სხვა ფრინველების ხორცთან შედარებით?
ფოტო: Insight Security
ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რატომ არ ვჭამთ ქათმების გარდა სხვა ფრინველებს? ყოველ შემთხვევაში, იმავე მასშტაბით მაინც. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
მოდი, ჯერ იმის განხილვა დავიწყოთ, თუ როგორ და როდის დავიწყეთ ქათმების ჭამა. ინგლისელი ნატურალისტის, ჩარლზ დარვინის თქმით, შინაური ქათმები ბანკივური ქათმებისგან წარმოიშვნენ. ერთ-ერთ თანამედროვე ნაშრომში ვკითხულობთ, რომ შინაურმა ქათმებმა მიტოქონდრიული გენომი და ბირთვული გენომის უდიდესი ნაწილი ბანკივური ქათმებისგან მიიღეს, ხოლო ყვითელი შეფერილობის კანის ალელი გარეული ქათმის სხვა სახეობისგანაა.
ბუნდოვანია, ზუსტად როდის დავიწყეთ ქათმების მოშინაურება და ჭამა. ზოგი კვლევა მიუთითებს, რომ ქათმები პირველად დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლისთვის ინდის ველის რეგიონში მოაშინაურეს. მეორე მხრივ, უფრო ახალი კვლევები ძვ.წ. 1650-1250 წლებზე მიგვანიშნებს.
ქათმებისა და მათი კვერცხის საკვებად მოხმარების პოპულარიზებაში რომის იმპერიას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის, თუმცა ეს პროდუქტები ამ დროს ადამიანების რაციონის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდა. ქათმის ხორცის საკვებად მოხმარებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქონლის ხორცის დეფიციტმა განაპირობა.
ქათმების მოშინაურება შედარებით მარტივია: ისინი ზანტები არიან და არც დიდი ინტელექტით გამოირჩევიან. გარდა ამისა, მათ ადამიანებთან თანაცხოვრება მოსწონთ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ქათმები თავიდან ძიძგილაობისთვის მოვიშინაურეთ, მათი საკვებად მოხმარების იდეა კი უფრო გვიან გაჩნდა.
სხვა ფრინველების ხორციც იჭმევა. მაგალითად, მტრედებით უკვე ათასწლეულებია ვიკვებებით, ხოლო ბატები დაახლოებით 4-5000 წლის წინ მოვიშინაურეთ. საქმე ისაა, რომ მტრედების მოშინაურება რთულია, მათ ბარტყებს ჩიტის რძით გამოკვება სიცოცხლის პირველი 10 დღის განმავლობაში რეგულარულად სჭირდებათ. გარდა ამისა, ქათმებისგან განსხვავებით, მათი ხელოვნური განაყოფიერება შეუძლებელია.
საკვებად ვარგისი ფრინველების სიაში გედებიც შედიან. დასავლეთ ევროპაში გედებს საუკუნეების განმავლობაში იშინაურებდნენ და ჭამდნენ. სხვათა შორის, გედის ხორცი ჰენრი VIII-ისა და ელისაბედ I-ის სასახლეში ფავორიტი კერძი გახლდათ. მეორე მხრივ, გედი შედარებით რთული მოსამზადებელია და მის ხორცს თევზის მსგავსი გემო აქვს, რაც ბევრ ადამიანს არ მოსწონს. იმავეს თქმა შეგვიძლია თოლიებზეც.
ამ ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ, ქათმებს უპირატესობას იმიტომ ვანიჭებთ, რომ მათი მოშინაურება უფრო მარტივია და ადამიანების უმრავლესობას მათი გემო ურჩევნია, ვიდრე სხვა ფრინველის. გარდა ამისა, უძველესი ცივილიზაციებისთვის მათი ძიძგილაობა სპორტულ სანახაობას წარმოადგენდა.
კომენტარები