ისლანდიაში კოღოები პირველად შენიშნეს. ეს მას შემდეგ, რაც ამ გაზაფხულზე ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოღოებს მწერების ენთუზიასტი ბიორნ ჰიალტასონი გადააწყდა, როცა ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩრჩილებს აკვირდებოდა.

ორი მდედრი და ერთი მამრი კოღო მოგვიანებით Culiseta annulata სახეობას მიაკუთვნეს. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახეობათაგან, რომლებსაც მძიმე ზამთარში გადარჩენა შეუძლიათ. ამ აღმოჩენამდე ისლანდია კოღოებისგან თავისუფალ რეგიონად მიიჩნეოდა ანტარქტიდასთან ერთად. ამის მიზეზი ნაწილობრივ მისი ცივი კლიმატი იყო.

ფოტო: Wikimedia Commons

კოღოები კიოსში იპოვეს. ესაა მყინვარული ხეობა, რომელიც ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

ჰიალტასონმა აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ველური ბუნების ფეისბუკგვერდზე გაავრცელა და მწერების ფოტოებიც დაურთო. მან იდენტიფიცირებისთვის მწერები ისლანდიის ბუნების ისტორიის ინსტიტუტში გაგზავნა, სადაც ენტომოლოგმა მათიას ალფრედსონმა მისი ეჭვები დაადასტურა.

ალფრედსონმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს სახეობა ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილებში გავრცელებულია, მაგრამ უცნობია, როგორ მოხვდა ის ისლანდიაში.

World Population Review-ს თანახმად, ისლანდიაში კოღოების არარსებობას ძირითადად ცივი კლიმატი და მდგარი წყლის ნაკლებობა იწვევს. ამ პირობების არქონის გამო კოღოებს იქ გამრავლება არ შეუძლიათ.

ამის მიუხედავად, წელს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ფოტო: Arise.tv

როგორც წესი, მაისში ისლანდიაში ტემპერატურა 20°C-ს იშვიათად აღემატება ხოლმე და ისიც მხოლოდ ორ-სამ დღეს გრძელდება. ამის მიუხედავად, წელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ტემპერატურა ამ ზღვარს ზედიზედ 10 დღით გასცდა.

Global Heat Health Information Network-მა ივნისში კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ასეთ ცვლილებებს ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ეკოსისტემებზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს. გასული წელი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო.

ალფრედსონმა აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დამატებითი დაკვირვება იქნება საჭირო, რათა დადგინდეს, ნამდვილად დამკვიდრდა თუ არა კოღოს ეს სახეობა ისლანდიაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.