რას გვეუბნება 6 ათასი წლის "საღეჭი რეზინი" ნეოლითის ხანის გენდერულ როლებზე
ფოტო: White et al., Proc. R. Soc. B, 2025
ნეოლითის ხანაში მცხოვრებ ადამიანებში, სავარაუდოდ, "საღეჭი რეზინი" დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ისინი შავ ფისს, ანუ კუპრს, მოიხმარდნენ. მისი ნარჩენები საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის 6 ათასი წლის წინ მცხოვრებ ადამიანებზე.
არყის ხის ქერქისგან მიღებული კუპრი მსოფლიოს უძველესი ხელოვნური მასალაა. ევროპის ალპებში მცხოვრები ხალხი ამ წებოვან მასას არაერთი მიზნით იყენებდა, იქნება ეს: ქვის იარაღებზე სახელურების მისამაგრებლად, გატეხილი ჭურჭლის შესაკეთებლად თუ უბრალოდ საღეჭად მუშაობის დროს.
"უცნობია, ზუსტად რატომ ღეჭავდნენ კუპრს ადამიანები მაშინ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მას სამკურნალოდ იყენებდნენ. მასში ბევრი ისეთი ნივთიერებაა, რომლებსაც მიკრობების დახოცვა შეუძლია", — აცხადებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის არქეოლოგთა გუნდი ანა უაითის ხელმძღვანელობით.
მკვლევართა გუნდმა ალპების რეგიონში კუპრის 30 ნარჩენი შეისწავლა, რომლებიც 9 ადგილიდან იყო აღებული. მათგან 12 ჩვეულებრივი "საღეჭი რეზინი" იყო.
წებოვანი მასალების დადებითი მხარე ისაა, რომ ბუნებიდან უამრავ ნივთიერებას დიდი ხნით ინახავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღეჭვისას კუპრში მიკრობების ნიმუშები და დნმ რჩება ადამიანის პირის ღრუდან. მეცნიერებმა ზოგიერთ ნიმუშში სელისა და ყაყაჩოს თესლების კვალიც კი იპოვეს. ჯერჯერობით გაუგებარია, ყაყაჩო უბრალოდ საკვებად გამოიყენებოდა თუ დამამშვიდებელი ეფექტისთვის.
ახლად აღმოჩენილ ნიმუშებში ადამიანის დნმ იმდენად კარგად იყო შემონახული, რომ მეცნიერებმა მათი მომხმარებლების სქესიც კი დაადგინეს.
"ადამიანის დნმ-ისა და მიკრობების არსებობა ადასტურებს, რომ კუპრი დასაღეჭად გამოიყენებოდა. დნმ-ის წყალობით მომხმარებლის სქესიც გავიგეთ, რაც წარსულში კაცებისა და ქალების საქმიანობაზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის", — წერენ მეცნიერები.
საინტერესოა, რომ გათხრებისას აღმოჩენილ ქვის საბრძოლო იარაღებში კუპრი წებოდ იყო გამოყენებული, ამ იარაღებიდან კი ყველა კაცებს ეკუთვნოდა. რაც შეეხება თიხის ჭურჭელს, სამივე მათგანში გამოყენებული კუპრი ქალის დნმ-ს შეიცავდა.
ნეოლითის ხანის ადამიანთა ნაშთებს ძალიან იშვიათად ვპოულობთ, ამიტომ უძველესი "საღეჭი რეზინები" ჩვენს შორეულ წარსულზე უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის. აღმოჩენა ერთი შეხედვით უბრალო ნარჩენს ჰგავს, თუმცა მან ჩვენი წინაპრების დიეტა, საქმიანობა და გენდერული დაყოფაც კი შემოგვინახა.


კომენტარები