რა არის 3/I Atlas — ყველაფერი, რაც იდუმალ ციურ ობიექტზე ვიცით
ფოტო: NASA
იმისთვის, რომ 3/I Atlas-ზე ვისაუბროთ, პირველ რიგში უნდა ავხსნათ, თუ რა არის კომეტა.
კომეტები
კომეტები ვარსკვლავური სისტემების ფორმირების პერიოდიდან შემორჩენილი მასალისგან შედგება. ჩვენი მზის სისტემისთვის ეს მტვერსა და ყინულს ნიშნავს, რომელიც 4.6 მილიარდი წლის წინანდელია. კომეტის ცენტრში არის ცენტრალური, მყარი ბირთვი, იგივე "ჭუჭყიანი თოვლის ბურთი", რომელიც გაყინული წყლის, მტვრისა და აქროლადი ნივთიერებებისგან შედგება. ეს აქროლადი ნივთიერებებია ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, მეთანი და ამიაკი.
როდესაც კომეტა მზეს უახლოვდება, სითბო ზედაპირის ყინულს აირად გარდაქმნის, რაც ბირთვის გარშემო დროებით ატმოსფეროს, ე.წ. კომას წარმოქმნის. გამოყოფილი მტვერი და გაზი კომეტას ბუნდოვან იერს სძენს და მილიონობით კილომეტრზე გადაჭიმულ კუდს წარმოქმნის. კომეტებს ორი კუდი აქვს: ერთი თეთრია და კომეტიდან წამოსული მტვრის ტალღებით წარმოიქმნება, მეორე კი მოლურჯოა და ელექტრულად დამუხტული მოლეკულებისგან, ანუ იონებისგან შედგება. იონური კუდი მზისგან საპირისპირო მიმართულებითაა მიმართული, კომეტის პოზიციის მიუხედავად.
ფოტო: Chris Pietsch/AP
ვარსკვლავთშორისი კომეტები
როგორც სახელიდანაც ჩანს, ასეთი კომეტები კიდევ უფრო შორიდან მოდის, რადგან ისინი სხვა ვარსკვლავური სისტემების ნარჩენებისგან წარმოიქმნა. ჩამჭერი ვარსკვლავის ან სხვა მასიური სხეულის გრავიტაციულ ველთან შემთხვევითმა გადაკვეთამ შეიძლება ეს კომეტები კურსიდან ამოაგდოს და ჩვენი მიმართულებით გამოგზავნოს. აქამდე ასტრონომებმა მზის სისტემაში მხოლოდ სამი ვარსკვლავთშორისი კომეტა შენიშნეს. პირველი, 1I/ʻOumuamua, 2017 წელს აღმოაჩინეს. მეორე, 2I/Borisov, 2019 წელს შენიშნეს, ხოლო უახლესი, 3I/Atlas, მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირდა.
ასევე: მზის სისტემას მესამე ვარსკვლავთშორისი "სტუმარი" ეწვია, რომელიც წინა სტუმრებს არ ჰგავს
რა ინფორმაციის მატარებელია ასეთი კომეტა?
ვარსკვლავთშორისი კომეტები სხვა ვარსკვლავური სისტემების ერთადერთი მასალაა, რომლის დაკვირვებაც ასტრონომებს შედარებით ახლოდან შეუძლიათ. თუ კომეტა მზესთან ახლოს გაივლის, მისგან ამოფრქვეული მტვერი და აირები წარმოშობილი ვარსკვლავური სისტემის ქიმიურ ინგრედიენტებს ავლენს.
"ეს ობიექტები პირველი საშენი ბლოკებია, რომელთა დაკვირვებაც ამ სისტემებიდან შეგვიძლია. მათგან იმ ვარსკვლავურ სისტემებზე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, რომლებშიც ეს კომეტები ჩამოყალიბდა", — ამბობს მიხაელ კუპერსი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიების, Comet Interceptor-ისა და Hera-ს პროექტის მეცნიერი.
ამ მხრივ 3I/Atlas ძალიან საინტერესო ობიექტია. სხვა მსგავსი კომეტებისგან განსხვავებით, 3I/Atlas ჩვენთან უფრო ახლოს ჩაივლის. აქამდე ასტრონომებმა ვერ შეძლეს ოუმუამუას გარშემო დიდი რაოდენობით გაზის ან მტვრის აღმოჩენა. მეორე მხრივ, 3I/Atlas მზესთან ბორისოვზე ბევრად უფრო ახლოს მივა. შედეგად ანალიზისთვის მეტი გაზი და მტვერი გამოიყოფა.
რამდენად განსაკუთრებულია 3I/Atlas?
ასტრონომებმა აქამდე ძალიან ცოტა ვარსკვლავთშორისი კომეტა დააფიქსირეს. ამიტომ იმის თქმა, თუ რომელი ვარსკვლავთშორისი კომეტაა განსაკუთრებული რთულია. მეორე მხრივ, 3I/Atlas-თან დაკავშირებით რამდენიმე მახასიათებელი ცალსახად საინტერესოა. ადრეული ანალიზის მიხედვით, 3I/Atlas-ის დიამეტრი 440 მეტრია, ხოლო სიგრძე 5.6 კმ-მდეა. ეს მას პოტენციურად უფრო დიდს ხდის, ვიდრე სიგარის ფორმის ოუმუამუაა, რომლის სიგრძე 400 მეტრამდეა. 3I/Atlas ბორისოვზეც გრძელია, ბორისოვი დაახლოებით კილომეტრია სიგრძეში.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოზე საინტერესო მახასიათებელი ჩანს: 3I/Atlas-ს აქვს კომა, რომელიც მზისკენ ბუშტუკებად მიემართება. ვარაუდობენ, რომ ეს "ანტიკუდი" კომეტაზე ყინულის არათანაბარი სუბლიმაციის შედეგია.
კომეტა მზის სისტემაში ცნობილ სხვა კომეტებისგანაც განსხვავდება. მის ზედაპირზე განსხვავებული ელემენტები ამოიფრქვევა. ასტრონომებმა, რომლებიც ჩილეში მდებარე ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის Very Large Telescope-ს იყენებდნენ, შენიშნეს, რომ კომეტის ამოფრქვევებში ნიკელისა და რკინის თანაფარდობა ძალიან მაღალია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ კომეტაში ნიკელის ტეტრაკარბონილისა და რკინის პენტაკარბონილის ნაერთების სუბლიმაცია ხდება.
სხვა წინასწარი დაკვირვებებითაც ჩანს, რომ კომეტიდან არეკლილი სინათლე უჩვეულოდ პოლარიზებულია — თუმცა ეს შესაძლოა კომეტაში არსებული წყლის ყინულითა და მაგნიუმით მდიდარი სილიკატებით აიხსნას.
საიდან მოდის კომეტები?
დედამიწის გარშემო მოძრავი კომეტები ხშირად კოიპერის სარტყლიდან მოდის, ნეპტუნის მიღმა დამალული ცივი სხეულების ჯგუფიდან. მათ მზის გარშემო თითოეული ბრუნის შესასრულებლად 200 წელზე ნაკლები დრო სჭირდება. სხვა კომეტები ოორტის ღრუბლის სახელით ცნობილი რეგიონიდან მოდის, რომელიც კიდე უფრო შორს არის. ოორტის ღრუბლის კომეტებს მზის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად დაახლოებით 30 მილიონი წელი სჭირდება. ვარაუდობენ, რომ კოიპერის სარტყელში მილიარდობით კომეტაა, ხოლო ოორტის ღრუბელში კიდევ უფრო მეტი.
ფოტოზე 3I/Atlas ნაჩვენები.
ფოტო: Getty Images
რა გზას გადის კომეტა?
3I/Atlas მზის სისტემაში ეკლიპტიკის მახლობლად შევიდა. ეს არის წარმოსახვითი სივრცე, რომელიც მზის გარშემო დედამიწის ორბიტას ასახავს. კომეტა არ შეეჯახება დედამიწას ან მზის სისტემის სხვა რომელიმე პლანეტას. დედამიწასთან ყველაზე ახლოს ის 240 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოხვდება, რაც დედამიწასა და მზეს შორის მანძილს 1.5-ჯერ აღემატება.
კომეტასთან დაკავშირებით ბევრი უცნაური ვერსიაც გავრცელდა. ამერიკელმა ასტრონომმა ავი ლოებმა გამოთქვა ვარაუდი, რომ 3I/Atlas შეიძლება უცხოპლანეტელთა ტექნოლოგია იყოს. აღსანიშნავია, რომ ის თავის დროზე ოუმუამუაზეც იმავეს ამბობდა. მას მიაჩნია, რომ კომეტას ტრაექტორია, რომელიც იუპიტერთან, მარსთან და ვენერასთან ახლოს გადის, დაგეგმილია. გარდა ამისა, ლოების თქმით, კომეტა მოვიდა დაახლოებით ცხრაგრადუსიან მანძილზე Wow! სიგნალისგან — 1977 წელს დაფიქსირებული რადიოტალღები, რომელსაც ზოგი უცხოპლანეტურ სიგნალად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, ამ ვერსიაში თავად ლოებიც არ არის დარწმუნებული. მისი თქმით, დიდი ალბათობით ობიექტი ბუნებრივი ვარსკვლავთშორისი მოვლენა აღმოჩნდება.
კიუპერსიც ასე ფიქრობს: "ის კომეტას ჰგავს და კომეტასავით იქცევა. არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ ეს სხვა რამ არის. მონაცემებით მანიპულაცია და სხვადასხვა შეხედულების გამოთქმა შესაძლებელი ყოველთვისაა, მაგრამ მეორე საკითხია, რა არის რეალობა".
რას უნდა ველოდოთ?
ასტრონომებს 3I/Atlas-ის მეტი ფოტოს გადაღება სურთ. ისინი ამისთვის როგორც ხმელეთზე, ისე კოსმოსში განლაგებულ ტელესკოპებს გამოიყენებენ. რამდენიმე დღის წინ ESA-მ მარსის მისიებიდან, Trace Gas Orbiter-იდან და Mars Express-დან, გადაღებული სურათები გაავრცელა. კომეტა 30 მილიონი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა, ამიტომ პატარა წერტილად ჩანს, მაგრამ მისი კომა შესამჩნევია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მზის სითბო და გამოსხივება კომეტაზე მოქმედებს. როდესაც კომეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდება, ის მზის უკან იქნება, მაგრამ ნოემბრის ბოლოს ხელახლა გამოჩნდება, რაც ასტრონომებს მასზე დაკვირვების კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს.
კომენტარები