ახლახან NASA-ში განაცხადეს, რომ ასტრონავტები მთვარისკენ, შესაძლოა, 2026 წლის თებერვალში გაემგზავრონ, საბოლოო თარიღად კი აპრილი განიხილება. ეს მისია არტემის 2-ის ფარგლებში იგეგმება, რომელიც ბოლო 50 წელში პირველი ასეთი ფრენა იქნება.

პროგრამის მიზანი მთვარეზე ადამიანთა დაბრუნება, საბოლოოდ კი იქ ბაზის დაარსებაა. პირველ ჯერზე 4 ასტრონავტს გაუშვებენ, რომელთა ფრენის ფანჯარაც 5 თებერვალს იხსნება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტი ეკიპაჟის უსაფრთხოებაა. შესაბამისად, ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

პროგრამის პირველი მისია უეკიპაჟო იყო და ის 2022 წლის ნოემბერში შედგა. ხომალდმა მთვარეს შემოუარა და დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნდა. რაც შეეხება მომდევნო ფრენას, არტემის 2-ის ვოიაჟი ათი დღე გაგრძელდება — მთვარისკენ და უკან. ეკიპაჟის წევრები იქნებიან ქრისტინა კოხი, რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი და ჯერემი ჰანსენი.

ასევე, იხილეთ: მათი სახელები ისტორიაში შევა — გაიცანით მთვარის მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი

ისინი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან, მაგრამ პირველები იქნებიან, რომლებიც 1972 წლის მისია Apollo 17-ის შემდეგ დედამიწის დაბალ ორბიტას გასცდნენ. ასევე, ისინი ყველაზე შორს გაფრინდებიან — მთვარიდან სულ მცირე 9200 კილომეტრ მანძილზე.

ასტრონავტები Orion-ის სახელით ცნობილ კაფსულში მოთავსდებიან, რომელიც რაკეტა Space Launch System (SLS)-ის თავზე დამონტაჟდება. ორბიტაზე მათ სწორედ ეს აპარატი გაიყვანს, რის შემდეგაც ხომალდის მეორე საფეხური განცალკევდება, მზის პანელები კი გაიშლება, რათა ენერგია მიიღოს.

25-საათიანი სისტემური შემოწმების მომდევნო ეტაპზე ეკიპაჟი Orion-ის ხელით მართვაზე გადავა, რათა რაკეტის მეორე საფეხურთან მიმაგრების "რეპეტიცია" გაიაროს. ეს მთვარეზე დაშვებისთვის მოსამზადებელი პროცედურაა, რომელიც არტემის 3-ის მონაწილეებს დაეხმარება.

არტემის 2-ის მარშრუტი.

ფოტო: ESA/BBC

23-საათის შემდეგ აპარატის ძრავები ამუშავდება და მას მთვარის მიმართულებით უბიძგებს. ეს მოგზაურობა ოთხი დღე გაგრძელდება და მის განმავლობაში ასტრონავტები დროს ისევ ტექნიკურ შემოწმებებს დაუთმობენ. ჩატარდება ექსპერიმენტებიც. მაგალითად, მეცნიერები ეკიპაჟის წევრების სხეულის ცვლილებებს დააკვირდებიან, რისთვისაც მთვარისკენ გაფრენამდე და უკან დაბრუნების შემდეგ მათი სისხლიდან პატარა ორგანოიდებს გაზრდიან და გაანალიზებენ.

ასტრონავტები მთვარეს გასცდებიან და მომდევნო ოთხ დღეს უკვე დედამიწაზე დაბრუნებას მოანდომებენ — პლანეტას მოუახლოვდებიან, ატმოსფეროში შემოვლენ და კალიფორნიის სანაპიროზე პარაშუტებით დაეშვებიან.

ამ მისიის წარმატება პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენად მალე განხორციელდება არტემის 3, რომლის დროსაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გაივლიან. NASA-ში აცხადებენ, რომ პროგრამის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ყველაზე ადრე 2027 წლის შუა პერიოდში შედგება. ამგვარი ვადები გასაკვირი არაა, რადგან რაკეტა Starship, რომელსაც უდიდესი როლი ექნება, ტესტირებებისას ჯერ კიდევ ფეთქდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.