მეცნიერებმა "სპერმბოტები" შექმნეს, რომელთა მოძრაობის რეალურ დროში გაკონტროლებაც მაგნიტურადაა შესაძლებელი. ესაა მაგნიტური ნანონაწილაკებით დაფარული სპერმის უჯრედები, რომლებიც ქალის რეპროდუქციული ორგანოს რეალური ზომის ანატომიურ მოდელზე გამოცადეს. ამ დემონსტრაციას მკვლევრები თვალს რენტგენული სხივების მეშვეობით ადევნებდნენ.

"ბუნებაში არსებულ უჯრედთა ტრანსპორტირების სისტემებს პროგრამირებად მიკრობოტებად გარდავქმნით", — აცხადებს ისლამ ხალილი, ახალი ნაშრომის ხელმძღვანელი.

მიკრობოტები მიკროსკოპული ზომის მოწყობილობებს ეწოდება, რომელთა ორგანიზმში შეყვანაც (მიზანმიმართული სამედიცინო მკურნალობისთვის) შესაძლებელია. მაგალითად, 2022 წელს ამ მეთოდით მომაკვდინებელი პნევმონიის მქონე თაგვებში ინფექცია გაანადგურეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ "სპერმბოტების" გამოყენება ქალის რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა ნაწილამდე (მაგალითად, საშვილოსნომდე) მედიკამენტების მისატანადაა შესაძლებელი. ასეთი ხერხი სხვადასხვა პრობლემის მკურნალობას გაამარტივებს, მათ შორის სიმსივნის ან ფიბროიდების.

ისლამ ხალილის გუნდმა ბიოჰიბრიდული მაგნიტური მიკრობოტები 2020 წელს წარადგინა. ახალი კვლევის ფარგლებში კი დაადგინეს, რომ რობოტების საფარველში რკინის ოქსიდის კონცენტრაციის გაზრდა მათი უკეთესად გაკონტროლებისა და დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ამასთან, ეს ნანონაწილაკები საშვილოსნოსთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის საშვილოსნოს უჯრედებთან შემხებლობიდან 72 საათში ტოქსიკურობის რაიმე ნიშანი არ გამოვლენილა.

მეცნიერებმა ეს მიკრობოტები სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილ რეპროდუქციულ ტრაქტზე გამოცადეს. მათ საშვილოსნოს ყელისკენ გარე მაგნიტური ველის დახმარებით უბიძგეს, შემდეგ ღრუსკენ და ბოლოს ფალოპის მილებისკენ, სადაც ხშირად განაყოფიერება მიმდინარეობს.

აღმოაჩინეს, რომ მიკრობოტებისთვის თვალის მიდევნება მთელი ამ პროცესის განმავლობაში რენტგენული სხივებითაა შესაძლებელი, რაც ბუნებრივი სპერმის შემთხვევაში გამორიცხულია. ეს ბევრ თერაპიულ შესაძლებლობას აჩენს, რაც მნიშვნელოვანია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში npj Robotics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.