კოღოები ადამიანებს თითქმის ყველა ქვეყანაში გვკბენენ. ალბათ, ყველას ხშირად გვიფიქრია ისეთ ადგილას ცხოვრებაზე, სადაც ეს სისხლისმწოველი პარაზიტები არ იქნებიან. სინამდვილეში მართლა არსებობს ქვეყანა, რომელშიც კოღოები არ გვხვდებიან.

ასეთი ქვეყანა ისლანდიაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ კოღოები არ გვხვდებიან, მის მეზობლად, ნორვეგიაში, შოტლანდიასა და გრენლანდიაში, ისინი მრავლად არიან.

საინტერესოა, როგორ ხდება, რომ ისლანდიაში კოღოები არ არსებობენ? მეცნიერებს რამდენიმე თეორია აქვთ. პირველი ვარაუდის თანახმად, კოღოები კუნძულოვან ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ მოხვდნენ. ისლანდიიდან ევროპის კონტინენტამდე მანძილი დაახლოებით 1000 კილომეტრია.

არის იმის შანსიც, რომ კოღო თვითმფრინავში და შემდეგ ნებისმიერ ქვეყანაში მოხვდეს. ისლანდიის უნივერსიტეტის ტბათმცოდნეობის პროფესორმა გისლი-მარ გისლასონმა დაადასტურა, რომ გრენლანდიიდან ირლანდიისკენ ფრენის დროს კოღო დაიჭირა. ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც კი ამ მწერებს რამდენიმე საათი გაძლება შეუძლიათ.

თუ კოღოებს თვითმფრინავით ისლანდიაში მოხვედრა შეუძლიათ, რატომ არ მრავლდებიან იქ? მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში აეროპორტებთან ახლოს გამრავლებისთვის ბევრი ხელსაყრელი ადგილია (ტბორი, ჭაობი), მკაცრი კლიმატი კოღოებს იქ დამკვიდრებაში ხელს უშლის.

ფოტო: Federation Council

კოღოების სიცოცხლის ციკლი ოთხ ეტაპს მოიცავს: კვერცხი, ლარვა, ჭუპრი და ზრდასრული. ისინი კვერცხს წყალში დებენ. ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მწერების ბიოლოგი და ასისტენტ-პროფესორი რობერტ ჯონსი ამბობს, რომ რომ ამ მწერების ლარვებს განვითარებისთვის წყალი სჭირდებათ.

"თბილ რეგიონებში, მაგალითად, ცენტრალური ევროპის ნაწილებში, კოღოები ზამთარს კვერცხის ან ლარვის სახით, შედარებით დაცულ წყლებში ატარებენ, რომლებიც არ იყინება. ზრდასრულ მდგომარეობაში კი სოროებში და სხვა ადგილებში იმალებიან", — ამბობს მეცნიერი.

ისლანდიაში საკმაოდ უცნაური პირობებია. წყლები მუდმივად იყინება და ლღვება.

"ეს ციკლები კოღოს განვითარებას ხელს უშლის; ასევე კვერცხებსა და ლარვებს ანადგურებს", — განმარტავს ჯონსი.

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის გეოთერმული წყლები ზამთარშიც თბილი რჩება, მათი ტემპერატურა შესაძლოა, ზედმეტად მაღალი იყოს კოღოს სახეობებისთვის.

"გეოთერმული წყლების ქიმიური შემადგენლობაც, ალბათ, შეუფერებელია მათი განვითარებისათვის", — ამბობს ის.

მკვლევრის თქმით, ისლანდია შესაძლოა, კოღოებისგან მუდმივად თავისუფალი არ იყოს. თუ თბილი გაზაფხულები ხანგრძლივად შეინარჩუნებს წყლის თხევად მდგომარეობას, კოღოები გამრავლებას და პოპულაციების შექმნას შეძლებენ.

"როგორც ჩანს, ტროპიკული კოღოები აშშ-ში ჩრდილოეთისკენ ფართოვდებიან. ამის მიზეზი თბილი ზამთრებია", — ამბობს იმო ჰანსენი, ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი.

თუ კოღოები ისლანდიაში გავრცელდებიან, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა მათგან თავისუფალი ზონა გაქრება. ჰავაიზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული არქიპელაგია, 1826 წლამდე ეს მწერები არ იყვნენ. შემდეგ ევროპულმა და ამერიკულმა გემებმა კოღოები კუნძულზე შეიყვანეს. კლიმატის ცვლილებამ მათ ისეთ ტყეებში გავრცელებასაც შეუწყო ხელი, რომლებშიც აქამდე მათთვის ცივი ტემპერატურა იყო.

მართალია, კოღოების გავრცელება ისლანდიაში გამორიცხული არაა, თუმცა დაავადებების (მაგალითად, ტროპიკული ციება და ჩიკუნგუნია) გამავრცელებელი სახეობების დამკვიდრების რისკი დაბალია. ისინი მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში არსებობენ.

"სამხრეთ ევროპას კლიმატის ცვლილებებისა და თანამედროვე ტრანსპორტის გამო ასეთი ეპიდემიების გავრცელების მაღალი რისკი აქვს. მიუხედავად ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ ტროპიკული ციების გავრცელება ევროპაში 2080 წლამდე თითქმის შეუძლებელია", — ამბობს ჯონსი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.