იაპონიაში მდებარე ფუძიამა, იგივე ფუჯის მთა, აქტიური სტრატოვულკანია. მართალია, უახლოეს პერიოდში მისი ამოფრქვევის რისკის გაზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა ტოკიოს ხელისუფლებამ ვულკანური კატასტროფისადმი მზაობის დღესთან დაკავშირებით, 22 აგვისტოს, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული და მსგავსი მოვლენის შედეგებს გვიჩვენებს.

მაგალითად, ვიდეოში წარმოჩენილია, რომ ვულკანური ფერფლის ღრუბელს ტოკიომდე საკმაოდ მცირე დროში, 1-2 საათში, შეუძლია მიღწევა. შემდეგ კი ის გზებს, შენობებსა და ქალაქის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას დაფარავს, როგორიც რკინიგზაა. ეს, სავარაუდოდ, იქ სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებასა და ენერგიის მიწოდებას შეაფერხებს. ასევე, ადამიანების სასუნთქი სისტემაც დაზიანდება, რადგან ამგვარი მატერია ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო საკმაოდ რეალისტურია. მის დასაწყისში ქალს ვხედავთ, რომელიც ტელეფონზე ვულკანის ამოფრქვევის შესახებ განგაშის შეტყობინებას იღებს. შემდეგ კადრებში ვულკანური ფერფლის გავლენაა ნაჩვენები, მათ შორის წყლის მარაგზე, რომელიც ბინძურდება. სუბტიტრებში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ფერფლის მცირე რაოდენობასაც შეუძლია როგორც ფიზიკურად, ისე ხილვადობის გაუარესების გამო.

ვულკანური მატერიის სქელი ფენის ზეწოლით ხის სახურავების ჩამონგრევის რისკია ხაზგასმული. ასევე, ეს ნაწილაკები მზის სხივებს დაბლოკავს, ამიტომ, არაა გამორიცხული, ქალაქი სრულ სიბნელეში აღმოჩნდეს — ვინაიდან ელექტროენერგიის მიწოდებაც შეიზღუდება. დროებით ხელი შეეშლება საკვებისა და სხვა საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობასაც.

ვულკანური ღრუბლის გავრცელება.

ფოტო: Tokyo Metropolitan Government Bureau of General Affairs

ფუჯის მთის მწვერვალი იაპონიაში ყველაზე მაღალია და 3776 მეტრზე მდებარეობს. ეს ვულკანი ბოლოს 1707 წელს ამოიფრქვა და ფერფლი ციდან 2 კვირის განმავლობაში ცვიოდა. ფუძიამა დაახლოებით ყოველ 30 წელში ერთხელ აქტიურდებოდა, მაგრამ უკვე 318 წელია, ის მიძინებულია. ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ მომდევნო ამოფრქვევა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას ახალ ვიდეოსთან კავშირი არ აქვს.

ვიდეოს მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ და იცოდნენ, რა უნდა მოიმოქმედონ. მაგალითად, მათ საკვები, წყალი და პირველადი მოხმარების პროდუქტები უნდა ჰქონდეთ მომარაგებული. მარტში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში წერია, რომ ეს პროდუქტები ორი კვირის სამყოფი უნდა იყოს.

იაპონიაში სულ 111 აქტიური ვულკანია, რაც მსოფლიოში მათი მთლიანი რაოდენობის 1/10-ია. ეს იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანა ე.წ ცეცხლოვან სარტყელთან ახლოსაა, სადაც 4 ტექტონიკური ფილა იკვეთება და მიწისძვრებსა თუ ვულკანების ამოფრქვევას განაპირობებს. ასეთი მოვლენა იყო 2011 წლის 9 მაგნიტუდის მქონე ბიძგი, რომელმაც ცუნამი გამოიწვია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.