წონაში კლების ახალმა პრეპარატმა არსებულ მედიკამენტებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა — კვლევა
ფოტო: Getty Images Plus
Ozempic-ისა და Wegovy-ს ბრენდული სახელების ქვეშ, სემაგლუტიდზე დაფუძნებულმა პრეპარატებმა მნიშვნელოვანი ეფექტი იქონია მე-2 ტიპის დიაბეტისა და სიმსუქნის მკურნალობაში.
და, აი, ახლა მესამე ფაზის კლინიკური კვლევის შემდეგ, იმავე სისტემაზე დაფუძნებულმა მკურნალობის ახალმა პრეპარატმა წონაში კლების თვალსაზრისით, შესაძლოა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგები მოგვცეს.
სემაგლუტიდის მსგავსად, ეკნოგლუტიდის სახელით ცნობილი ახალი პრეპარატი გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 რეცეპტორის აგონისტია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორივე მათგანი ჰბაძავს ორგანიზმის GLP-1 ჰორმონს, ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას, მადის შემცირებასა და საჭმლის მონელების შენელებას სისხლში შაქრის დონის დასაწევად.
ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში, ეკნოგლუტიდმა ისევე კარგად იმუშავა, უკეთესად თუ არა, როგორც კიდევ ერთმა GLP-1 პრეპარატმა, სახელად დულაგლუტიდმა.
ეკნოგლუტიდს დამატებით უპირატესობას ანიჭებს ფაქტი, რომ ის შექმნილია კონკრეტული გზის გასააქტიურებლად, რომელსაც cAMP გზა ეწოდება. ეს ხდება ისე, რომ არ ეხება სხეულში მიმდინარე სხვა ქიმიურ წრედებს. ამჟამინდელი პრეპარატები, მათ შორის დულაგლუტიდი, ეკნოგლუტიდის მსგავსად მხოლოდ cAMP-ზე არ არის ორიენტირებული.
"ეს შედეგები უთითებს, რომ ეკნოგლუტიდმა შეიძლება მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობის ახალი ვარიანტი შემოგვთავაზოს", — წერენ მკვლევრები გამოქვეყნებულ ნაშრომში.
ეკნოგლუტიდის დოზები სისხლში შაქრის შემცირების თვალსაზრისით ისეთივე ეფექტიანი იყო, როგორც დულაგლუტიდი.
ფოტო: Lancet Diabetes Endocrinol
კვლევაში 18-დან 75 წლამდე ასაკის 621 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც მე-2 ტიპის დიაბეტის დიაგნოზი ჰქონდათ და უკვე იღებდნენ პირველი რიგის მედიკამენტ მეტფორმინს. მოხალისეებს სთხოვეს, ერთი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ მიეღოთ ეკნოგლუტიდის ან დულაგლუტიდის დოზები.
მკურნალობის ორივე ტიპმა სისხლში შაქრის დონე თანაბრად შეამცირა, თუმცა ეკნოგლუტიდის მიმღებმა მონაწილეებმა წონაში თითქმის ორჯერ მეტი დაიკლეს. ამ შედეგების საფუძველზე, ეკნოგლუტიდი შეიძლება იყოს ორივე ვარიანტიდან უფრო ეფექტიანი, თუნდაც უფრო მცირე დოზით.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეკნოგლუტიდის დამზადება უფრო მარტივი და იაფი იქნება, ვიდრე ბაზარზე ამჟამად არსებული GLP-1 პრეპარატების. ზოგიერთ მოხალისეში გვერდითი მოვლენები გულისრევასა და დიარეას სახით დაფიქსირდა, თუმცა ეს სიმპტომები დროთა განმავლობაში შემსუბუქდა.
სამომავლო კვლევებმა შესაძლოა ეკნოგლუტიდი პირდაპირ სემაგლუტიდს შეადაროს. კვლევები იქნება უფრო მასშტაბურიც და მოიცავს ადამიანების უფრო მრავალფეროვან ჯგუფებს.
კვლევა ჟურნალ The Lancet Diabetes & Endocrinology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები