სდექ! თუკი თქვენი საზაფხულო ფლეილისტისთვის ახალ სიმღერას ეძებთ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან Mechanical Rainbow მსმენელს ახალი მუსიკით დაუბრუნდა.

ბენდმა გულშემატკივრებს კიდევ ერთი კოლაბორაციული სიმღერა — ამჯერად, გიორგი გიგაშვილთან ერთად — შესთავაზა. ახალ სიმღერასთან დაკავშირებით კომენტარი დადუ დონაძეს ვთხოვეთ:

"გვინდოდა, რომ საზაფხულო სიმღერა ყოფილიყო, upbeat ხასიათის. გული საითკენაც მიგვიწევდა იყო ბავშვური სიყვარულის თემა, რადგან ყველა მაგის გარშემო ვერთიანდებით და ახლოა ჩვენთვის ჟანრობრივად და თემატურად", — ამბობს On.ge-სთან ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი დადუ დონაძე.

კოლაბორაციული სიმღერები ნამდვილად არ არის ახალი Mechanical Rainbow-სთვის. გასულ წელს ზაფხულის სიმღერა, SDEQ, ბენდმა სტეფანე და Kordz-თან თანამშრომლობით გამოუშვა, ხოლო ერთი თვის წინ ახალი კოლაბორაცია — MAXSOVS — შემოგვთავაზა.

"ბოლო ხანებში, კოლაბორაციების იდეა ძალიან შეგვიყვარდა და უამრავი ქართველი არტისტია, რომელთანაც დიდი სიამოვნებით ჩავწერდით ნებისმიერი სახის სიმღერას, მაგალითად, ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან — ნიკალა, ნინი ნუცუბიძე, Creams, კოლექტივი, Vaqo და ა.შ", — ამბობს მუსიკოსი.

ფოტო: Kordz/IG

ახალი სიმღერის შესაქმნელად ბენდი გიორგი გიგაშვილთან ერთად მუშაობდა.

გიორგი გიგაშვილი ქართველი პიანისტია. მისი სახელი, შესაძლოა, გეცნოთ ისეთი ცნობილი სიმღერებიდან, როგორებიცაა — Paradise; Little Moments, Big Emotions; Gamodi. გარდა ამისა, ის 2024 წელს ევროპის საკონცერტო დარბაზების ორგანიზაციის (ECHO) ცნობილი პროგრამის, ამომავალი ვარსკვლავების, გამარჯვებული გახდა.

ფოტო: Billboard Georgia

მანამდე, ის BBC-ის New Generation Artists-ის 2-წლიან პროგრამაში მოხვდა და რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

"მასთან მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო, საქმეზე ორიენტირებული, კრეატიული იყო", — ამბობს ბენდის ვოკალისტი.

დადუ დონაძის თქმით, ბენდის წევრებმა გიორგი გიგაშვილი სერიალის გადაღებაზე გაიცნეს და გადაწყვიტეს კოლაბორაციული სიმღერა შეექმნათ. დროის სიმცირის გამო, ცდილობდნენ რეპერტუარი მალევე დაესრულებინათ, მისი პრემიერა სულ ახლახან, კინოთეატრ ამირანში შედგა.

ფოტო: Mechanical Rainbow/IG

"სიმღერისთვის ნინიმ (კლავიში) ძალიან კარგი ტექსტი დაწერა, გიორგიმ თავისიც დაამატა, ხოლო მისამღერი მე და ნინიმ გავაკეთეთ. ძალიან კოლექტიური პროცესი იყო, რადგან ყველა თანაბრად ვმონაწილეობდით", — ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი Mechanical Rainbow 2018 წლის მიწურულს ჩამოყალიბდა, მათმა სადებიუტო სიმღერამ — Aslyum — დღის სინათლე იმავე წლის დეკემბერში იხილა.

ამჟამად, ბენდი აქტიური წერის პროცესშია და, სამომავლოდ ალბომის ან EP-ის გამოშვებას გეგმავს.

ყოველთვის გვინდა, რომ არსით თბილი, გულწრფელი და ხარისხიანი მუსიკა დავწეროთ