ამერიკაში 20 000 წლის წინ წინანდელი "ტრანსპორტის" კვალი აღმოაჩინეს

ფოტო: Gabriel Ugueto/Bournemouth University
ახალი კვლევის მიხედვით, 20 000 წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი მოსახლეები ტვირთისა და, შესაძლოა, ადამიანების ტრანსპორტირებისთვის ხის კონსტრუქციებს იყენებდნენ.
მეცნიერებმა ნიუ-მექსიკოს უაით-სენდსის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ათასობით წლის წინანდელი ნაფეხურები აღმოაჩინეს, რომლის გაყოლებაზეც უჩვეულო კვალი შენიშნეს. ის ძალიან ჰგავს კვალს, რომელსაც A-ს ფორმის კონსტრუქცია ტოვებს. ესაა ხის ორი ძელისგან შექმნილი ტვირთგადამზიდი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა.
გამოცემა Quaternary Science Advances-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ევროპელებთან პირველი კონტაქტის პერიოდში დიდი ვაკეების მკვიდრი მოსახლეობა ასეთი "ტრანსპორტის" გადასაადგილებლად ძაღლებსა და, მოგვიანებით, ცხენებს იყენებდა. 500 წლის წინ სპეციალური კონსტრუქციით მათ საცხოვრებელი კარვები, ავეჯი და სხვა ნივთები გადაჰქონდათ, ზოგჯერ კი ბავშვები და მოხუცებიც გადაჰყავდათ.
უძველესი ნაკვალევის ზომისა და ფორმის ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტვირთგადამზიდს ძველად ზრდასრულები მიათრევდნენ, ხოლო ბავშვები მათ ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. ამის შესახებ ვარაუდები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ხის სწრაფი დაშლის გამო დღემდე მტკიცებულება არ მოგვეპოვებოდა. ახლად აღმოჩენილმა კვალმა პირველად აჩვენა, როგორ გადაჰქონდათ ადამიანებს მძიმე ნივთები ბორბლების გამოგონებამდე.
გათხრები 2020 წელს დაიწყო. უაით-სენდსში ეს უძველესი ნაკვალევები გამშრალ ტალახშია შემონახული, რომელიც მოგვიანებით დანალექით დაიფარა. ტვირთის გადაზიდვის კვალი 50 მეტრამდე სიგრძის ხაზების სახითაა მოღწეული. ზოგიერთი მათგანი ცალკეული ხაზია, რომელიც, სავარაუდოდ, A-ს ფორმის კონსტრუქციამ დატოვა. ზოგი ორი პარალელური ხაზის სახითაა წარმოდგენილი, რაც X-ის ფორმის კონსტრუქციაზე მიუთითებს.
დიდი ვაკეების მკვიდრი ხალხი უფრო პირველ მათგანს იყენებდა, რომელსაც შუაში ნივთების დასამაგრებლად ძის მოკლე ძელები ან ბადეები ჰქონდა მიმაგრებული. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ უძველესი ხალხიც მსგავს მეთოდს მიმართავდა, რაც ექსპერიმენტმაც დაადასტურა. მათ მსგავსი კონსტრუქცია შექმნეს და ტალახიან ზედაპირზე გაატარეს, რამაც ისეთივე კვალი დატოვა, როგორიც ნიუ-მექსიკოში აღმოაჩინეს.
ამავე მეცნიერებმა სხვა კვლევაში უაით-სენდსის ნაფეხურები 21 000-23 000 წლის წინანდელ პერიოდს მიაკუთვნეს. ეს ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ 13 000-16 000 წლის წინ მოხვდნენ, მაგრამ ასეთი დათარიღების სისწორეში ყველა მეცნიერი არაა დარწმუნებული.
ასეა თუ ისე, უკანასკნელი მიგნება ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი მოსახლეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
კომენტარები