რა ვქნათ, თუ დიდთოვლობისას სახლში, გარეთ ან მანქანაში მოვყევით — რჩევები

ფოტო: Panorama Bakhmaro / პანორამა ბახმარო
დიდთოვლობა საკმაოდ მოუხერხებელია, თუმცა ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მომზადებულები არ დავხვდებით.
ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენად სარისკო იქნება დიდთოვლობა თითოეული ადამიანისთვის. გასათვალისწინებელია როგორც ხელმისაწვდომი რესურსები (რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულად მწირია), ასევე არაპროგნოზირებადი გარემოებები და სამაშველო სისტემის გაუმართაობაც.
მოდით, განვიხილოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია საკუთარი ძალებით, თუ დიდთოვლობასთან გამკლავება გვიწევს სახლიდან, გარეთ და ტრანსპორტში. ამინდის ეროვნული სერვისი (აშშ-ის NOAA-ს ქვედანაყოფი) შემდეგ მითითებებს გასცემს:
თუ სახლში ჩარჩით
არ გახვიდეთ გარეთ, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს. თუკი სახლის გასათბობად შეშის ღუმელს, ელექტროგამათბობელს ან რაიმე მსგავს საშუალებას იყენებთ, სახანძრო უსაფრთხოების წესები დაიცავით და სივრცე სათანადოდ გაანიავეთ. თუკი გასათბობად გაზის რადიატორს იყენებთ, ფრთხილად გაიხედეთ გარეთ და დარწმუნდით, რომ ნამწვის მილი თოვლით არ იყოს დაფარული.
თუ მწვავე ჰიპოთერმიის რისკი არ გაქვთ, გასათბობად არ გამოიყენოთ გაზქურა — ეს ნახშირჟანგით (CO) მოწამვლისა და სიკვდილის რისკს ქმნის. CO-თი მოწამვლის რამდენიმე ნიშანია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, კოორდინაციის დარღვევა.
თუკი გათბობაზე ხელი აღარ მიგიწვდებათ:
- დაკეტეთ ყველა არასაჭირო ოთახის კარი, რათა სითბო არ გაიფანტოს;
- კარის ქვეშ პირსახოცები ან ხალიჩა ჩატენეთ;
- ჩამოუშვით დარაბები და ჩამოაფარეთ ფარდები, რომ სითბო შეაკავოთ;
- მიიღეთ წყალი (გამოიზოგეთ, რამდენიც მოგეპოვებათ); მოერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლურ სასმელებს, რათა გაუწყლოება აირიდოთ თავიდან;
- რამდენიმე ფენად ჩაიცვით ფართო, მსუბუქი, თბილი სამოსი; თუ დაგცხებათ, ტანსაცმლის ნაწილი გაიხადეთ, რომ გადახურება და ოფლიანობა არ დაგეწყოთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით უფრო შეგცივდებათ).
თუ გარეთ აღმოჩნდით
ტემპერატურის დავარდნის რისკი ყველაზე მაღალი სწორედ ამ შემთხვევაშია, ამიტომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ:
- მოძებნეთ თავშესაფარი: მნიშვნელოვანია, რომ არ დასველდეთ;
- თუ ახლომახლო არაფერია თავის შესაფარებლად: ეცადეთ, ერთგვარი ფარდული, კედელი ან თოვლის "გამოქვაბული" შექმნათ — ეს ქარისგან დაგიცავთ; თუ მოახერხებთ, ცეცხლი დაანთეთ და გარშემო ქვები შემოაწყვეთ — ეს სითბოს შთანთქავს და აირეკლავს;
- თუ მოგწყურდებათ, თოვლი გამდნარი მიიღეთ: თოვლის ჭამით თქვენი სხეულის ტემპერატურა დაეცემა, ამიტომ ჯობია იგი გაადნოთ (თუ, რა თქმა უნდა, სითბოს წყარო მოგეპოვებათ);
- ეცადეთ იმოძრაოთ: დროდადრო ხელები, ფეხები და თითები ამოძრავეთ, რათა სისხლის მიმოქცევა შეინარჩუნოთ და ოდნავ მაინც გათბეთ;
- ზომიერად დაიტვირთეთ: თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მოერიდეთ თოვლის გადაყრას, მანქანის მიწოლას ან მაღალ თოვლში სიარულს — სიცივესთან ერთად სხეულის დაძაბვამ, შესაძლოა, გულის შეტევა გამოიწვიოს; ამასთანავე, თუ გაოფლიანდებით, სხეული სითბოს უფრო მალე დაკარგავს (ანუ უფრო შეგცივდებათ) და ჰიპოთერმია გამძაფრდება.
თუკი დიდთოვლობაში მანქანით გაიჭედეთ
დიდთოვლობისას მანქანაში ჩარჩენა ემოციურად საკმაოდ რთული და დამღლელი შეიძლება იყოს. ფიზიკური უსაფრთხოებისთვის შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
- დარჩით შიგნით, თუ გადმოსვლა აუცილებელი არაა: ქარისა და სიცივის გამო ორიენტირების უნარს მალევე დაკარგავთ;
- სითბოსათვის ყოველ საათში ერთხელ 10 წუთით ამუშავეთ ძრავა. ამ დროს ნახშირჟანგით მოწამვლის რისკია, ამიტომ პარალელურად ცოტათი ფანჯარა უნდა შეაღოთ;
- გამოსაბოლქვ მილს თოვლი მოაშორეთ, რომ გაზით არ მოიწამლოთ;
- ეცადეთ, სხვებმა შეგნიშნონ: ძრავის ჩართვისას შიგნით სინათლეც აანთეთ; ანტენაზე ან კარზე კაშკაშა ფერის ქსოვილი მიამაგრეთ (სასურველია წითელი);
- როცა თოვა შეწყდება, კაპოტი ასწიეთ იმის მისანიშნებლად, რომ დახმარება გჭირდებათ.
თუკი მანქანით გადაადგილება აუცილებელია:
- იარეთ ნელა: შესაძლოა, გზა უბრალოდ სველი ჩანდეს, თუმცა ეს მოცურების რისკს არ ამცირებს;
- მართვის დაწყებამდე მანქანაზე თოვლი ან ყინული არ უნდა იდოს. მგზავრობისას მათმა ჩამოყრამ, შესაძლოა, საგზაო შემთხვევა გამოიწვიოს;
- ვინმეს თქვენი მდებარეობა აცნობეთ — სად მიდიხართ და რა გზით. თუკი კონტაქტზე ვეღარ გახვალთ, სხვებს ეცოდინებათ, სად მოგძებნონ;
- სახლიდან გასვლამდე ბოლომდე დატენეთ მობილური და გაიყოლეთ პორტატიული დამტენი (ე. წ. "ფოვერბანკი");
- ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ წყლის, საკვების, საჭირო მედიკამენტების მარაგი;
- თუკი მანქანა მოცურებას იწყებს: ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, შეწყვიტეთ პედალზე დაჭერა და ბორბლები შეაბრუნეთ იმ მიმართულებით, საითაც მანქანის წინა ნაწილი გინდათ წავიდეს. თუკი ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა (ABS) გაქვთ, მუხრუჭის პედალს დააწექით და ფეხი არ აუშვათ. ABS-ით აღჭურვილ მანქანაზე არასოდეს დააჭიროთ მუხრუჭს წყვეტილად;
- შეჩერდით, თუ გზას ვერ ხედავთ — თუკი გადაადგილების სასწრაფო საჭიროება არ დგას, მანქანა გვერდით გადააყენეთ და ხილვადობის გაუმჯობესებას დაუცადეთ. ჩააქრეთ ფარები, რომ სხვა მანქანა შეცდომით თქვენს კვალს არ გამოყვეს. ასე ავარიას აიცილებთ თავიდან.
თუკი თოვლში გადარჩენაზე მეტი რჩევის მიღება გსურთ, იხილეთ სტატიის სრული ვერსია: როგორ გადავურჩეთ (და გადავარჩინოთ სხვები) დიდთოვლობას
კომენტარები